ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ლეჩხუმში, ხვამლის მთაზე ნაპოვნი ნაფეხური, შესაძლოა, დინოზავრის აღმოჩნდეს
13 ნოემბერი, 2017

როგორც ამბობენ, ხვამლის მთით ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში დაინტერესდნენ ბერძნები. მის მიმართ თურმე სტალინი და ჰიტლერიც არ მალავდნენ ინტერესს… რამდენიმე დღის წინ პროფესორმა ირაკლი ჯულაყიძემ “ფეისბუკის” პირად გვერდზე ფოტოები გამოაქვეყნა წარწერით: ხვამლის პალეოზოოლოგიური მასალა… ფოტოებმა საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. ამ საკითხზე პროფესორი ვასო გაბუნია გვესაუბრა, რომელიც თითქმის 30 წელია პალეონტოლოგიაში მუშაობს:

– მარტვილის კანიონი, ხვამლის მთა და ენგურჰესის მიმდებარე ტერიტორია ერთი და იგივე – მეზოზოური ხანის ქანებით არის აგებული. პოპულარული ენით რომ ვთქვათ, ეს დინოზავრების პერიოდია. ეს ქანები ძალიან საინტერესოა და ამ მიმართულებითაც ჩვენ ხვამლზე მსოფლიოდან მრავალი ტურისტის მოზიდვა შეგვიძლია…

ხვამლის მთას კარგად ვიცნობ, 2007 წელს, ექსპედიციაში გურამ გაბიძაშვილთან ერთად ვიყავი. გურამი მთას ისტორიული და არქეოლოგიური თვალსაზრისით იკვლევდა, მე უფრო პალეონტოლოგიური მიმართულებით…

ხვამლზე პირველად ყოფნისას, მეტად საინტერესო რამ შევნიშნე, კამერა მოვიმარჯვე და ვიდეოს გადაღება რომ დავიწყე, სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ელემენტები უკვე დამჯდარი იყო. ძალიან ხანმოკლე ვიდეოკადრი დამრჩა…

fb

როდესაც ვიდეოკადრი ჩამოვიტანე და მეცნიერებს ვაჩვენე, ძალიან დაინტერესდნენ. სამწუხაროდ, დღესდღეობით  სავარაუდოდ, მცირე ზომის დინოზავრის კარგად შემონახული ნაფეხურებია.

– რატომ არ არის ეს ცნობილი ხვამლზე თუ დინოზავრის ნაფეხურებია ნაპოვნი?

– არ არის ცნობილი, რადგან ჯერაც ვერ შევისწავლეთ ბოლოდე.  შეიძლება ეს იყოს ბუნების თამაში, თუმცა საკმაოდ კარგად ეტყობა და მეცნიერებმაც საფუძვლიანი ვარაუდი გამოთქვეს, რომ ეს მართლაც დინოზავრის ნაფეხურია. მარტვილის კანიონი დინოზავრის ნაკვალევით გახდა ასე პოპულარული… ხვამლზე საკმაოდ პატარა დინოზავრის ნაფეხური ჩანს. ეს დაახლოებით ის პერიოდია და იგივე ქანებია სათაფლიაში, სადაც დინოზავრის ნაფეხურები ნამდვილად არის!

სამწუხაროდ, საქართველოში პალეონტოლოგია, როგორც მეცნიერება მოკვდა და მეცნიერებიც აღარ გვყავს, რაც სხვა სტატიის თემაა…

“ფეისბუქში” გავრცელებული ფოტოებიდან ერთ-ერთი ზღვის ზღარბის ნიჟარაა. ერთ-ერთი ამონიტი კი ძალიან საინტერესოა, რადგან გაშლილია და გაშლილი ამონიტები იშვიათია. ჯერ არ არის დადგენილი ცალკე სახეობები იყო თუ, უბრალოდ, სიმახინჯე, რაც ჩნდება ხოლმე ბუნებაში…

 
საერთოდ ჩვენი ტურიზმი ასეა: წაიყვანე ტურისტი, ანახე სილამაზე და მორჩა… ეკოტურიმზის ერთ-ერთი განხრაა სამეცნიერო ტურიზმი, რომლის განვითარების შესახებაც სხვადასხვა პროექტები გვაქვს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. პირველ რიგში ეს ხვამლსა და ასხზე შეიძლება განვითარდეს. ხვამლი და ასხი, ფაქტობრივად, ერთი მთა იყო, შემდეგ დააშორა რიონმა და ცხენის წყალმა… ორივეგან ბევრი რამეა საინტერესო! ასხზე წელს თითქმის ორი კვირა ვიყავი მწყემსებთან ერთად. ბევრი ადგილი ვერ მოვიარე, რადგან გვალვა იყო, წყლის ნაკლებობა, მტვრიანი და ქარიანი ამინდები…

მომავალ წელს ვაპირებ გაზაფხულზე ისევ ავიდე. იქ ძალიან თავისებური და უნიკალური ფლორაა. განსხავება ხვამლსა და ასხს შორის ის არის, რომ ხვამლზე ტყეა, ასხზე კი არა…

– თქვენ ახსენეთ რომ ხვამლზე ჩვენ ტურისტები სხვა მიმართულებითაც შეგვიძლია მოვიზიდოთ, გარდა იმისა რომ ძალიან საინტერესო ლეგენდებია გავრცელებული…

– რასაკვირველია! მე ლეგენდების წინააღმდეგიც არ ვარ. ამჯერად ეკოტურიზმის მიმართულებით ლექციებს ვკითხულობ უნივერსიტეტში და სტუდენტებს ხშირად ვეუბნები მოიძიეთ თქვენს სოფელში ლეგენდები, თქმულებები-მეთქი… ეს უნდა შემოვინახოთ. სხვა ქვეყნებში რომ ვყოფილვარ, ყველაფერს კრიტიკული თვალით ვუყურებდი და აშკარად ვატყობდი რომ ბევრ რამეს მატყუებდნენ. თუმცა შენ თუ ამას ტურისტს მიაწვდი როგორც ჰიპოთეზას, მაშინ, კი ბატონო… ტურისტს არ უნდა უთხრა რომ პრომეთე კლდეზე ჰყავდათ აქ მიბმულიო და მტკიცებულებად ელიავაზე ნაყიდი ჯაჭვი უჩვენო. 

ერთ-ერთი წამყვანი ტურისტების მისაზიდად შეიძლება ეს მიმართულება გახდეს, სხვებთან ერთად! ხვამლზე განძი ვერა, მაგრამ ძალიან საინტერესო არტეფაქტები კი იპოვეს. წელსაც იყო ექსპედიცია, შარშანაც, შარშანწინაც, ეს გურამ გაბიძაშვილის ექსპედიციის გაგრძელებაა… იქ მთაზე არის ეკლესია, რომელიც, თუ არ ვცდები, მე-19 საუკუნეშია აგებული. იქვე მიაგნეს მშრალი წყობით, უზარმაზარ ნაშენებს. აღმოჩნდა, რომ ქრისტიანული სალოცავი წარმართულ სალოცავზეა აგებული, საკმაოდ საინტერესო ფორმის, თითქმის შუმერული ტიპის კონტურები აქვს. იქ გათხრები კიდევაა ჩასატარებელი, მაგრამ ერთი რამ უკვე ცხადია, ძალიან ძველია – იმ დროინდელი, როდესაც კირს არ ვხმარობდით…ნაპოვნია ასევე ძალიან დიდი ქვებით ნაგები, უზარმაზარი სტრუქტურა. მსგავსი ტიპის ნაგებობა სამცხე-ჯავახეთში გვხვდება. ჩვენამდე დაახლოებით ხუთი ათასი წლის წინაა აგებული. 

არქეოლოგების საქმიანობაში ვერ ჩავერევი, ხვამლზე ჩემი ინტერესი იყო პალეონტოლოგიური მასალა გვეპოვა. ხვამლი ძალიან მდიდარია ამ მხრივ…

თითქმის 30 წელია პალეონტოლოგიაში ვმუშაობ და ისეთ რამეს ვამჩნევ, რასაც შეიძლება სხვებმა გვერდი ჩვეულებრივად ჩაუარონ. მარტვილში, მაგალითად, ერთი ადგილი ვიპოვე, საიდანაც ნებისმიერ ტურისტს შეუძლია სუვენირის სახით ნიჟარის წაღება. ამ დროს ნიჟარა იქ მდებარეობით მოწმობს, რომ იქ ძალიან ძველი, დინოზავრის პერიოდის ფსკერზე დადიხარ…

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)

imedinews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.