ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ქვემო ქართლი
ქვემო ქართლი
ქვემო ქართლი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოს სამხრეთ ნაწილში. მისი ფართობია 6901 კმ2. მხარე იყოფა 7 ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულად, ესენია: ქალაქი რუსთავი და გარდაბნის, ბოლნისის, მარნეულის, დმანისის, თეთრი წყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტები. აღმოსავლეთიდან ესაზღვრება კახეთი, ჩრდილოეთიდან – შიდა ქართლი და მცხეთა-მთიანეთი, დასავლეთით – სამცხეჯავახეთია, ხოლო სამხრეთით _ სომხეთი და აზერბაიჯანი. რეგიონი განლაგებულია ნახევრად უდაბნოს, მშრალი სუბტროპიკული და მაღალმთიანი ალპური ზონის საზღვრებში. ქვემო ქართლი საქართველოს ძირძველი, ბუნებრივი სიმდიდრითა და სილამაზით გამორჩეული მხარეა. რეგიონის ტერიტორიაზე მოპოვებული არქეოლოგიური მასალა კაცობრიობის განვითარების თითქმის ყველა ეტაპს მოიცავს: მსოფლიომ განსაკუთრებულ არქეოლოგიურ აღმოჩენად აღიარა პირველყოფილი ადამიანის ადგილსამყოფლისა და ჩონჩხის (ასაკი 1,8 მილიონი წელი) ნაწილების აღმოჩენა დმანისის ნაქალაქარზე; შუა ბრინჯაოს ხანაში აქ თრიალეთის დიდი ყორღანების კულტურა ყოფილა გავრცელებული; კაზრეთში, საყდრისის მთის ფერდობებზე ძვ. წ-ის IV ათ-ის II ნახევრის ოქროს მომპოვებელი უნიკალური მაღაროებია აღმოჩენილი. აქვე შეხვდებით V-VI საუკუნეებისა და მის შემდგომ პერიოდში ნაგებ და კარგად შემონახულ ისტორიულ ძეგლებს, ძველი წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეულის ნაქალაქარს და მრავალ სხვა ღირსშესანიშნაობას... ქვემო ქართლში სულ 650-ზე მეტი ისტორიული ძეგლია, რომელთაგან 300 სხვადასხვა ტურისტულ მარშრუტშია ჩართული.
 
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.