ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარის ნატა კვაჭანტირაძის განცხადებით, ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა ტურიზმის სექტორში ჩართული ბიზნეს სუბიექტების შემოსავლებს გაზრდის.
როგორც მან "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნა, ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა ნებისმიერ შემთხვევაში ბენეფიტურია.
"ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც ორ ქვეყანას შორის მიმოსვლას ამარტივებს, რა თქმა უნდა, სასარგებლოა ტურიზმის ბიზნესის განსავითარებლად. უფრო მეტად გაიზრდება ინტერესი ჩინეთში მოგზაურობის, რაც იმას ნიშნავს, რომ ტურისტული კომპანიებისთვის უფრო მეტი პარტნიორი გაჩნდება და უფრო მეტად გადაერთვება ბიზნესი, რომ გამყვანი ტურიზმის ჭრილში გააორმაგონ თანამშრომლობის ასპექტები. ორმხრივი ავიამიმოსვლა ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია, რაც თავისთავად არა მხოლოდ გამყვანი, არამედ შემომყვანი ტურიზმის წახალისებას უწყობს ხელს.
ზოგადად, ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა ნებისმიერ შემთხვევაში არის ბენეფიტური. იზრდება ცნობადობა ქვეყნის. საქართველო არის საინტერესო დანიშნულების ადგილი ნებისმიერი ვიზიტორისთვის და ასევე, ჩინეთი განსხვავებული და საინტერესოა ქართველი მოგზაურებისთვის. ეს არის ორმხრივი ინტერესი. რაც შეეხება სარგებელს - რა თქმა უნდა, ეს ბიზნეს სუბიექტების, რომლებიც ჩართული იქნებიან როგორც გამყვანი, ისე შემომყვანი ტურიზმის განვითარების და ხელშეწყობის ნაწილში, შემოსავლების ზრდაზეც აისახება", - განაცხადა ნატა კვაჭანტირაძემ.
ცნობისთვი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების თაობაზე. საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ, ჩინეთში უვიზოდ დაჰყონ 30 დღე ზედიზედ.
შეგახსენებთ, ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2023 წლის 11 სექტემბრიდან ამოქმედდება. ამასთან, საქართველო-ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება 2023 წლის ივნისში გაფორმდა.
bp.ge