ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
დეფაქტო აფხაზეთის მრავალწლიანი პრობლემები - მაინინგი და ენერგოკრიზისი
31 დეკემბერი, 2020

„კომერსანტი“ გთავაზობთ EKHOKAVKAZA-ს  სტატიის ქართულ ვერსიას, სადაც გამოყენებულია ოკუპირებულ რეგიონში მოქმედი ტოპონიმები და ტერმინები, რომელთაც რედაქცია არ იზიარებს.

მცირე ხნით,  აფხაზეთის მოსახლეობამ თითქოს ამოისუნთქა - რუსეთიდან ელექტროენერგიის მიღების დაწყების შემდეგ ნორმალური ენერგომომარაგება აღდგა. თუმცა, ცოტა ხანში ეს სიმშვიდე დასრულდა.

რამდენიმე დღეში სოხუმის ერთ-ერთ ქვესადგურზე ავარია მოხდა, რომელმაც უშუქოდ თითქმის მთელი ქალაქი დატოვა. ამან, ყველაფერთან ერთად წყალსაქაჩების მუშაობაც შეაჩერა და ქალაქი შემდეგ დილამდე წყლის გარეშეც დარჩა.

პარალელურად, ელექტროენერგიის გათიშვებიც განახლდა, ოღონდ წინა კვირებთან შედარებით ბევრად უარესად - ადრე განრიგი მაინც მოქმედებდა და ეს მოსახლეობის სიტუაციასთან ადაპტირების შესაძლებლობას აძლევდა.

გათიშვების ახალი ტალღა დაიწყო, ქაოტური და უსისტემო - ზოგ ადგილას შუქი შეიძლება საერთოდ არ გაითიშოს 2-3 დღის მანძილზე, ზოგან კი ადგილობრივებს სიბნელეში რამდენიმე საათით ყოფნა უწევთ.

ეს ხდება იმ პირობებში, როდესაც ელექტროენერგია დეფიციტი არაა - რუსეთიდან დღეს აფხაზეთში ენერგიის საკმარისი მოცულობა მოდის. განახლებული ენერგოკრიზისის მიზეზი იგივეა, რაც მანამდე იყო - ჭარბი მოხმარება და ენერგოსისტემის უკიდურესი გადატვირთულობა.

სახელმწიფო კომპანია „ჩერნომორენეგრომ“ განაცხადა, რომ ამის გამო ენერგომომარაგება დროებით იმ რაიონებს შეუწყდებათ, სადაც გადატვირთულობა კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს - ანუ, უსისტემოდ, ქაოტურად, ისე, რომ არავინ იცის, შემდეგი ვინ იქნება.

„ჩერნომორენერგოს“ პრეს-მდივნის ალხას გაგულიას თქმით, ვითარება ძალიან მძიმეა - სოხუმში ენერგოსისტემა თითქმის ყველა რაიონში შესაძლებლობების ზღვარზე მუშაობს.

„საშინელი გადატვირთულობაა სოხუმში. ზოგ ადგილას ფიდერები ავტომატურად ითიშება, ზოგან კი ჩვენი ოპერატორები თიშავენ. რუსეთმა ენერგია იმ პირობით მივიღეთ, რომ მოხმარებას შევამცირებდით. გარკვეული დროით ჩვენ ეს მართლაც მოვახერხეთ, თუმცა, მოგვიანებით მაინერები ისევ ამოქმედდნენ. თანაც ბუნებრივი დატვირთვა ცივი ამინდის გამოც გაიზარდა.  დღეს ჩვენ თათბირი ჩავატარეთ, და გადაწყვეტილებაც მივიღეთ - მკაცრ რეჟიმს ვუბრუნდებით, და კრიპტოვალუტის მომპოვებლებს ქსელიდან ისევ ჩამოვჭრით“ - განაცხადა მან.

მისი თქმით, განრიგზე გადასვლა არ განიხილება, რადგანაც, ვითარება სხვადახხვა რაიონში განსხვავებულია - ზოგ ადგილას ენერგოსისტემა ნორმის ფარგლებში მუშაობს, ამიტომაც იქაური მოსახლეობა სხვისი დანაშაულის გამო არ უნდა ისჯებოდეს.

„მაინერებთან დაკავშირებით ბევრი სირთულეა. მსხვილი ფერმები ჩვენ უკვე გავთიშეთ, და ისინი პრობლემას არ ქმნიან, მაგრამ მცირე მაინერებს, რომლებიც სახლებში იმალებიან,  ჩვენ ვერ ვხედავთ. 5-10 აპარატი მუშაობს, თავისთავად ეს ბევრი არაა ერთი ფერმისთვის, თუმცა, ჯამურად ყველაზე დიდ პრობლემას ენერგოსისტემას სწორედ ისინი ქმნიან. ამიტომაც ჩვენ შეზღუდულები ვართ - მაგალითად, როდესაც ვხედავთ სადღაც ჭარბ მოხმარებას, სახლში შესვლის უფლება მაინც არ გვაქვს. ეს ჩვენს უფლებამოსილებაში არ შედის - ვერ შევალთ კერძო სახლში და ვერ შევამოწმებთ, მუშაობს თუ არა იქ კრიპტოვალუტის მომპოვებელი მანქანა. ეს სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა გააკეთონ“ - ამბობს ალხას გაგულია.

ფაქტია, რომ აფხაზეთის მთავრობის მიერ კრიპტოვალუტის აკრძალვამ, და მაინერების წინაამღდეგ ბრძოლამ შედეგი მხოლოდ ნაწილობრივ გამოიღო - საბოლოო ჯამში, ფერმების ნაწილის დახურვის მიუხედავად, ენერგოსისტემას მაინც არ ეშველა.

ალბათ გასაგებიცაა რატომ - ბიტკოინის ფასმა ხომ უკვე 27 000 დოლარს მიაღწია.

ekhokavkaza.com

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.