ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რედკომ წელს გუდაურში რედისონის გახსნა გადადო
23 მარტი, 2021

„სასტუმროს ექსპლუატაციაში გაშვება და ხარჯის გაწევა, როდესაც ტურისტი არ არის ქვეყანაში, არაკომერციული გადაწყვეტლება იქნებოდა. რედისონის გახსნას გუდაურში წელსაც ვგეგმავდით, მაგრამ ახლა ტურისტულ ციკლზე ვართ დამოკიდებული,“ - ამის შესახებ „კომერსანტთან“ დეველოპერული კომპანია „რედკოს“ იურისტმა მალხაზ კუნელაურმა ისაუბრა.

როგორც ცნობილია დეველოპერული კომპანია პროექტ „ახალი გუდაურის“ ფარგლებში სასტუმროს ტიპის საცხოვრებელ სახლებს აშენებს, ასევე ადგილზე მიმდინარეობს რედისონის ბრენდის სასტუმროს მშენებლობაც. 2019 წელს „რედკომ“ სამშენებლო სამუშაოების შესრულება სამშენებლო კომპანია „ანაგს“ გადააბარა, რომელიც, მათი თქმით, პასუხისმგებელია „რადისონ ბლუ გუდაურის“ და სხვა პროექტების მშენებლობასა თუ  ხარისხზე.

„რედისონ ბლუ გუდაური“ აშენებულია, მთლიანი შენობა დასრულებულია, მოქცეულია სახურავის ქვეშ, აქვს ფასადი და შემინულია, ახლა დასასრულებელია შიდა სამუშაოები. მის გახსნას წელსაც ვგეგმავდით, მაგრამ სამუშაოების ტემპი შევანელეთ იმიტომ, რომ ტურისტული თვალსაზრისით ასეთი სიტუაცია გვაქვს ქვეყანაში . ეს გრძელვადიანი ინვესტიციაა. ასეთი მსხვილი სასტუმროს გახსნა მიზანშეწონილია იმ პერიოდისთვის, როცა ტურისტი შეძლებს დასვენებას, წელს არ გაიხსნება,“ - განმარტავს მალხაზ კუნელაური.

რაც შეეხება „ახალი გუდაურის“ პროექტს და მისი დასრულების სავარაუდო ვადას -  2023 წელია ნავარაუდევი, იმის გათვალისწინებით, თუ რა ეპიდსიტუაცია და მოთხოვნა იქნება ბაზარზე. როგორც „რედკოში“ ამბობენ, 8 მარტს დაწყებული ზამთრის სეზონი ჯერჯერობით მხოლოდ ბინების გაქირავების ტემპებზე აისახა, ხოლო გაყიდვების კუთხით სიტუაცია უცვლელია და კვლავ შემცირებული.

„რაღაც აქციებს ვაკეთებთ გუდაურის ბინებზე, ზოგადად ფასები არ შეგვიმცირებია. ვინაიდან სეზონი  ძალიან დაგვიანებით დაიწყო, 10-მა დღემ  იმის სტიმულირება მოახდინა, რომ ტურისტული ნაკადი გააქტიურდა და მხოლოდ გაქირავების სერვისი გაუმჯობესდა. ვერ ვიტყვით, რომ ამ პერიოდმა რამე ხელშესახები ეფექტი იქონია. ფაქტიურად სეზნი იწურება და ისეთი კლიმატური პირობებიც აღარ არის. გაყიდვებს რაც შეეხება, ამ მიმართულებითაც აღსაქმელი და ხელშესახები შედეგი არ გვქონია. პროექტები, რომლებიც გვქონდა დაწყებული, მათგან  2 პროექტი დავასრულეთ - ჯამში 500 ნომრიანი აპარტოტელი. გაზაფხულიდან სამუშაოები ისევ განახლდება. კომპლექსის მშენებლობის ტემპი იქნება იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება ბაზარზე მოთხოვნა. ახალი გუდაურის პროექტის დასრულებას 2023 წლისთვის ვგეგმავთ და იმედი გვაქვს ქვეყანა სწრაფად დაიბრუნებს ტურისტულ ბაზარს. აუცილებელია ეს აღდგენის პროცესები სწრაფად დაიწყოს,“ - ამბობს მალხაზ კუნელაური.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.