ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ვაჩნაძიანის ტურისტული პოტენციალი
21 მარტი, 2017

დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლებმა ვაძნაძიანის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები მოინახულეს და მათ ისტორიას გაეცნენ.

ვაჩნაძიანის უძველესი ძეგლებმა, მისმა ხელსაყრელმა მდებარეობამ, რომელსაც ულამაზესი ხედები ახლავს თან, შეუძლებელია ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი სტუმარი გულგრილად დატოვოს.

ჩვენი მიზანია, ჩვენი ლამაზი კუთხის თითოეული ღირსშესანიშნავი ადგილი გავაცნოთ ტურისტებს.

ალბომში შეგიძლიათ იხილოთ:
1. ვაჩნაძიანის 'პალატები' - ვაჩნაძიანის სასახლე, რომელიც თარიღდება IX საუკუნით. გეგმით სწორკუთხა ნაგებობა მაღლობზე დგას და მის წინ ალაზნის ველის ულამაზესი ხედი იშლება. სასახლე ორ სართულიანია და ორივე სართული სამ ნაწილიანია. პირველ სართულზე სავარაუდოდ ძირითადი საცხოვრებელი იყო, ხოლო მეორე სართულზე ფართო თაღებიანი დარბაზი - საზეიმო შეკრებებისთვის. შემორჩენილია ორ სხვა და სხვა ოთახში დიდი ბუხრები. რიყისა და ნატეხი ქვით ნაგები სასახლე ამჟამად დაზიანებულია, ჩამონგრეულია კამარები და კედლების ზედა ნაწილები, მიდამო დაფარულია ჯაგნარით. ნაგებობას ესაჭიროება გაწმენდა და გამაგრება, შესაკეთებელი და გადასახურია კედლები, გასაწმენდია მიდამო ხშირი მცენარეული საფარისაგან.
ისტორიულად, პალატების ისტორია ჯანდიერების გვარს უკავშირდება.

2. ვაჩნაძიანის ყველაწმინდა - ქართული მართლმადიდებლური მონასტერი, VI-VII საუკუნეებში იქ სამეკლესიიანი ბაზილიკა მდგარა. ჩამოზვავებულ მიწას ჩაუტანია ნაგებობის დასავლეთი ნახევარი (შემორჩენილია ნანგრევები). შემდეგ, VIII საუკუნის დასასრულსა და IX საუკუნის დასაწყისში, აუგიათ ყვალაწმინდის გუმბათოვანი ეკლესია. ნაშენია რიყის ქვითა (კედლები, ზოგი კამარა, კონქები) და აგურით (ზოგი თაღი და კამარა, გუმბათის ყელი, ტრომპები და სხვა). სამონასტრო ნაგებობათაგან შემორჩენილია აგრეთვე სატრაპეზოსა და სხვა შენობათა ნანგრევები. გუმბათიანი ეკლესიის სამხრეთით რამდენიმე ოთახია, მათგან ერთი - გეგმით კვადრატული, ყრუკედლებიანი სათავსი ზემოდან ნათდებოდა. სავარაუდოა, რომ აქ მონასტრის ბიბლიოთეკა იყო. აქვეა წყაროს კამაროვანი ნაგებობა. მონასტრის მაღალ გალავანს დასავლეთ მხარეს ჰქონდა ჭიშკარი.
სწორედ აქ არის გადაღებული, ქართული მხატვრული ფილმი, "ხარება და გოგია".

3. დიდწრუბელის ტბა - ტბა სოფელ ვაჩნაძიანის დასავლეთით 7 კილომეტრზე, პატარა ქვაბულში მდებარეობს. 
ტბის ფართობი 2 ჰექტარია, ხოლო სიღრმე კი 5-6 მეტრი. ტბა ბუნებრივი და გამდინარეა , მიწის წიაღიდან ამოდის გოგირდოვანი წყალი, რომელიც მასში გროვდება .ტბაში ძირითადად წურბელები ბინადრობენ. დიდი რაოდენობითაა წყლის კუ. ყველაზე მნიშვნელოვანი რაცაა, ტბაში გვხვდება მცირე აზიური ტრიტონი, რომელიც გადაშენების პირასაა. ადრე ამ ტბიდან ამოჰყავდათ წურბელები და ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში ყიდიდნენ. სწორედ ამ ტბიდან დაახლოებით ერთი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს ზემოთ ნახსენები მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლები: ვაჩნაძიანის ყველაწმინდის სამონასტრო კომპლექსი, პალატები და ყოვლადწმინდა სამების ტაძარი.

დიდი მადლობა ბატონ ილია ლაშქარაშვილს.

დავით სონღულაშვილი გურჯაანის მაჟორიტარი / Davit Songhulashvili


ფოტოები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.