ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
გაძვირებულმა ინგრედიენტებმა ხაჭაპური გააძვირა
13 ივლისი, 2022

ინგრედიენტების გაძვირება ხაჭაპურის ფასზეც აისახა.

ISET-ის მონაცემებით, ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის გამოცხობა 2022 წლის ივნისში შარშანდელთან შედარებით 28%-ით გაძვირდა, თუმცა მაისთან შედარებით ფასი 2.7%-ით არის შემცირებული.

ISET-ის ხაჭაპურიზ ინდექსის მიხედვით, 2021 წლის ივნისთან შედარებით ხაჭაპურის ყველა ინგრედიენტის ფასი გაზრდილია. ხაჭაპურის ინდექსის ინფლაციის ძირითადი მიზეზი ყველი იყო, რომელიც 27.8%-ით არის გაძვირებული და რომელზეც ინდექსის ყველაზე მაღალი წონა მოდის. მნიშევნელოვნად 46%-ით არის გაზრდილი ფქვილის ფასიც, მომატებულია ასევე კვერცხის (+38.9%), კარაქის (+22.7%), რძის (+13.9%) და საფუარის (+13%) ფასები.

"საკვები პროდუქტების ფასების ზრდას რამდენიმე ფაქტორმა შეუწყო ხელი. უკრაინაში მიმდინარე ომმა და მიწოდების ჯაჭვებში არსებულმა სირთულეებმა სასურსათო პროდუქტების დეფიციტი გამოიწვია. მეტიც, სასუქებისა და ენერგეტიკული ხარჯებიც იზრდება, რაც დამატებითი წნეხია ადგილობრივ ფასებზე.

საქართველოში სურსათის ფასების ინფლაციაზე საერთაშორისო ფასებმაც იმოქმედა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 3 თვეში სურსათის ფასები დაეცა, FAO-ს მონაცემებით, 2022 წლის ივნისში წლიურმა ინფლაციამ (2021 წლის ივნისთან შედარებით) 23.1% შეადგინა. FAO-ს მონაცემებით, ფასები დაეცა მცენარეული ზეთების, მარცვლეულისა და შაქრის კატეგორიებში, სამაგიეროდ გაიზარდა რძის პროდუქტებისა და ხორცის კატეგორიებში შემავალი პროდუქტების ფასები. საერთაშორისო ფასების ვარდნა, როგორც წესი, ადგილობრივ ბაზრებს დაგვიანებით გადაეცემა, თუმცა, თუ კლების ტენდენცია გაგრძელდება და საერთაშორისო ფასები დასტაბილურდება, საქართველოში სურსათის ფასებზე არსებული წნეხი შეიძლება შერბილდეს", - განმარტავენ ISET-ში.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.