ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საახალწლო ტურისტული ბუმი დეფაქტო აფხაზეთში
12 იანვარი, 2021

„კომერსანტი“ გთავაზობთ EKHOKAVKAZA-ს  სტატიის ქართულ ვერსიას, სადაც გამოყენებულია ოკუპირებულ რეგიონში მოქმედი ტოპონიმები და ტერმინები, რომელთაც რედაქცია არ იზიარებს.

საახალწლო დღესასწაულებზე აფხაზეთში ამ დროისთვის უჩვეულოდ ბევრი რუსი ტურისტია.

გასაგებიცაა რატომ  - პირველ რიგში იმიტომ, რომ პანდემიამ რუსეთის მოქალაქეებისთვის ღია ქვეყნების რაოდენობა მკვეთრად შეამცირა. მათ შორისაა, მაგალითად, ზანზიბარი, თუმცა, ეს ძალიან შორსაა და იქ ჩასვლა დიდ დანახარჯებს მოითხოვს.

აფხაზეთი კი - ახლოსაა, და ბევრად უფრო იაფია. თანაც, როგორც ეს ხშირად ხდება, რუსი დამსვენებლები ძირითადად სოჭის რეგიონს სტუმრობენ, ხოლო აფხაზეთში ერთი დღით ჩამოდიან.

მეორე ფაქტორია ამინდი. დეკემბრის ბოლოს და იანვრის დასაწყისში აფხაზეთში მზიანი და თბილი ამინდი იყო, ჰაერის ტემპერატურა კი +17 გრადუსამდე ადიოდა. სავარაუდოდ, ასეთი სითბო 10 იანვრამდე გაგრძელდება, რაც რუსი ტურისტებისთვის ძალიან კარგი ახალი ამბავია.

სოხუმის ერთ-ერთი უმსხვილესი სასტუმრო „ინტერ-სოხუმი“ ამ დღეებში 70-80% შევსებულია, რაც ამ სეზონისთვის უჩვეულოა. რიწის ეროვნული ნაკრძალი, რომელიც აფხაზეთის ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ობიექტად ითვლება, უკვე 1 იანვარს დილით 500-ზე მეტმა ტურისტმა მოინახულა. 2 იანვარს კი - 2000-ზე მეტმა.

რა თქმა უნდა, ივლის-აგვისტოში ეს მაჩვენებელი გაცილებით დიდია - 5000-ზე მეტი, თუმცა, ზამთრისთვის ესეც ძალიან ბევრია. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ნაკრძალისკენ მიმავალ გზაზე საცობები წარმოიქმნა, რაც ასევე არასდროს ყოფილა ზამთარში.

აფხაზეთის ტურიზმის სამინისტროს ინფორმაციით, 5 იანვრის ჩათვლით რიწის ტყე-პარკი 10 000-ზე მეტმა ადამიანმა მოინახულა, მაშინ როდესაც 2020 წლის ანალოგური პერიოდში - 5 541.

ზრდა ასევე ობიექტის შემოსავალზეც აისახა - 2021 წლის პირველ 5 დღეში ამ მაჩვენებელმა 3,1 მლნ., ხოლო 2020 წლის მთელი იანვრის მანძილზე - 3,6 მლნ. რუბლი შეადგინა.

მოულოდნელ ტურისტულ ბუმს მოსახლეობის ის ნაწილი, რომლის შემოსავლების ტურიზმზე არაა დამოკიდებული, სიფრთხილით შეხვდა. რა თქმა უნდა, მათ პირველ რიგში კორონავირუსის გავრცელების ზრდის პერსპექტივა აშინებთ. რუსი ტურისტები აფხაზეთში ყოველგვარი შემოწმების და კონტროლის გარეშე შემოდიან. აგვისტოში ტურისტულმა ბუმმა აფხაზეთში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობის ნახტომისებრი ზრდა გამოიწვია.

მას შემდეგ რამდენიმე თევა გასული, თუმცა, აგვისტოში დაწყებული დაინფიცირების ზრდა დღესაც არაა დასრულებული - ყოველდღიურად დაავადებულთა რაოდენობა 100-120, ზოგჯერ 140-ს აჭარბებს, ასევე 2-3 პაციენტი იღუპება.

თუმცა, იმათთვის, ვისი ფინანსური კეთილდღეობაც ტურიზმზეა დამოკიდებული ეს ძლიერი არგუმენტი არაა - სიღარიბე და უფულობა მათ კორონავირუსზე მეტად აშინებთ.

EKHOKAVKAZA.COM

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.