ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
კურორტი დმანისი
კატეგორიები
ჯავახეთსა და ქართლს შორის მდებარე საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე თრიალეთი ძველად წალკისა და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიას მოიცავდა და მესაქონლეობით და მემინდვრეობით იყო განთქმული. აღმოსავლეთ საქართველოს გზების გასაყარზე მდებარე რეგიონი დროთა განმავლობაში, მტრის განუწყვეტელი შემოსევების შედეგად, თითქმის მთლიანად დაცარიელდა, თუმცა მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობა შემოგვინახა: ასზე მეტი ეკლესია და ნანგრევი, ნაციხარნაქალაქარები, მღვიმე-ქვაბები, ლოდოვანი ნამოსახლარები, ქვის მონოლითები. ამიერკავკასიაში პირველი ადამიანიც სწორედ აქ, ისტორიულ თრიალეთში, დმანისის ტერიტორიაზე დასახლებულა. ეს დაახლოებით 1.800.000 წლის წინათ მოხდა. პირველი ევრაზიელი ჰომინიდების თავის ქალები და ყბის ძვლები 1999 და 2001 წელს დმანისის რეგიონში ჩატარებული გათხრების შედეგად აღმოაჩინეს. მეცნიერებმა მას Homo Georgikus-ი შეარქვეს.
 
2013 წელს საქართველოს დაცულ ტერიტორიებს ქვემო ქართლში მდებარე დაშბაშისა და სამშვილდის კანიონები შეემატა. კანიონებს მდინარე ხრამი ქმნის. მისი კალაპოტი გამომუშავებულია ვულკანურ (ბაზალტური ლავის) ქანებში, რომლითაც აგებულია მიმდებარე წალკის პლატო და ხრამის მასივი. ფერდობებზე მრავლადაა მიწისქვეშა წყლების გამოსასვლელები და ჩანჩქერები, ბუნებრივი და ადამიანის მიერ გამოკვეთილი გამოქვაბულები. კანიონი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ტურიზმის საუკეთესო ობიექტია, რადგან კანიონის ფერდობებზე კარგად ჩანს რეგიონის გეოლოგიური განვითარების ისტორია. დაშბაშის კანიონი ზღვის დონიდან 1500 მეტრზე მდებარეობს.
 
1. დმანისში 1936 წელს დაწყებული არქეოლოგიური კვლევითი სამUუშაოები დღესაც გრძელდება. აღმოჩენილია სხვადასხვა პერიოდის არაერთი კულტურული ფენა. 2007 წლიდან დმანისის არქეოლოგიური ძეგლები იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში შეიტანეს.
2. დაშბაშის კანიონი
3. ყელსაბამი. ოქრო, სარდიონი, ლაზურიტი, გიშერი, ქარვა. ძვ. წ. II ათას. I ნახ. ბრინჯაოს ხანაში თრიალეთში
გავრცელებული იყო თრიალეთის ყორღანული სამარხების კულტურა. ამ პერიოდის სამარხებში (ზურტაკეთში აღმოჩენილი ერთ-ერთი სამარხის ქვაყრილის დიამეტრი 100 მ, სიმაღლე 8 მ, ხოლო დასაკრძალავი დარბაზის შიგა ფართობი 150 მ2) აღმოჩენილია თიხისა და ლითონის ჭურჭელი, სპილენძის, ბრინჯაოს, ვერცხლის და ობსიდიანისა იარაღ-საჭურველი, ოქრო-ვერცხლის და ქვის სამკაული. ბევრი ნივთი ხელოვნების ნიმუშად არის აღიარებული.
 
მდებარეობა: საქართველოს სამხრეთი მთიანეთი, მდინარე მაშავერას (ხრამის აუზი) ორივე ნაპირი.
მანძილი: რუსთავიდან – 130 კმ, თბილისიდან – 120 კმ.
სიმაღლე ზღვის დონიდან: 1250 მ.
რელიეფი: მთაგორიანი.
კლიმატი: ზომიერად ნოტიო. ზამთარი ცივი. იანვრის საშუალო ტემპერატურა -2,70C. დეკემბრის შუა რიცხვებიდან მარტის ბოლომდე აღინიშნება თოვლის საფარი. ზაფხული ზომიერად თბილი. ივლისის საშუალო ტემპერატურა 18,20C.
ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 698 მმ.
ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 73%.
მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 1760 სთ.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: საშუალო მთის ქვედა სარტყლის ჰავა და დმანისის მიდამოებში არსებული სუსტად სულფიდური, ქლორიდულ-ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიანი, სუსტი ტუტე (PH-7,9) მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 0,4-0,8 გ/დმ3.
მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის მიღება (დალევა), პასიური კლიმატოთერაპია.
სამკურნალო ჩვენებები: გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები, ბრონქული ასთმა, ქრონიკული გასტრიტი, კოლიტი და ენტეროკოლიტი, ქრონიკული ჰეპატიტი, პიელონეფრიტი, ცისტიტი, შარდ-კენჭოვანი დაავადებები, რკინადეფიციტური ანემია.
 
ტექსტი: "საქართველოს 100 კურორტი“
გამომცემლობა "კლიო"



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.