ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქართული იარაღის მუზეუმი - წარსულთან კონტაქტის ადგილი
15 ნოემბერი, 2022

ძველი თბილისის ტერიტორიაზე, აბანოთუბანში, აბანოს ქუჩის 13-ში, ერთი საინტერესო სივრცეა, როგორც ადგილობრივი, ისე საქართველოში ჩამოსული ტურისტებისთვის. ტრადიციული ქართული სამოსის ნიმუშები, ხმლები, ჯარისკაცების კოლექცია, წიგნები ქართულ იარაღსა და საბრძოლო ხელოვნებაზე, - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ნივთებისა, რაც შეიძლება დამთვალიერებელმა იარაღების მუზეუმში იხილოს. აქვე ნახავთ ისეთ ნიმუშებსაც, რომელსაც ჩვენი წინაპრები ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენებდნენ.

ამ განსხვავებული პროფილის მუზეუმის სტუმრებს მასპინძლობას ეთნოგიდი და იარაღების მუზეუმის დამაარსებელი, დავით ნასარიძე უწევს. ქართული ტრადიციული სამოსი მან 2017 წელს მოირგო, ყოველდღიურად ჩოხით დადის და სწორედ ამიტომ მას „ჩოხა“ შეარქვეს. ეთნოგიდი გვიყვება, თუ როგორ მოიყარა თავი ერთ ჭერქვეშ  უამრავმა ისტორიულმა თუ თანამედროვე დროს შექმნილმა ნივთმა, რომელიც ჩვენი ქვეყნის წარსულთან არის დაკავშირებული.

დავით ნასარიძე:

- საქართველოს სამხედრო მუზეუმი არ აქვს, დიდხანს ვფიქრობდი და ბოლოს გავბედე შემექმნა კერძო სივრცე, სადაც ჩემს პირად კოლექციას გამოვფენდი და დამთვალიერებელს საშუალება ექნებოდა ყველა იმ ნივთს ხელით შეხებოდა, რომელიც მათ ინტერესს იწვევს. ვფიქრობ, მუზეუმში მნიშვნელოვანია, როცა სტუმრებს საშუალება აქვთ იარაღი აისხან, მოირგონ ჩოხა, გაისროლონ კაჟიანი თოფიდან და ა.შ. თავდაპირველად ანჩისხატის ტერიტორიაზე პატარა მუზეუმი გავხსენი, რომელმაც მცირე ხანს იარსება, მაგრამ იქ მივიღე საკმაოდ კარგი გამოცდილება და გავიგე, თუ რა იწვევს ტურისტების განსაკუთრებულ ინტერესს. უპირველესად ხალხს იზიდავს კონტაქტურობა. ასევე ჩემი კონცეფციის მიხედვით, ნივთებს არ ვუკეთებ წარწერებს და დამთვალიერებელს საკუთარი კოლექციის ნიმუშებს თავად ვაცნობ, - მათ შესახებ ვუყვები. კორონა პანდემიის პერიოდში, სამწუხაროდ, მუზეუმს თითქმის არ უმუშავია. იმ დროს უკვე ახალ მისამართზე ვიყავით და კოლექცია გამოფენილი მქონდა აბანოთუბანში, აბანოს ქ. 13-ში. ერთხელაც სარდაფში წყალი ჩავიდა და ნივთების ნაწილი დატბორა. 2021 წლის ზაფხულში, აღნიშნული ფართის მეპატრონემ, მეორე სართულზე გადასვლა შემომთავაზა და ახლა იარაღების მუზეუმი განთავსებულია აბანოს ქუჩის 13-ში, მინანქრის მაღაზია „აკრას“ მეორე სართულზე. ხოლო სარდაფში კი გავაკეთეთ მედიცინის მუზეუმი, სადაც ბალახეული მედიცინის შესახებ უამრავი წიგნი ინახება.

- რა ხვდება დამთვალიერებელს იარაღების მუზეუმში?

- ყველაფერი ის, რაც დაკავშირებულია ომთან, ბრძოლასთან და არამარტო. თავდაპირველად პლასტმასის ჯარისკაცუნები გამოვფინე, რომელსაც ჯერ კიდევ ბავშვობიდან ვაგროვებ. პარალელურად: ჩოხები, უზანგები, შუბები, ნალები. პანდემიის პერიოდში გავხდი იუთუბერიც, მე და ისტორიკოსი და გიდი ვლას ვაწაძე გადაცემებს ვიწერდით სასტუმრო „ღვინის სასახლის“ ტერიტორიაზე, ან შინ, ჩემთან და ვსაუბრობდით ქართულ იარაღზე. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სასტუმრო „ღვინის სასახლისა“ და „ბრენდ ვაინის“ დირექტორი გიორგი ჩხაიძე მხარს ყოველთვის გვიჭერდა და მისი სტუმრებიც ხშირად მოდიან ჩვენს მუზეუმში.

რამდენიმე თვის წინ გამომეხმაურნენ ადამიანები, ვინც იარაღების, აბჯრების, არბალეტებისა და შუბების შექმნით არიან დაკავებული. აკაკი მაქაცარია, ნიკოლოზ ბუჩუკური, ბექა ბუქური - ძალიან დამეხმარნენ და მუზეუმში რა ექსპონატიც არ მქონდა, ძველი ნივთების ასლები დამიმზადეს გამოსაფენად. 

ასევე მაქვს ძალიან საინტერესო ბიბლიოთეკა მსოფლიო ომებზე, მხედართმთავრებზე და იარაღებზე, წიგნები საქართველოს სამხედრო ისტორიაზე, რომელიც ქართველი ისტორიკოსების მიერ არის შექმნილი. ბოლოდროს კოლექციას შევმატე სამხედრო თემატიკაზე შექმნილი, უცხო ენაზე გამოცემული წიგნებიც, (ინგლისურად, გერმანულად, რუსულად), რომელიც ქართულად ჯერ არ თარგმნილა. კოლექციის გამდიდრებას კვლავ ვაგრძელებ და სამომავლოდაც რასაც გავწვდები, ამ თემებზე არსებულ ყველა გამოცემას შევიძენ.

ამის გარდა, ბრძოლის დღეებთან დაკავშირებით ვაწყობ გამოფენებს, ვდგამ ბრძოლის სცენებს. ეს არის სამხედრო რეკონსტრუქცია და დიდგორობის, კრწანისობის, ტაშისკარობის, მარტყოფობის, ასპინძობის, მარაბდეობისა და ერეკლეობის დღესასწაულზე, დამთვალიერებელს ვუხსნი თუ როგორი იყო იმ პერიოდის ისტორიული იარაღი და ვესაუბრები ეპოქაზე.  

- რას სთავაზობთ მუზეუმში მოსულ ახალგაზრდებს, რომ ისინი საქართველოს ისტორიით მეტად დაინტერესდნენ? 

- ბოლო რამდენიმე თვეა, კონტაქტურობასთან ერთად, მუზეუმის სპეციფიკაში გაჩნდა ინტერაქტივიც, რომელსაც უმთავრესად ქართველ ბავშვებს ვთავაზობ. გარდა იმისა, რომ მოზარდებს შეუძლიათ ხმლებით, თოფ-დამბაჩით, აბჯრებსა და მუზარადებში გადაიღონ ფოტოები, ვეთამაშები და თუ 20-დან 10 კითხვაზე სწორ პასუხს გამცემენ, ნამდვილი, ძველებური ნივთებით ვასაჩუქრებ. ინტერაქტიური თამაში მომზადებული მაქვს ტურისტებისთვისაც, თუმცა მათ შორის მოსწავლეები ცოტაა და ამიტომ ამ მიმართულებით უმთავრესად ადგილობრივ სტუმრები ინტერესდებიან.

- დაახლოებით რა შინაარსის შეკითხვებია?

- კონკრეტიკას მოვერიდები, თუმცა ბუნებრივია კითხვები ჩვენი ისტორიიდანაა, ეხება ეროვნულ სამოსს, საბრძოლო იარაღებსა და ა.შ. მაგალითად „რატომ არის საქილეები თეთრი ფერის“, ან „რისთვის გამოიყენებოდა ყაბალახი?“ ეს არ არის ლექცია, არამედ თამაშია, მაგრამ ამ დროს ბავშვები საჭირო და აუცილებელ ინფორმაციას იღებენ. მაგალითად: რა არის შიბაქი, აკვანი, თუ რატომ გვქონდა კუთხეების მიხედვით განსხვავებულ სამოსი, იარაღი და თუნდაც კოშკები, რომელსაც ჩვენი წინაპრები აშენებდნენ.

მუზეუმში დავამატე ჯაჭვის ქსოვისა და სხვადასხვა ნივთების კეთების მასტერკლასებიც, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა შიდა ტურიზმისთვის. მიხარია, რომ ბავშვებს ჩვენთან სტუმრობა და თამაში მოსწონთ, ბოლოს კი ეს ვიზიტები ფოტოსესიით სრულდება.

- ქართული ტრადიციული სამოსით, ჯაჭვის პერანგითა თუ იარაღების ფოტოსესია, განსაკუთრებით მიმზიდველია თქვენი მუზეუმის სტუმრებისათვის, ხომ ასეა?

- დიახ, როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ტურისტებს ამგვარი ფოტოსესიები ძალიან ხიბლავთ. საქართველოში არსადაა ადგილი, სადაც შეგიძლია დაიხურო მუზარადი, ჩაიცვა ჯაჭვის პერანგი თუ აბჯარი, ხელში დაიკავო ხმალი, ხანჯალი თუ თოფი, მათ ამის საშუალება მხოლოდ ჩვენთან ეძლევათ. კოლექციაში მაქვს არამხოლოდ ქართული, არამედ სხვადასხვა პერიოდის რომაული, ბერძნული და სპარსული აბჯრებიც, რომელიც შეიძლება მოირგონ როგორც მოზარდებმა, ისე ზრდასრულებმა. მუზეუმის ადგილმდებარეობაც ძალიან გვიწყობს ხელს, რადგან იქვე, რამდენიმე ნაბიჯზე აბანოებია და მსურველებს შეუძლიათ ფოტოები გადაიღონ როგორც მუზეუმის შიდა სივრცეში, ისე გარე სივრცეში - ისტორიულ აბანოებთან.

- რამდენი კაცის მიღება შეგიძლიათ ერთად და რა ჯდება ჯგუფის, ან ცალკეული ადამიანების მუზეუმში ვიზიტი?

- მუზეუმში 10-15 კაცი ეტევა. ჩვენს სიახლოვეს არის არქეოლოგიის მუზეუმი და თუ ჯგუფში უფრო მეტი წევრია, ნაწილი იქ მიდის, ნაწილი ჩემთან რჩება და გარკვეული დროის შემდეგ ადგილებს ცვლიან. რაც შეეხება გადასახადს, კონკრეტულ თანხას არ ვასახელებ. ჩემთან არის შემოწირულება, რომლის მიხედვით საქართველოს მოქალაქეები დაახლოებით 5 ლარს ტოვებენ, სკოლის მოსწავლეები 1-2 ლარს, ხოლო ტურისტები ინფორმაციის გაცემისა და ფოტოსესიების მიხედვით იხდიან და ეს თანხა 10-დან 50 ლარამდე მერყეობს. მიხარია, როცა სტუმრები კმაყოფილები ტოვებენ ჩვენ სივრცეს და მეუბნებიან, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო მუზეუმია, რაც კი  ცხოვრებაში უნახავთ.

ზოგ გიდს ჩვენს მუზეუმში ხშირად მოჰყავს ტურისტები, ზოგსაც ნაკლებად და იმედი მაქვს სამომავლოდ მათი ინტერესიც გაიზრდება. აქვე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველა ტურისტული კომპანიის გიდს, სკოლებსა და იმ პედაგოგებს, ვინც ქართული იარაღების მუზეუმით ინტერესდება, გვსტუმრობს და ჩვენთან ერთად, ქართული კულტურის პოპულარიზაციას ეწევა.

ავტორი: ანა კალანდაძე


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.