ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
კურორტი თუშეთი
კატეგორიები

საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალმთიანი და ძნელად მისადგომი მხარე, თუშეთი, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით, კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ კალთებზე, ზ. დ. 1650-4493 მ-ზე მდებარეობს. დასავლეთიდან ესა­ზღვრება ხევსურეთი, სამხრეთიდან _ კახეთი, ხოლო ჩრდილოეთიდან _ რუსეთის ფედერაცია: დაღეს­ტანი და ჩეჩნეთი. ადმინისტრაციულად თუშეთი კახეთის მხარეში, კერძოდ, ახმეტის მუნიციპალიტეტში შედის.
თუშეთში მიმავალი ერთადერთი სამანქანო გზა კახეთიდან, სოფელ ფშავლიდან იწყება და საქართველოს ყველაზე მაღალი გადასასვლელის _ აბანოს უღელტეხილის გავლით ომალოში ჩადის. წლის განმავლობაში ეს გზა მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში _ მაისიდან სექტემბრის ბოლომდე ფუნქციონირებს და ამ პერიოდის განმავლობაში რამდენჯერმე იწმინდება კლდეების ნაშალისგან.
თუშები ამ მხარეში ჩვ. წ. IV ს-ის პირველ ნახევარში გადმოსახლებულან ფხოვიდან (ფშავ-ხევსურეთიდან) და მდინარის ხეობებში დაუდიათ ბინა. საუკუნეების განმავლობაში მხარე ინტენსიურად ყოფილა დასახლებული. XX ს-ის დასაწყისიდან, მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების გამო, თუშები ნელ-ნელა ბარში, კავკასიონის ქედის გადმოღმა, სოფელ ალვანში ჩამოსახლდნენ. თუმცა თუშთა უმრავლესობა ზაფხულობით კვლავ უბრუნდება მშობლიურ ადგილებს. ჩვენამდე მოღწეულ იმ მწირ ცნობებს შორის, რომლებიც თუშეთის ისტორიას ეხება, ერთ-ერთი მოგვითხრობს, თუ როგორ გახდა კახეთში მდებარე ალვანი თუშების ტერიტორია: 1659 წელს ირანელ დამპყრობთა წინააღმდეგ ბახტრიონის ციხესთან გამართულ ბრძოლაში თუშებმა გადამწყ­ვეტი როლი შეასრულეს. კახეთის მეფეს ლევანს მადლობის ნიშნად მათი დასაჩუქრება გადაუწყვეტია. თუშთა წინამძღოლმა, ზეზვა გაფრინდაულმა მეფეს თურმე ბარად საზამთრო საძოვრები მოსთხოვა. შეთანხმებულან, რომ მიწის ის მონაკვეთი, რომელსაც ზეზვას ცხენი ჭენებით შეუსვენებლად გაირბენდა, თუშებს გადაეცემოდათ. ბახტრიონის ციხიდან გაჭენებული ნაომარი ცხენი ტახტიგორასთან წაქცეულა. მოგვიანებით თუშებს ამ საძოვრებით სარგებლობის უფლება კახეთის მეფეების — თეიმურაზ II-ისა და ერეკლე I-ის სიგელ-გუჯრებით დაუკანონდათ.
თუშეთი მაკრატელას ქედით ორ ნაწილად არის გაყოფილი: ერთ მხარეს არის გომეწრის ხეობა, სადაც გომეწრის (თუშეთის) ალაზანი გაედინება და მეორე მხარეს _ პირიქითა თუშეთი პირიქითის ალაზნით. მდინარეები ერთმანეთს შენაქოს მიდამოებში უერთდება და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ანდის ყოისუს სახელწოდებით მიედინება. აქ უნიკალური ფიჭვნარი, ულამაზესი ალპური და სუბალპური მდელოები, ხელუხლებელი დეკიანები, მყინვარები, საჯიხვეები და ნასოფლარებია. მრავლად გვხვდება პატარა ტბები, რომელთა დიამეტრი 20 მეტრს არ აღემატება და ჭაობები, რომლებიც, სავარაუდოდ, მსგავსი პატარა ტბების დაშრობის შედეგად უნდა იყოს წარმოქმნილი. ზოგიერთი ტბა ზამთარში ნაწილობრივ იყინება.
თუშეთისკენ მიმავალი გზის დასაწყისში, აბანოს უღელტეხილთან, მდინარე სტორის თვალწარმტაც ხეობაში, ერთ ადგილზე 13 თბილი მინერალური წყარო გამოდის. ამ ადგილს სახალხო გმირის, თორღვას პატივსაცემად `თორღვას აბანოს~ ეძახიან. ლეგენდა მოგვითხრობს: ერთხელ მტერთან ბრძოლაში დაჭრილი თორღვა შემთხვევით კლდიდან გადმოსულ თბილ წყაროს წასდგომია, დაულევია, შიგაც უბანავია და განკურნებულა. წყა­როების დასაცავად თორღვას მდინარე სტორის სათავეში ციხე აუგია, წყაროები კი დაჭრილ თანამებრძოლთა სამკურნალოდ გამოუყენებია. წლების განმავლობაში მინერალური წყლების გამოსავალთან ფუნქციონირებდა ბალნეო-კლიმატური კურორტი, სადაც წყლის აბაზანებითა და პასიური კლიმატოთერაპიით მკურნალობდნენ სხვადასხვა დაავადებას.

1. ალვანი პირველი დაგეგმარებული დასახლებაა საქართველოში. ბარში გადმოსახლებისას თუშები აქაც
ისე დასახლდნენ, როგორც მთაში ცხოვრობდნენ - გვარების, სოფლების და თემების მიხედვით: წოვა-თუშები
ზემო ალვანში, ჩაღმა თუშები - ქვემო ალვანში.
2. 2012 წელს CNN თრაველ-ის და Yahoo Travel-ის რეიტინგებში - „უცნობი ადგილები, რომელთა შესახებ არ გსმენიათ, მაგრამ აუცილებლად უნდა მოინახულოთ  თუშეთი ტოპათეულის საწყის პოზიციებზე (II და V ადგილზე) მოხვდა.
3. აბანოს უღელტეხილი (ზ. დ. 2926 მ)
4. გირევი, სოფელი პირიქითა თემში, ომალოდან 50 კმ-ში. გადმოცემის მიხედვით, გირევის ხუთსართულიანი
კოშკი ქისტ მამა–შვილს აუგია.
5. კვავლო (ზ. დ. 2000 მ). სოფელი პირიქითა (სამციხის) თემში, ომალოდან დაახლ. 20 კმ-ში. XIX საუკუნის
ბოლოს კვავლოში 36 კომლი ცხოვრობდა, XX საუკუნის 20-იანი წლებიდან სოფელი ნელ–ნელა დაცარიელდა.
 
მდებარეობა: დიდი კავკასიონის მთავარი წყალგამყოფის სამხრეთი ფერდობი, მდ. სტორის ხეობა.
მანძილი: ახმეტიდან – 55 კმ, თელავიდან – 65 კმ, თბილისიდან – (გომბორის გავლით) 145 კმ.
სიმაღლე ზღვის დონიდან: 1800 მ.
რელიეფი: მთაგორიანი.
კლიმატი: საშუალო მთის (ზედა სარტყელი). ზამთარი ცივი, არამაღალი თოვლის საფარით. იანვრის საშუალო
ტემპერატურა –50ჩ. ზაფხული გრილი, მშრალი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 14,80ჩ.
ნალექების წლიური რაოდენობა: 1400 მმ.
ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 55%.
მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2400-2500 სთ.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: საშუალო მთის ზედა სარტყლის ჰავა და სუსტად სულფიდური,
ქლორიდულ-კარბონატულ-ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიანი მინერალური წყლები, გოგირდწყალბადის,
კაჟმჟავას შემცველობით, საერთო მინერალიზაციით0,4-0,6 გ/დმ3, 
დებიტი: 350 ათასი ლ/დღ-ღ.
მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის აბაზანები, პასიური კლიმატოთერაპია.
სამკურნალო ჩვენებები: ენდოკრინული სისტემისა და ნივთიერებათა ცვლის მოშლით გამოწვეული დაავადებები, ასევე ძვალ-სახსართა, გინეკოლოგიური და შარდსასქესო სისტემების დაავადებები.
 
ტექსტი: "საქართველოს 100 კურორტი“
გამომცემლობა "კლიო"



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.