ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
კურორტი ნუნისი
კატეგორიები
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, მდინარე ნუნისისწყლის ხეობაში, მდებარეობს ბალნეო-კლიმატური კურორტი ნუნისი. სოფლის სახელწოდება უკავშირდება სამკურნალო თვისებების მქონე წყალს, რომლითაც კანის დაავადებას - მუნს მკურნალობდნენ. ნუნისის უნიკალურ მიკროკლიმატს ქმნის შერეული, ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყე. ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები - ჰავა და მაღალი ტუტიანობით გამორჩეული წყალი - განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც კანისა და ნერვულ ნიადაგზე გამოწვეული დაავადებები აწუხებს. წყალი ღრმად აღწევეს ქსოვილში და ხელს უწყობს რქოვანი ფენების დაშლას. ხალხური გადმოცემით, ნუნისის წყლის სამკურნალოდ გამოყენება დიდი ხნის წინათ, ჯერ კიდევ IX საუკუნის პირველ ნახევარში დაუწყიათ. როცა მოსახლეობამ შეამჩნია, რომ შინაური ცხოველი მინერალური წყლის დახმარებით მუნისგან იკურნებოდა, მისი გამოყენება თავადაც სცადა და შედეგიც მიიღო. თანდათან წყაროების სამკურნალო თვისებების შესახებ მთელმა საქართველომ შეიტყო. ნუნისის წყალს საამოსა და მარგებელს უწოდებს XVIII საუკუნის ქართველი გეოგრაფი ვახუშტი ბატონიშვილი. ნუნისის წყლის აღმოჩენის შესახებ არსებობს ლეგენდა, რომელიც დიდ ქართველ მეფეს, დავით აღმაშენებელს უკავშირდება. თურმე დავით მეფე ბრძოლიდან ბრუნდებოდა. სიარულით დაღლილი ცხენები, რომელთაც კანი გადატყავებოდათ და წყლულები გასჩენოდათ, ნუნისის წყალში ჩაწოლილან და მალევე გამოჯანმრთელებულან. გახარებულ მეფეს სოფელში მდგარი ტაძრისთვის დიდძალი შესაწირი გაუღია. IX-X საუკუნეებში აგებული ნუნისის ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტერი დღესაც მოქმედია.
 
1. ნუნისიდან რამდენიმე კილომეტრში, ტყის სიღრმეში კლდეში სამი გამოქვაბულია გამოკვეთილი. ამ ადგილს ბერების კლდეს ეძახიან. ლეგენდის თანახმად, ნუნისის ღვთისმშობლის შობის მამათა მონასტერი და `ბერების კლდე ძველ დროში საიდუმლო გვირაბით უკავშირდებოდნენ ერთმანეთს.
 
2. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ერთ-ერთი უდიდესი ნაკრძალია ევროპაში (76 000 ჰა), სადაც წარმოდგენილია როგორც ტყის მცენარეულობა, ისე სამხრეთ კავკასიის სუბალპური მდელოები. მდიდარი და მრავალფეროვანია კოლხეთისა და კავკასიისათვის დამახასიათებელი ფაუნა. ეროვნული პარკი კულტურულ ლანდშაფტებში გადაშენებული ბევრი სახეობისათვის ერთადერთი თავშესაფარია. პარკში 11 ტურისტული ბილიკია, რომლებიც გერმანიის მთავრობისა (BMZ) და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის
(WWF) დახმარებით მოეწყო.
 
მდებარეობა: ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, ლიხის (სურამის) ქედის მთისწინეთი.
მანძილი: ხარაგაულიდან – 30 კმ, ქუთაისიდან – 85 კმ, თბილისიდან – 210 კმ.
სიმაღლე ზღვის დონიდან: 750-800 მ.
რელიეფი: მთაგორიანი.
კლიმატი: სუბტროპიკული. ზამთარი რბილი, უთოვლო. იანვრის საშ. ტემპერატურა -0,30ჩ. ზაფხული თბილი,
ზომიერად ნოტიო. აგვისტოს საშ. ტემპერატურა 210ჩ.
ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 1150-1200 მმ.
ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 73%.
მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2200 - 2300 სთ.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: დაბალი მთის სუბტროპიკული ჰავა და აზოტიანი, მეთანიანი, სუსტად
სულფიდური, კაჟიანი, ქლორიდულ- ჰიდროკარბონატულკარბონატული, ნატრიუმიანი (და კალციუმიან-ნატრიუმიანი) მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 0,2-0,4 გ/დმ3; 
დებიტი: 80 ათასი ლ/დღ-ღ.
მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის აბაზანები, პასიური კლიმატოთერაპია. 
სამკურნალო ჩვენებები: ფსორიაზი, ნეიროდერმიტი, სებორეული დერმატიტი, ეგზემა, ქრონიკული ჭინჭრის
ციება, ნევრალგია, ნევრიტი, რადიკულიტი და სხვ.
 
ტექსტი: "საქართველოს 100 კურორტი“
გამომცემლობა "კლიო"
 
 


ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.