ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
კურორტი ყვარლის ტბები
კატეგორიები
მდინარე დურუჯი კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, შავი და თეთრი დურუჯის შეერთებით იქმნება. მისი სიგრძე სულ 27 კმ-ია. ქალაქ ყვარლის მიდამოებში მდინარე იტოტება და ალაზანს რამდენიმე ღელის სახით უერთდება. დურუჯი საზრდოობს თოვლისა და წვიმის წყლით, ახასიათებს მძლავრი ღვარცოფები, რომლის დროსაც მდინარე მთებიდან კოლოსალური რაოდენობით ტალახად ქცეული მყარი მასალა მოაქვს. ერთ-ერთი ასეთი კატასტროფული წყალმოვარდნის დროს, 1899 წელს, დურუჯმა სათავიდან ყვარელში, დაახლოებით 6-8 კმ მანძილზე, უზარმაზარი ლოდი (ზომა - 5,8X4, 2X4 მ; წონა - დაახლ. 224 ტონა) ჩამოიტანა. გაფიქლებული ქვიშაქვის ლოდი ახლაც დევს ყვარელთან ახლოს. თუმცა მდინარის მიერ ჩამოტანილი ქვიშა და ლამი მაღალი ხარისხის წებოვნებით გამოირჩევა და გამოიყენება ცემენტის, წვრილი საკედლე ბლოკისა და სხვა სამშენებლო მასალების წარმოებისთვის.
ყვარლიდან აღმოსავლეთით, 5 კმ-ში, ხელოვნურად, მდინარე დურუჯის დაგუბებით შეიქმნა წყალსაცავი, რომელსაც დიდი ქართველი მწერალისა და საზოგადო მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის პატივსაცემად `ილიას ტბა ეწოდა. ტბა გასართობი და გამაჯანსაღებელი ცენტრია. ერთი მხრიდან ის ფოთლოვანი ტყეებით დაფარული გორაკებით არის შემოსაზღვრული, მეორე მხარეს კი დასასვენებელი პარკია გასართობი და სათამაშო მოედნებითა და ულამაზესი ამფითეატრით; სანაპიროს მიჰყვება ბულვარი, სადაც რამდენიმე კაფე და რესტორანია. ტბა ცნობილი ნახევრად ტკბილი ღვინის, ქინძმარაულის მიკროზონაში მდებარეობს
 
1. ყვარლის აღმოსავლეთით, კავკასიონის სამხრეთ კალთებზე ილიას ტბიდან  რამდენიმე კილომეტრის მოშორებით მდებარეობს ყვარლის წყალსაცავი (ყვარლის ტბა), რომელიც მდინარეების - ბურსასა და ჩაგურგულას დაგუბებით ხელოვნურად არის შექმნილი. ყვარლის ტბა კახეთის მნიშვნელოვანი სარეკრეაციო ზონაა.
 
2. ილიას ტბის სარეკრეაციო ზონა მოიცავს 800 მ სანაპირო ბულვარს, 3-კილომეტრიან საველოსიპედო ბილიკს,
1400-კაციან ამფითეატრს, ხელოვნურ კუნძულებსა და კეთილმოწყობილ სანაპიროს კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნებით. 2013 წლიდან ტბაზე მრავალფუნქციური დასასვენებელი კომპლექსი როიალ ბატონი ფუნქციონირებს.
 
მდებარეობა: ალაზნის ვაკე.
მანძილი: თელავიდან – 30 კმ, თბილისიდან – 150 კმ.
სიმაღლე ზღვის დონიდან: 430 მ.
რელიეფი: ვაკე
კლიმატი: ზომიერად ტენიანი. ზამთარი რბილი, უთოვლო. ზაფხული თბილი, ზომიერად ტენიანი. წლიური საშუალო ტემპერატურა 14-160C.
ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 900-1000 მმ.
მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2200 სთ.
 
ტექსტი: "საქართველოს 100 კურორტი“
გამომცემლობა "კლიო"

 



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.