ქუთაისსა და ვენას შორის ავიამიმოსვლა იწყება. დაბალბიუჯეტიანი უნგრული ავიაკომპანია Wizz air ქუთაისიდან ვენის მიმართულებით პირველ რეგულარულ რეისს 11 ოქტომბერს შეასრულებს.
პირველი რეისი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ვენის მიმართულებით 07:25 წუთზე შესრულდება. რეგულარული ფრენები კკვირაში ორჯერ: ხუთშაბათსა და კვირას განხორციელდება.
ავსტრია რიგით მე-15 ქვეყანა და 21-ე მიმართულებაა, სადაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი ფრენები სრულდება.
“ქუთაისის აეროპორტმა ამიერკავკასიის საავიაციო ბაზარზე თავისი ნიშა დაიმკვიდრა. აეროპორტს დაემატა ახალი სერვისები, გაიზარდა დამატებით კომერციული ფართებისა და კვების ობიექტების რაოდენობა, საგრძნობლად გაიზარდა მგზავრთნაკადი. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ავიაკომპანია ვიზ ეართან 6 წლიანი ნაყოფიერი და საკმაოდ წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს. 2012 წლიდან მოყოლებული დღემდე ავიაკომპანია ქუთაისის აეროპორტიდან ახალ მიმართულებებს ეტაპობრივად ამატებს. რამდენიმე ქვეყანასთან საქართველომ პირველად დაიწყო პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა სწორედ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის საშუალებით და, რაც მთავარია, ჩვენი მოქალაქეებისთვის ევროპაში მგზავრობა ხელმისაწვდომი გახდა,-‘’აცხადებენ ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში“.
www.travelingeorgia.ge