ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
უცხოელებისთვის მე-3 დღეს PCR ტესტი სავალდებულოა - 4-დან 3 კურორტზე ლაბორატორია არაა
02 მარტი, 2021

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 25 თებერვლიდან ზამთრის კურორტებზე, სასტუმროებს მუშაობის საშუალება მიეცათ, ხოლო 8 მარტიდან უკვე საბაგიროებიც ჩაირთვება. მიუხედავად იმისა, რომ სეზონი დასასრულს უახლოვდება, ტურიზმის ინდუსტრიას ტურისტების მიღების მცირე იმედი მაინც აქვთ. ამასთან, ცნობილია, რომ მთავრობის გადაწყვეტილებითვე, ტურისტმა, რომელიც ხელისუფლების მიერ ნებადართული სახელმწიფოდან შემოვა, საზღვარზე ნეგატიური PCR-ტესტის პასუხი უნდა წარადგინოს, ხოლო ქვეყანაში შემოსვლიდან მესამე დღეს უკვე ტესტის განმეორებით აღების ვალდებულება აქვს.

BM.GE 26 თებერვლიდან ცდილობს, გაარკვიოს, თუ სად შეუძლია უცხოელ ტურისტს განმეორებით ტესტის აღება, თუკი ოთხიდან საქართველოს რომელიმე ზამთრის კურორტზე იმყოფება.

სამი დღის წინ ჯანდაცვის სამინისტროში თქვეს, რომ ბაკურიანსა და მესტიაში, ტესტის აღება შესაძლებელი იყო, ხოლო გუდაურში დღეიდან, 8 მარტიდან ამოქმედდებოდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, რომელიც უცხოელ ვიზიტორებს ამ კუთხით მოემსახურებოდა.

დღეს კი გადავამოწმეთ და აღმოჩნდა, რომ საქართველოში, 4-დან 3 კურორტზე PCR-ტესტის აღება კვლავ შეუძლებელია და უცხოელმა ვიზიტორმა ან - დედაქალაქში ან კურორტთან არსებულ უახლოეს საზოგადოებრივ ცენტრში უნდა აიღოს ტესტი.

თემაზე მუშაობისას bm.ge-მ მთავრობის სპეციალურ ცხელ ხაზზეც (144) დარეკა. ოპერატორები ამბობენ, რომ, მაგალითად, ბაკურიანში ნამდვილად არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ტესტი, თუმცა იქ მხოლოდ სწრაფი ტესტის აღებაა შესაძლებელი, ხოლო PCR-ტესტისთვის მოქალაქემ ბორჯომის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს უნდა მიმართოს, რადგან ის კურორტთან ყველაზე ახლოს არის.

რაც შეეხება გუდაურს, მცხეთა-მთიანეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, გუდაურში სინჯის ამღები ლაბორატორია არ არის და ასეთი არსებობის შემთხვევაში, მას აუცილებლად შეატყობინებდნენ ანუ უცხოელი ვიზიტორი PCR ტესტს ვერც გუდაურში აიღებს.

რაც შეეხება მესტიას, 144-ის ოპერატორებმა განგვიმარტეს, რომ კურორტზე ჩასულ ვიზიტორებს ორ კლინიკაში შეუძლიათ მისვლა და PCR ტესტის აღება - საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრსა და მესტიის საავადმყოფოში.

კიდევ ერთი კურორტი, რომელიც ტურისტების ინტერესს იწვევს, გოდერძია. BM.GE-ის აჭარის დაავადებათა კონტროლის ცენტრში უთხრეს, რომ მაღალმთიან აჭარაში მდებარე კურორტზე ჩასულ უცხოელებს ფასიანი PCR-ტესტის ასაღებად უახლოეს ამღებ ლაბორატორიაში მოუწევთ მისვლა, რომელიც ხულოში მდებარეობს.

გამომდინარე იქიდან, რომ ზამთრის 4 კურორტიდან PCR ტესტის ჩატარების საშუალება მხოლოდ 1 კურორტზეა, ეს პრობლემად მიაჩნიათ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს. მათ შორის ერთ-ერთია Inn Group-ის აღმასრულებელი დირექტორი ერეკლე კოკაია. მისი თქმით, სექტორის წარმომადგენლებისთვის კურორტებზე PCR-ტესტების ამღები ლაბორატორიების არარსებობა სერიოზული პრობლემაა და ამ საკითხის მოგვარება აუცილებელია, რომ „ისედაც ცოტა ტურისტი სულ არ დაიკარგოს“.

„ჩვენ გვქონდა ასეთი შემთხვევა - ტურისტი დაინტერესდა, შეძლებდა თუ არა მესამე დღეს ტესტის აღებას გუდაურში და იმის გამო, რომ ეს არ შეუძლია, გეგმავს სამი დღით თბილისში დარჩეს და მერე ამოვიდეს გუდაურში. გამოდის, რომ ვკარგავთ ტურისტს. ეს არასასიამოვნოა, რადგან უცხოელი ისედაც ცოტა გვყავს, ამიტომ მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი ტურიზმის აღდგენას; მათ კომფორტი უნდა შევუქმნათ“, - ამბობს ერეკლე კოკაია.

მისივე თქმით, სექტორის მოთხოვნა ძალიან მარტივი შესასრულებელია. კერძოდ, შესაძლოა, ზამთრის კურორტებზე არსებობდეს მობილური ლაბორატორია, რომელიც ტურისტებს მოემსახურება.

„არაფერი რთული შესასრულებელი ეს არ არის. შესაძლებელია, იყოს რამდენიმე პატარა ლაბორატორია, სადაც შესაძლებელია pcr-ტესტის გაკეთება. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი მაქსიმუმ 8 მარტამდე უნდა მოგვარდეს, რადგან, მაგალითად, გუდაურში სწორედ ამ დროიდან ველოდებით მოთხილამურეებს; მათ შორის ძალიან ცოტა, მაგრამ მაინც იქნებიან უცხოელები. ყველა იმ წერტილში, სადაც ტურისტებს გაუჭირდებათ, რომ აქეთ-იქით იარონ ტესტის ასაღებად, აუცილებელია, მცირე ლაბორატორიების მოწყობა ტურიზმის აღდგენის ხელშესაწყობად“, - განაცხადა კოკაიამ.

როგორ აპირებს მთავრობა აღნიშნული თემის მოგვარებას, ჯერჯერობით, უცნობია. ფაქტია, ჯანდაცვის სამინისტროს დაპირების მიუხედავად, დღეს ზამთრის კურორტებზე PCR ტესტების აღება შეუძლებელია. Bm.ge ეკატერინე ტიკარაძის უწყებას დღესაც დაუკავშირდა და მათ განმარტებას, ასეთის არსებობის შემთხვევაში, აუცილებლად შემოგთავაზებთ.


bm.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.