ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
კურორტი სიონი
კატეგორიები
თიანეთის მუნიციპალიტეტი ქართლის, კახეთისა და გომბორის ქედების ფერდობებზე, თიანეთის და ერწოს
ქვაბულს შორის არის გაშლილი. მუნიციპალიტეტის მთავარ ჰიდროლოგიურ რესურსს, მდინარე იორს, დინების მიმდებარე ტერიტორიების სარწყავად იყენებენ. 1963 წელს წყლის ხარჯის რეგულირების მიზნით ივრის ხეობაში, დაბა სიონსა და სოფელ ლელოვანს შორის, სიონის წყალსაცავი შეიქმნა. წყალსაცავი არეგულირებს მდინარის წყლის ხარჯს და მცირე სიმძლავრის სიონის ჰიდროელექტროსადგურის მოსამარაგებლადაც გამოიყენება. წყალსაცავის ფართობი 12,8 კმ2-ია, მაქსიმალური სიღრმე - 67 მ. ქვაბულის ფერდობები მუხნარითა და რცხილნარით არის დაფარული. სიონის ძველი დასახლება ქვაბულის ფსკერზე, წყალსაცავის ქვეშ არის მოქცული. წლების წინ სოფელთან ერთად წყლით დაიფარა შუა საუკუნეების რამდენიმე ძეგლი, ხოლო V ს-ის II ნახევრის ბაზილიკა, რომელიც სოფელში იდგა, წყალსატევის შენების დროს დაშალეს და თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გადაიტანეს. დაბა სიონი კლიმატური კურორტია. აქ არსებული ტურბაზები და დასასვენებელი სახლები წლის განმავლობაში ათასობით დამსვენებელს მასპინძლობდა. სიონში ზაფხულობით დღესაც ათასობით დამსვენებელი ჩადის, ძირითადად დედაქალაქიდან და თიანეთიდან. კურორტის პოპულარობას თბილისთან სიახლოვე და ტბის, მთის, ტყისა და სამკურნალო კლიმატის ერთიანობა განაპირობებს.
 
1. სიონის წყალსაცავი ძირითადად მდინარე ივრის წყლით მარაგდება. იორი უხვთევზიანი მდინარეა. მასში აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებული თითქმის ყველა სახეობის თევზი ბინდარობს. უხვადაა თევზი სიონის წყალსატევშიც, სადაც გვხვდება საზანი, კობრი, სქელშუბლა. სამწუხაროდ, წლების განმავლობაში
თევზის უკონტროლო და აკრძალული საშუალებებით ჭერამ იხტიოფაუნის რაოდენობა მნიშვნელოვნად შეამცირა როგორც მდინარეში, ისე წყალსაცავში. წყალსაცავის ირგვლივ არსებობს რამდენიმე სათევზე მეურნეობა.
2. თბილისის ჩრდილოეთით, სიონის წყალსაცავისკენ მიმავალ გზაზე, საბადურის ქედზე მდებარეობს კლიმატური კურორტი ცხვარიჭამია (ზ. დ. 1180 მ). აქ გავრცელებული ჰავა სასარგებლოა სუნთქვის სისტემის დაავადებებისა და ორგანიზმის ზოგადი გაჯანსაღებისთვის. ცხვარიჭამიას ესაზღვრება ულამაზესი ფართოფოთლოვანი საბადურის ტყე, რომელიც მნიშვნელოვნად აძლიერებს კურორტის რეკრეაციულ ფუნქციას. საბჭოთა პერიოდში ცხვარიჭამია ცნობილი საბავშვო კურორტი იყო, სადაც რამდენიმე საბავშვო
სანატორიუმი და დასასვენებელი სახლი ფუნქციონირებდა. ცხვარიჭამიასა და საბადურის ტყეს ხშირად სტუმრობენ ოფროუდის მოყვარულები.
 
მდებარეობა: ივრის ხეობა.
მანძილი: თბილისიდან – 45 კმ, თიანეთიდან – 32 კმ.
სიმაღლე ზღვის დონიდან: 1000 მ.
რელიეფი: მთაგორიანი.
კლიმატი: ზომიერად ნოტიო ჰავა, ცივი ზამთრითა და ხანგრძლივი გრილი ზაფხულით. წლიური საშუალო ტემპერატურა12-140C.
ნალექების წლიური რაოდენობა: 790-880 მმ.
ჰაერის საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა: 78%.
მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2100-2200 სთ.
 
 
ტექსტი: "საქართველოს 100 კურორტი“
გამომცემლობა "კლიო"

 



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.