ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„ნაკიშერში“ ონიანის კოშკსა და მაჩუბს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
29 დეკემბერი, 2017

ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სოფ.ჩუკულში, უბან „ნაკიშერში“ მდებარე ონიანის კოშკსა და მაჩუბს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ონიანის კოშკი და მაჩუბი გვიან შუა საუკუნეებს მიეკუთვნება. მაჩუბი ორსართულიანია.

პირველ სართულზე ბოსელი და საკუჭნაოა. დასავლეთის კედელში სათოფურის მაგვარი ღიობებია. სამხრეთ და დასავლეთ კედლის გაყოლებაზე 2 მეტრის სიგანეზე საქონლის დასაბმელი ხის თაღებიანი ბარიერია. მის წინ ბაგაა მოწყობილი. ბარიერი შემკულია ჭედური ორნამენტით, ჭარბობს სამკუთხედებისა და ბორჯღალის გამოსახულება. ბოსლის ჩრდილოეთ კედელში 4 თაღჩაა გაკეთებული. ბოსელი გადახურულია ხის დედაბოძზე დამყარებული მორებით, დირებითა და კოჭების ოთხკუთხა წყობით, რომლებზეც დალაგებულია ფიცრები.
მეორე სართული საცხოვრებელია. შედგება ერთი დიდი ოთახისგან. ნაგებია მხირე ზომის ფიქალებით. იატაკი ფიცრულია.

დარბაზს აღმოსავლეთიდან მიდგმული აქვს აივანი, რომელზე ასასვლელი ფიქალის კიბე ახლა ლითონის კიბითაა შეცვლილი. კოშკი ოთხკუთხაა. ნაგებია ფიქალისგან. ოთხსართულიანია. პირველ სართულზე შესასვლელი აღმოსავლეთიდანაა. პირველი სართული მარანია. მეორე სართული სამხრეთი კარით მაჩუბს უკავშირდება. კედლის კუთხეებში თაღჩებია გაკეთებული. კედლებში აქვს სარკმელი და სათოფურები. მესამე სართულს მხოლოდ ერთი სარკმელი აქვს. დანარჩენი ნაწილი ყრუა. მეოთხე სართული საბრძოლო სხვენია. კედლებში ჩატანებულ ნიშებში სათოფურებია გაკეთებული.

ავტორი: მაია დემეტრაშვილი

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.