ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მთავრობა ზამთრის ახალი კურორტების განვითარებაზე მუშაობს
14 დეკემბერი, 2017

მთავრობას ზამთრის კურორტების განვითარების სწორი ხედვა აქვს - ამის შესახებ „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ხელმძღვანელი სანდრო ონოფრიშვილი რადიო „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს. ონოფრიშვილის თქმით, ყველა არსებულ და პოტენციურ კურორტზე განვითარების სამოქმედო გეგმა იწერება, როგორი უნდა იყოს კურორტი და ეს დოკუმენტი ინვესტორებისთვის ერთგვარი გზამკვლევი გახდება.

„გუდაურის შემთხვევაში განაშენიანების გეგმა მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო კანადურ კომპანიას გავაკეთებინეთ, რომელსაც 1000 -ზე მეტი კურორტი აქვს დაპროექტებული. ამ ეტაპზე გეგმა ეკონომიკის სამინისტროშია, მიგვაჩნია, რომ გუდაურში მაღალი სასტუმროების მშენებლობა არ უნდა მოხდეს. მიტარბის შემთხვევაში ველოდებით განაშენიანების გეგმას, რომ შემდეგ კურორტის აქტიური სამშენებლო სამუშაოები დაიწყოს. მიტარბის აქვს პოტენციალი, რომ ევროპაში ერთ-ერთი გამორჩეული კურორტი გახდეს. გოდერძის უკვე აქვს განაშენიანების რეგულირების გეგმა და კურორტი ამის მიხედვით ვითარდება,“ — აცხადებს ონოფრიშვილი.

მისივე თქმით, ბაკურიანს არ ჰქონდა კარგი მდგომარეობა მშენებლობის თვალსაზრისით, ხდებოდა ქაოტური განაშენიანება, თუმცა ამას წერტილი დაესვა. სანდრო ონოფრიშვილის ინფორმაციით, თებერვალში დასრულდება სვანეთის განაშენიანების რეგულირების გეგმაზე მუშაობა, დაიდება პროექტი იმისათვის, რომ თეთნულდი უფრო მიმზიდველი გახდეს მსოფლიოსთვის.

„მულახის თემში 11 სოფელია. ის უნიკალურია და არ შეიძლება ეკონომიკა და ბიზნესი სწრაფი ტემპებით ჩაერიოს და მოხდეს სოფლების დამახინჯება. ფაქიზი მიდგომაა საჭირო, ამიტომ ველოდებით გეგმას“, — აცხადებს ონოფრიშვილი.

„მთის კურორტების განვთარების“ კომპანიის ხელმძღვანელის განცხადებით, აქტიურად მიდის რაჭაში ბუბას მყინვარის, თუშეთის, ხევსურეთის, ბახმაროს შესწავლა.

„ჩვენ ვიცით, რომ ბახმაროს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, ინფრასტრუქტურის სამინისტრო ითვლის, რა დაჯდება ზამთრის კურორტის მოვლა-პატრონობა. დიდი აქცენტია ბუბას მყინვარზე რომ ზამთრის კურორტი გაკეთდეს. თუშეთში არ უნდა მოეწყოს ისეთივე კურორტი, როგორიც გუდაური და ბაკურიანია, იქ ბევრი ექსკლუზიური ადგილია. არ მგონია, რომ 2018 წელს ბახმარო ზამთრის კურორტად მოგვევლინოს, მიდის გათვლები და უახლოეს მომავალში გვეცოდინება როგორ უნდა განვითარდეს ბახმარო“, დასძენს ონოფრიშვილი.

ავტორი: სალომე სოსელია

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.