ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
კურორტი მანგლისი
კატეგორიები
ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისში თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მთებით გარშემორტყმულ ფართო პლატოზე არსებობდა დასახლება ოძისი, რომელიც ალგეთის ხეობის ცენტრი და საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების ერთ-ერთი კერა იყო. 1795 წელს ძლიერი და მდიდარი ხეობა ირანელი დამპყრობლების სასტიკი ლაშქრობების შედეგად მთლიანად გაუკაცრიელდა. დღევანდელი დაბა მანგლისი უძველესი ოძისის ადგილზე XIX ს-ში გაჩნდა. თავდაპირველად ამ ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ნაწილების ბაზა იყო, სადაც ჯარისკაცები რეაბილიტაციას გადიოდნენ. განსაკუთრებულმა კლიმატურმა პირობებმა და წყაროებმა, რომლებიც მრავლად მოიპოვება დაბის ტერიტორიაზე, ჯერ კიდევ მაშინ მიიქცია ყურადღება. 1923 წელს მანგლისს ოფიციალურად მიანიჭეს კურორტის სტატუსი. იმავე წელს გაიხსნა პირველი დასასვენებელი სახლი ბავშვებისთვის, რომელსაც რამდენიმე წელიწადში ბავშვთა სანატორიუმი მიემატა. საბჭოთა პერიოდში დაბაში კვლავინდებურად ფუნქციონირებდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ბაზა - სამხედრო ქალაქი საბჭოთა ოფიცრებისთვის და მათი შვილებისთვის, რომელიც 30 ჰექტარზე იყო გადაჭიმული. მანგლისი დღეს საკურორტო დაბაა. კურორტის სანიტარიული ზონის ფარგლებში, მანგლისის პლატოს ირგვლივ მთების ფერდობებზე 200 ჰექტარზე გადაჭიმული ფიჭვის ტყეა. პლატო ღიაა სამხრეთისკენ, რაც ჰაერის ზომიერ ვენტილაციას უზრუნველყოფს. მანგლისის ზომიერად თბილი და მშრალი კლიმატი რეკომენდებულია სასუნთქი გზების დაავადებების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის. განსაკუთრებით სასარგებლოა გაზაფხულის მიწურული, ფიჭვის ყვავილობის და დამტვერვის დრო. დაბაში და მის შემოგარენში, ხევებსა და მთების ფერდობებზე მრავლად არის მტკნარი და მინერალური წყაროები, თუმცა მათი თვისებები ჯერჯერობთ მეცნიერულად შესწავლილი არ არის.
 
1. ალგეთის ნაკრძალი. ფართობი 6822 ჰექტარი. დაარსდა 1965 წელს აღმოსავლური ნაძვის და კავკასიური სოჭის
უკიდურესი აღმოსავლეთის საზღვრის დაცვის მიზნით. ნაკრძალის მთაგორიანი რელიეფი მდინარე ალგეთისა
და მისი მრავალრიცხოვანი პატარა შენაკადების ხევებით არის დაღარული. აქ გვხვდება არაერთი ისტორიული
თუ ბუნებრივი ღირსშესანიშნაობა, რომელთა შორის გამოირჩევა XI ს-ის ბირთვისის ციხე-ქალაქი.
2. ალგეთის წყალსაცავი თბილისიდან 60 კმ-ში, სოფელ ტბისის სიახლოვეს დააგუბეს (სიგრძე 3,7 კმ, სიგანე _ 0,4 კმ). წყალსაცავში მრავლად მოიპოვება სარეწაო მნიშვნელობის თევზი: საზანი, კობრი, კარასი, ხრამული.
 
მდებარეობა: თრიალეთის ქედის სამხრეთ ფერდობები, მდ. ოძისის ხეობა.
მანძილი: თბილისიდან – 30 კმ.
სიმაღლე ზღვის დონიდან: 1204 მ.
რელიეფი: ბორცვებიანი პლატო.
კლიმატი: საშუალო მთის (ქვედა სარტყელი). ზამთარი ზომიერად ცივი, თოვლის საფარი მდგრადია დეკემბრიდან მარტის დასაწყისამდე. იანვრის საშუალო ტემპერატურა –2,20C. ზაფხული ზომიერად მშრალი, თბილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 18,40C.
ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 690 მმ.
ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 72%.
მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2200 სთ.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორი: საშუალო მთის ქვედა სარტყლის ჰავა.
მკურნალობის სახეობა: პასიური კლიმატოთერაპია.
სამკურნალო ჩვენებები: ფილტვის ტუბერკულოზური და არატუბერკულოზური ქრონიკული დაავადებები, ბრონქული ასთმა.
 
ტექსტი: "საქართველოს 100 კურორტი“
გამომცემლობა "კლიო"

 



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.