ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
გიორგი ჩხაიძის ტურიზმის განვითარები და გეგმები
09 დეკემბერი, 2022

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე გამოცხადებულია ვაკანსია. განაცხადების შეტანის ბოლო თარიღი 4 დეკემბერი იყო და ამ ეტაპზე აღნიშნული თანამდებობის დაკავების სურვილი 30-ზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა. 

2023 წლის ბოლომდე უნდა გაირკვეს, თუ ვინ დაიკავებს ამ პოსტს (თავდაპირველად ტურიზმის ადმინისტრაციის უფროსის გამოსაცდელი ვადა 6 თვით განისაზღვრება).

საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში კი, გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა.  

გიორგი ჩხაიძე ერთ-ერთია, ვინც საკუთარი კანდიდატურა წარადგინა და ტურიზმის განვითარების მისეული ხედვა,  წარმოადგინა.  

- ბატონო გიორგი, თქვენ ერთ-ერთი მათგანი ხართ, ვინც ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავება გსურთ. სანამ პროგრამას გავეცნობით, გვითხარით, ეს რა გამოცდილებითა და მიზნით გსურთ?

- 7 წელია ტურიზმის სფეროში ვარ. ვფლობ სასტუმროს და ღვინის მაღაზიებს. ჩემს სასტუმროს „ღვინის სასახლე“, თბილისში „ბიქინგის“ ვებ-გვერდზე ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს - 9. 6. დედაქალაქშივე მაქვს 2 ღვინის მაღაზია - „ბრენდ ვაინი“, სადაც 

1500-მდე დასახელების ალკოჰოლური სასმელია წარმოდგენილი.

ჩემი ოჯახი დიდი ხანია მევენახეობა-მეღვინეობით არის დაკავებული და თავადაც ვაწარმოებთ რამდენიმე სახეობის ღვინოს. გეტყვით იმასაც, რომ ჩემი მშობლები და ასევე ბებია-ბაბუა, სატრანსპორტო სფეროში მუშაობდნენ და მრავალი წლის განმავლობაში ემსახურებოდნენ ჩვენს ქვეყანას. მეც ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო ფაკულტეტი, წითელ დიპლომზე მაქვს დამთავრებული, - პროფესიით ინჟინერი ვარ. ასევე დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ვარ ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. ასევე გახლავართ ყოფილი სპორტსმენი, ძიუდოსა და სამბოში. ამ სფეროშიც ბევრი წარმატება მქონდა, ვჭიდაობდი, საქართველოს ნაკრებში - ახალგაზრდებს შორის ჩემპიონის ტიტული მაქვს მოპოვებული, ვიყავი ევროპის ჩემპიონატის პრიზიორიც, მეორე და მესამე ადგილის მფლობელიც, ხოლო სამბოს ეროვნული ნაკრებში პანამერიკული თამაშების სამგზის გამარჯვებული და ახალგაზრდებში მსოფლიო ჩემპიონი. სპორტს 2004 წელს  ჩამოვშორდი. მყავს მეუღლე და ოთხი შვილი.

- როგორ ფიქრობთ, რა უნდა იყოს პრიორიტეტი?

- ვფიქრობ, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას უნდა ხელმძღვანელობდეს ტურიზმის სექტორში კარგად ჩახედული, გამოცდილი კადრი, რომელიც ბევრ სხვა დეტალთან ერთად, უნდა იცნობდეს სასტუმრო ბიზნესის საქმიანობას. ეს ფაქიზი სფეროა, რომელსაც აუცილებლად სჭირდება როგორც მუდმივი მოქმედება, ისე განვითარება. ორ თვეში ერთხელ მაინც უნდა შედგეს ხელმძღვანელობისა და ტურიზმის სექტორში მყოფთა (სასტუმროს მფლობელები, გიდები) შეხვედრები და პრობლემებზე საუბარი დიალოგის რეჟიმში წარიმართოს.

ასევე აუცილებლად მიმაჩნია, რომ პერიოდულად საქართველოში მოვიწვიოთ მეზობელი ქვეყნების ტურიზმის ადმინისტრაციიის ხელმძღვანელები და თითოეულმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გავუზიაროთ. 

ვფიქრობ, ახალმა ხელმძღვანელმა უნდა უზრუნველყოს ამგვარი შეხვედრები და მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდეს როგორც ადგილობრივ, ისე ამ დარგის უცხოელ წარმომადგენლებთან, რაც სამწუხაროდ, დღემდე არ ხდება. 

ვფიქრობ, ჩემს მიერ შემუშავებული პროგრამა, ამ სფეროს განვითარებასა და საკითხთა მოგვარებაზეა ორიენტირებული და ჩემი არჩევის შემთხვევაში, შევეცდები შესაძლებლობების მაქსიმუმზე მეტი გავაკეთო.  

საერთოდ,  ტურიზმის განვითარების გრძელვადიან პროგრამაზე უკვე რამდენიმე წელია ვმუშაობ და სამუშაო გამოცდილების პარალელურად მუდმივად ვახდენდი მის განახლებას და მოდერნიზაციას, გამომდინარე იქიდან, რომ სამყარო ძალიან სწრაფად იცვლება და სტანდარტები, რომელსაც თანამედროვე ტურიზმის სფერო უნდა აკმაყოფილებდეს, ასევე განიცდის მნიშვნელოვან კორექტივებს. 

ბოლო წლებში განვითარებულმა გლობალურმა კრიზისებმა (პანდემია, ომი), საერთაშორისო ტურიზმს და მათ შორის ტურიზმს საქართველოში, მძიმე დარტყმები მიაყენა, შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, რომ ამ გამოწვევებს ადეკვატურად ვუპასუხოთ და არსებულ რეალობასთან ადაპტაცია შევძლოთ. ვთვლი, რომ ამგვარი კრიზისების მომავალში გამორიცხვა არ შეიძლება და ტურიზმი ამისთვის მზად უნდა იყოს მდგრადობის გაზრდითა და მოქნილი სისტემის ჩამოყალიბებით. 

ქვემოთ მოყვანილი მაქვს ჩემი გარკვეული შეხედულებები. იმ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულებების შესახებ, რაც ტურიზმის განვითარებისა და წარმატების განუყოფელი ნაწილია.

მინდა, რომ ტურიზმის სფეროში მოღვაწე საზოგადოება და ამ სფეროს ყველა გულშემატკივარი, ქვემოთ მოყვანილ ჩემს პროგრამას გაეცნოს:

კრიზისმედეგობის გაზრდა

უპირველეს ყოვლისა მიმაჩნია, რომ თანამედროვე მასშტაბური კრიზისების ეპოქაში, რომლებიც მოსალოდნელია მომავალშიც წარმოიშვას, ტურიზმმა უნდა გამოიმუშაოს გარკვეული იმუნიტეტი, მდგრადობა და ახალ რეალობებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი, რათა შეძლოს გადარჩენა. 

კოვიდის პანდემიის პერიოდმა გლობალურ ტურიზმს და მათ შორის რაღა თქმა უნდა ქართულ ტურიზმსაც უმძიმესი დარტყმა მიაყენა, წარმოიშვა ღრმა კრიზისი, რომლის შედეგების ბოლომდე განეიტრალება დღემდე ვერ ხერხდება - იზარალა ტურიზმის აბსოლუტურად ყველა დარგმა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ტურისტული ობიექტი დაიხურა და მილიონობით ადამიანმა დაკარგა სამუშაო ადგილი. 

მსგავსი კრიზისები მომავალშიც მოსალოდნელია და ჩვენი ამოცანაა აღარ დავუშვათ ამგვარი კატასტროფული შედეგები. 

გამოსავალს საერთაშორისო ექსპერტები დღემდე ეძებენ, მე კი ვთვლი, რომ ამ მხრივ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება შიდა ტურიზმის განვითარება იქნებოდა. იმ შემთხვევაში, თუ პერიოდულად შეფერხდება საერთაშორისო მოგზაურობა და საერთაშორისო გადაზიდვები, აქტიური შიდა ტურიზმის პირობებში ტურიზმის სფერო დროებით მაინც შეძლებს კრიზისის გამკლავებას და ყველაზე მძიმე პერიოდის გადატანას. 

ვთვლი, რომ ამ მხრივ საქართველოს პოტენციალი ბოლომდე ეფექტურად არ არის გამოყენებული და უამრავი შესაძლებლობები არსებობს, რომ შიდა ტურიზმი წავახალისოთ. 

ჩვენს ქვეყანაში მრავალი ადამიანია, რომელთაც თავისი სამშობლო, ყველა კუთხე-კუნჭული მოვლილი არ აქვს, არა და ამის დიდი ინტერესი აქვს. ამიტომაც, საჭიროა, რომ ტურიზმის სფერომ დიდი ყურადღება დაუთმოს თანამედროვე რეალობაზე (ეკონომიკური) მორგებული პაკეტები შესთავაზოს ქართველ მომხმარებელს, რათა მათ ინტერესი გაუჩნდეთ იმოგზაურონ საქართველოს რეგიონებში. 

დარწმუნებული ვარ, რომ ამ მხრივ ხელშესახები პროგრესის მიღწევა შეგვიძლია ახლო მომავალში, თუ შესაბამის ძალისხმევას გავწევთ. 

ინფრასტრუქტურის განვითარება

შემდეგი მნიშვნელოვანი თემა, რომელზეც მინდა ყურადღება გავამახვილო, ეს არის ტურისტული ინფრასტრუქტურის მომავალი განვითარება და იმ ნაკლოვანებების აღმოფხვრა, რომელიც დღეს არსებობს. 

ამ კუთხით ერთ-ერთ უპირველეს ამოცანად მიმაჩნია თანამედროვე საპირფარეშოების სისტემის შექმნა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ბოლო წლების განმავლობაში უამრავ სტუმართან, ტურისტთან მქონდა უშუალო შეხება და ერთ-ერთ უმწვავეს პრობლემად ისინი სწორედ ადვილად ხელმისაწვდომი და კომფორტული საპირფარეშოების არარსებობას ასახელებენ. 

ამ მხრივ ნაბიჯები სასწრაფოდაა გადასადგმელი და ვთვლი, რომ ამაზე შესაბამისი ძალისხმევა და ინვესტიციები უნდა დაიხარჯოს. უნდა შევისწავლოთ საერთაშორისო პრაქტიკა, გავითვალისწინოთ არსებული რეალობა და მივიღოთ დაბალანსებული გადაწყვეტილება, რომელიც უმოკლეს ვადაში შედეგზე იქნება ორიენტირებული. 

ამას გარდა, ვთვლი, რომ როდესაც ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზეა საუბარი, ასევე აქტუალური თემაა თანამედროვე და კომფორტული ტრანსპორტის არასაკმარისი რაოდენობა. 

ეს იგრძნობა იმ ტურისტული პაკეტების რეალიზებისას, რომლებიც შიდა გადაადგილებაზეა გათვლილი და უპირველეს ყოვლისა მთიან რეგიონებზე, სადაც მისაღწევად თანამედროვე და კომფორტული სატრანსპორტო საშუალებების როლი განუზომლად დიდია. 

სწორედ ამგვარ რთულად გასავლელ მარშრუტებზეა საჭირო ასეთი რელიეფისთვის გათვლილი სპეციალური ტექნიკა, რომელიც იქნება გარანტი ტურისტული ჯგუფების უსაფრთხოდ და ოპერატიულად გადაყვანისთვის.

ახალი ორიგინალური პაკეტების შეთავაზება

საქართველოში ტურიზმის განვითარების მნიშვნელოვან ფაქტორად ასევე მიმაჩნია ახალი და ორიგინალური ტურისტული პაკეტების შექმნა და შეთავაზება პოტენციური ტურისტებისთვის - მაგალითად, საუბარი მაქვს მთა-ზღვა ან მთა-ბარის ინტეგრირებული პაკატების შექმნაზე, რომელიც ტურისტს უნიკალურ საშუალებას მისცემს მოკლე დროში და მცირედი დანახარჯებით განახორციელოს ვიზიტები სრულიად განსხვავებულ გეოგრაფიულ და კლიმატურ ლოკაციებზე. 

ვფიქრობ ამ მხრივ საქართველოს უნიკალური რელიეფური და გეოგრაფიული შესაძლებლობები აქვს, რომელიც ჯერ კიდევ არ არის სრულად გამოყენებული. 

როდესაც ვსაუბრობთ გეოგრაფიულ ფაქტორებზე, ვთვლი, რომ ასევე საინტერესო იქნებოდა ერთიანი კავკასიური ტურპაკეტების შექმნა, რომელიც ტურისტს საშუალებას მისცემდა ერთი ვიზიტის ფარგლებში მოენახულებინა სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფო: საქართველო-სომხეთი-აზერბაიჯანი. 

გეოგრაფიული არეალის გაზრდა და ერთიანი სისტემის შექმნა სრულიად ახალი სიტყვა იქნებოდა თანამედროვე ქართულ ტურიზმში და დარწმუნებული ვარ უამრავ განსხვავებული გემოვნების ტურიზმს მოიზიდავდა. 

ჩვენი მეზობელი ქვენების ტურიზმის ინდუსტრიასთან თანამშრომლობით ახალი პერსპექტივები გაჩნდება და ვთვლი, რომ ამ მხრივ თანამშრომლობის დიდი პერსპექტივები არსებობს. 

აგროტურიზმის შესაძლებლობების გაზრდა

კიდევ ერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი მიმართულება - აგროტურიზმია - ბოლო წლების პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ ამ კონკრეტულ ტურისტულ პროდუქტზე საქართველოში მოთხოვნა დიდი და მზარდია. 

ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, თითქმის ყოველი მე-3 ტურისტი, რომელთანაც მე მისაუბრია, ეძებს შესაბამის ლოკაციებს აგროტურიზმისათვის - მათ სურთ უშუალო შეხება ჰქონდეთ ქართულ რეალობასთან: ცხოვრება რეგიონებში, სოფლად, მიწასთან, ბუნებასთან და ცხოველებთან ახლოს. 

შემიძლია ვთქვა, რომ ტურისტთა თითქმის 30 პროცენტი სწორედ ამ სეგმენტის მიმართულებით იჩენს ინტერესს და სათანადო შეთავაზებებსა და პაკეტებს ეძებს. რეალობა ისეთია, რომ მოთხოვნილება აჭარბებს შეთავაზებას და ამ მხრივ შესაბამისად დიდი სამუშაოა ჩასატარებელი, რაც სრულიად ახალ პერსპექტივებს გახსნის. 

აგროტურიზმის განვითარებით ჩვენ ვეხმარებით სოფლის მეურნეობას და შესაბამისად ქვეყნის ეკონომიკას, პარალელურად შევანელებთ, ან სრულიად შევაჩერებთ რეგიონების დაცლის პროცესს. ადგილობრივებს მეტი ინტერესი გაუჩნდებათ გააგრძელოს ფერმერული საქმიანობა და აწარმოონ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია, რომელიც ადგილობრივ ბაზარსაც გააჯერებს.

დასკვნა

ზემოთ ჩამოთვლილი მიმართულებები მხოლოდ ნაწილია, თუმცა უმნიშვნელოვანესი სფეროები მთლიანი ტურიზმის განვითარებისა. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ მთლიანობაში შევძლოთ ჩვენი ტურისტული პოტენციალის მოდერნიზება და მორგება იმ ახალ რეალობებზე, რომელიც სამყაროში იქმნება და პერიოდულად იცვლება. 

სწრაფი, დაბალანსებული და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღება, შედეგზე ორიენტირება, ეს ის აუცილებელი პირობებია, რომელიც საშუალებას მოგვცემს ვიყოთ კონკურენტუნარიანები საერთაშორისო მასშტაბით. 

ჩვენი ტურიზმი უნდა იყოს ინოვაციური, მოქნილი, სწრაფად რეაგირებადი და ჭკვიანი, რათა არამარტო შევინარჩუნოთ დღევანდელი პოზიციები, არამედ კიდევ უფრო გავაძლიეროთ და გავაფართოოთ ის გეოგრაფიული არეალი, საიდანაც ტურისტები მოემართებიან საქართველოში. 

ქართული ტურიზმი ყველა სეგმენტზე უნდა იყოს ორიენტირებული და მან უნდა შესთავაზოს საინტერესო ტურისტული პაკეტები როგორც მაღალშემოსავლიან ტურისტებს, ასევე დაბალშემოსავლიან ტურისტებს. საამისოდ ყველა პირობა არსებობს, საჭიროა სწორი მიდგომების შემუშავება და დიდი შრომა, რაც აუცილებლად მოგვცემს მომავალში სასურველ შედეგებს.     

ავტორი: ანა კალანდაძე

(R)

DMO.GE


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.