ქართული საზოგადოების გამორჩეულმა წევრმა, ქველმოქმედმა და დიდმა მეცენატმა, დავით სარაჯიშვილმა 1884 წელს დააარსა კომპანია “სარაჯიშვილი”, რომელმაც წლების მანძილზე უდიდესი კულტურა, ისტორია და ღირებულება შექმნა.
გთავაზობთ ტურს სარაჯიშვილის ქარხანაში, რომლის მეშვეობითაც საშუალება გექნებათ გახდეთ ქართული ღვინის ბრენდის წარმოების უწყვეტი ციკლის მონაწილე და ცოცხლად დაინახოთ სარაჯიშვილის საცავებში შემონახული ისტორია და დროში წარმოქმნილი სიმდიდრე.
ჩვენ ვუხსნით კარს ყველა ადამიანს, რომელსაც სურს იმოგზაუროს დროში, დაათვალიეროს უძველესი და უნიკალური სპირტსაცავები, გაეცნოს კონიაკის ისტორიასა და დააგემოვნოს მრავალწლიანი, სხვადასხვა არომატით გაჯერებული
ქართული ღვინის ბრენდი.
ეს ადგილი ისტორიული მუზეუმია, რომლის ულამაზესი ბაღები, უძველესი საცავები და მთლიანად ატმოსფერო 130 წლის წინ, სარაჯიშვილის ეპოქაში გვაბრუნებს. სტუმრებს გაუძღვებათ გამოცდილი გიდი, რომელიც მოუყვება ისტორიას კომპანიის დაარსების დღიდან დღემდე. ისინი გაეცნობიან დავით სარაჯიშვილის ცხოვრებიდან მნიშვნელოვან მოვლენებს, გზას რომელიც გაიარა მეწარმემ, ერთი იდეის ქვეშ გააერთიანა ადამიანები და გაუძღვა მათ იმისთვის, რომ უდიდესი და უძვირფასესი კულტურა შეექმნა და მოეტანა ჩვენამდე.
დეგუსტაციის შედეგად ვიზიტორები აღმოაჩენენ კონიაკის არომატის საიდუმლოს, მისი სურნელის მრავალფეროვნებას, იგრძნობენ მასთან შეხების მნიშვნელობას. კომპანია “სარაჯიშვილი” სტუმრებს აუხსნის სხვადასხვა ასაკის კონიაკის განმასხვავებელ ნიშნებს, კონიაკის დამზადების კლასიკურ ტექნოლოგიას და გააცნობს სასმელის მოხმარების კულტურას.