ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
როდის მოახერხებს თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები 2019 წლის მგზავრთნაკადის დაბრუნებას – თეა ზაქარაძის პასუხი
09 დეკემბერი, 2022

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia იმედოვნებს, რომ ბათუმში 2023 წელს 2019 წლის ტრაფიკს დაიბრუნებს, თუმცა თბილისის შემთხვევაში შესაძლოა გაუჭირდეს. თუმცა ოპტიმისტური სცენარის მიხედვით, რაც ბაზარზე ახალი მოთამაშეების გამოჩენას გულისხმობს, პანდემიამდელი მაჩვენებლების აღდგენა რეალობაა.

„ზოგადად არ მიყვარს სიტყვა სამწუხაროთი საუბრის დაწყება, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ სამწუხაროდ ვერც თბილისში და ვერც ბათუმში ვერ დავიბრუნეთ მგზავრთა ის რაოდენობა, რომელიც 2019 წელს გვქონდა. წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 3 მლნ-მდე მგზავრით ჩახურავს, რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს 620 ათას მგზავრს მოვემსახურეთ.
ვფიქრობთ, რომ 2023 წელს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი შეძლებს, რომ დაიბრუნოს 2019 წლის ტრაფიკი. ხოლო რაც შეეხება თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ვფიქრობთ, რომ 2023 წლისთვის ცოტა გაგვიჭირდება, რომ 2019 წლის ტრაფიკი დავუბრუნოთ, თუმცა ეს დამოკიდებულია იმაზე რამდენი ახალი ავიაკომპანია შემოვა და ვინ იქნება მოთამაშეები. ამიტომ ვართ განწყობილი ოპტიმისტურად, და გვინდა რომ ახალ ავიაკომპანიებს მოვემსახუროთ“, – განაცხადა TAV Georgia-ის გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი აცხადებს, სამოქალაქო ავიაცია ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დარგია. ლევან დავითაშვილის განმარტებით, დარგი დღეს 80-85%-იან აღდგენის ნიშნულზე იმყოფება და უპრეცენდენტოდ სწრაფად უბრუნდება პანდემიამდე არსებულ მაღალ მაჩვენებლებს.

„პოსტპანდემიურმა პერიოდმა კიდევ უფრო თვალნათლივ დაგვანახა, თუ რამდენად დიდი როლი აქვს ავიაციას ქვეყნის ეკონომიკის და ტურიზმის სწრაფი აღდგენის პროცესში.
დარგი, რომელიც გლობალური და ადგილობრივი შეზღუდვების პირობებში სრულად იყო გაჩერებული, დღეს 80-85%-იან აღდგენის ნიშნულზე იმყოფება და უპრეცენდენტოდ სწრაფად უბრუნდება პანდემიამდე არსებულ მაღალ მაჩვენებლებს. მუდმივად მზარდი და პროგრესზე ორიენტირებული საავიაციო სექტორის მნიშვნელობა, მასში დასაქმებულთა პროფესიონალიზმი და მაღალი კვალიფიკაცია ჩემთვის სანიმუშოა და ყოველთვის იქნება საყოველთაო აღნიშვნის ღირსი.
საავიაციო სექტორში დასაქმებულ პროფესიონალთა ცოდნის, შემართების, დაუღალავი შრომის და კოორდინირებული მუშაობის შედეგია ის, რომ ჩვენი მოქალაქეები და ქვეყნის სტუმრები საიმედოდ და კომფორტულად გადაადგილდებიან მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხოდ აღიარებული საჰაერო ტრანსპორტით, საავიაციო ბაზარს ყოველწლიურად ემატება ახალი ავიაკომპანიები და მიმართულებები, მუდმივად უმჯობესდება მგზავრთა უფლებების დაცვის, საავიაციო უსაფრთხოებისა და უშიშროების სტანდარტები, ახლდება საავიაციო ინფრასტრუქტურა, წარმატებით ვითარდება საავიაციო სატვირთო გადაზიდვების მიმართულება, საქართველო კი ღირსეულად პოზიციონირებს წამყვან საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებში“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
რაც შეეხება არსებულ სტატისტიკურ მაჩვენებლებს 2022 წლის ნოემბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 232 092 მგზავრს მოემსახურა, რაც 2019 წლის იმავე თვის მგზავრთნაკადის რაოდენობაზე 8%-ით მეტია, ხოლო 2021 წლის ნოემბრის მონაცემებთან შედარებით, 42%-იანი ზრდაა.
TAV Georgia-ს მაჩვენებლების თანახმად, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 2022 წლის ნოემბერში 34 153 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის იმავე თვის მაჩვენებელს 15%-ით, ხოლო 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 30%-ით აღემატება.
2022 წლის ნოემბერში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 100%-ით აღდგა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2022 წლის ნოემბრის თვეში, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტით 71,746 მგზავრმა ისარგებლა. (2019 წლის ნოემბერი 72,032 მგზავრი).
2022 წლის ნოემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ზრდა იყო ავიარეისების რაოდენობის კუთხით. გასულ თვეს აეროპორტში რეისები 7 %-ით გაიზარდა და 268 რეისს მოემსახურა. ( 2019 წლის ნოემბერი – 250 რეისი).
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 5 ავიაკომპანია 17 ქვეყნის 28 მიმართულებით ოპერირებს.

avianews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.