ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბისიის ჩანჩქერის და ატენის ხეობის ტურისტული ზონის პროექტით შესაძლებელია „ჯინო ფერედაისი“ დაინტერესდეს – განვითარების 3 D მაკეტის ვიდეო
04 ივლისი, 2019

გორში, ბისიის ჩანჩქერი და ატენის ხეობა ინვესტორის მოლოდინშია. როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიის ტურიზმის განყოფილების უფროსი რობერტ მაღლაკელიძე „კომერსანტთან“ აცხადებს, მისი ინიციატივით უკვე მომზადებულია ტენის და ატენის ხეობების განვითარების 3 D მაკეტი.

მაღლაკელიძის ინფორმაციით, ფაქტობრივად ეს არის ულამაზესი ადგილი და რაც მთავარია, არის უნიკალური კლიმატური ზონა. ეს არის სამკურნალო ტერიტორია, სასუნთქი გზების, ფილტვის დაავადებების სამკურნალოდ.

„ადგილზე მისასვლელი გზა და ცეტრალური მაგისტრალი გაკეთებულია. ამის შემდეგ შესაძლებელია გაკეთდეს პატარ-პატარა ხიდები, მოეწყოს სასტუმრო ინფრასტრუქტურა, კოტეჯები. საუბარია, ჯამში, დაახლოებით 8 ჰექტარ ტერიტორიაზე. ეს ტერიტორია რომ ისე განვითარდეს როგორც წარმოგიდგვენია, ტურისტებისთვის საკმაოდ მიმზიდველი იქნება“-აცხადებს მაღლაკელიძე.

გორის მერია პროექტს საინვესტიციო ღირებულებას უსახსრობის გამო ვერ ახორციელებს, თუმცა, მზა მაკეტს ინვესტორებს სთავაზობს. მაღლაკელიძე აცხადებს, რომ პროექტით უკვე დაინტერესდა რამდენიმე ინვესტორი. საკითხს განიხილავს ,,ჯინო ფერედაისის“ მფლობელი ნოდარ გიორგაძეც.  „ პირადად ველაპარაკე „ჯინო ფერედაისის“ მეპატრონეს. ჩვენ გვაქვს უნიკალური ბიისის წყლები, რომელიც ფტორის დიდ რაოდენობას შეიცავს. საბოლოოდ, გორის მერი და გიორგაძე ჯერჯერობით  ერთმაენთს ვერ შეხვდნენ, რათა დეტალებზე ისაუბრონ“-აცხადებს მაღლაკელიძე.

მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანია ერთი საკითხიც— ბიისის წყლები წინა ხელისუფლების დროს კერძო მფლობელობაში გადავიდა.

„არ ვიცი გაყიდია თუ იჯარით გაიცა. მის მფლობელს ვერანაირად ვერ მივაკვლიეთ. თუ დაინტერესდა ინვესტორი, მერე უკვე ყველაფრის მოძიება შეიძლება,“-აცხადებს მაღლაკელიძე.

გორის მუნიციპალიტეტში არსებულ ატენის ხეობაში არსებული ბიისის ჩანჩქერის განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში , რომ იგი ყოველ ზამთარს იყინება. ეს არის ერთადერთი, მსგავსი  ჩანჩქერი საქართველოს ტერიტორიაზე არ არსებობს. მისი სიგრძე 50 მეტრს აღწევს და ყინულიც იმდენად სქელია, რომ თებერვლის დასაწყისში აქ იმართება კედელზე ცოცვის ფესტივალი, რომელშიც ქვეყნის საუკეთესო მთამსვლელები და მოყვარულები მონაწილეობენ.

ბიისის ჩანჩქერის სახელწოდება მისი მდებარეობიდან გამომდინარეობს. იგი სოფელ ბიისიდან სულ რაღაც 4 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს მდინარე ტანასთან ახლოს. სოფლიდან ჩანჩქერამდე  სამანქანო გზა მხოლოდ 3 კილომეტრზეა.

Commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.