ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
3000-ზე მეტ მოქალაქეს ევროპის ქვეყნებში შესვლა შეეზღუდა - შს მინისტრის მოადგილე
13 სექტემბერი, 2022

3000-ზე მეტ მოქალაქეს შეეზღუდა უკვე ევროპის ქვეყნებში შესვლა, - აღნიშნულის შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ბელგიის სამეფოს სახელმწიფო მდივანთან თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში - ნიკოლ დე მურთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა. დარახველიძის განმარტებით, აეროპორტებში ამოქმედდა გასვლის კონტროლის სისტემა, რაც ოფიცრების მიერ ადგილზევე საბუთების შემოწმების გულისხმობს.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უვიზო მიმოსვლისა და ასოცირების დღის წესრიგით ნაკისრი ვალდებულებების წარმატებით განხორციელებისთვის არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სამინისტრომ გააფართოვა ატაშეების ქსელი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და ისინი უკვე 19 ქვეყანას ფარავენ, კრიმინალიზებული გახდა საქართველოდან პირის, მიგრანტის ორგანიზებულად გაყვანა იმისათვის, რომ იგი უსაფუძვლოდ დარჩეს ევროპაში და მიიღოს გარკვეული ტიპის ბენეფიტები, ასევე, აეროპორტებში დაინერგა გასვლის კონტროლის სისტემა.

„რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანის და ჩვენი მოქალაქის ვალია, რომ მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს და არ დავუშვათ ის თუნდაც მცირედი გადაცდომები, რომლებიც ამ მიმართულებით არსებობს. რაც შეეხება გადადგმულ ნაბიჯებს, პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ გავაფართოეთ ატაშეების ქსელი ევროპის სხვადასხვა ქვეყნაში და შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშეები უკვე 19 ქვეყანას ფარავენ, ასევე, კრიმინალიზებული გახდა საქართველოდან პირის, მიგრანტის ორგანიზებულად გაყვანა იმისათვის, რომ იგი უსაფუძვლოდ დარჩეს ევროპაში და მიიღოს გარკვეული ტიპის ბენეფიტები. ჩვენ აეროპორტებში ავამოქმედეთ გასვლის კონტროლის სისტემა, რაც გულისხმობს, რომ ჩვენი ოფიცრები ადგილზევე ამოწმებენ იმ საბუთებს, რაც, იდეაში, ევროპის აეროპორტებში უნდა შემოწმდეს და თუ დოკუმენტებში აღმოჩნდება დარღვევა, ან პირს აქვს გარკვეული აკრძალვები, ბუნებრივია, ხდება მისი რეისიდან მოხსნა და ვეღარ გაემგზავრება ევროპაში. 3000-ზე მეტ მოქალაქეს შეეზღუდა უკვე ევროპის ქვეყნებში შესვლა.

გარდა ამისა, აქტიურად ვთანამშრომლობთ ფრონტექსთან. ფრონტექსის ოფიცრები ჩვენს აეროპორტებში, ჩვენს კოლეგებთან ერთად, აქტიურად მუშაობენ იმისათვის, რომ თუ იქნება ნებისმიერი ტიპის ხარვეზები და ეჭვები, რომ შესაძლოა, პირი, იმ სიკეთეს, რაზეც საუბარი იყო, იყენებდეს არასწორი მიზნებისათვის და ასე ვთქვათ, სხვა დაუსაბუთებელი მიზნებისათვის, ამ შემთხვევაში, დროულად მოხდეს მისი გამოსწორება.

შეხვედრის დროს დავსახეთ სხვადასხვა მიმართულებით მუშაობის გაგრძელების პერსპექტივები. ეს შეიძლება იყოს გარკვეულ წილად ინფორმაციის გაცვლა, ასევე, ოფიცრების გაგზავნა ბელგიაში, იმისათვის, რომ ჩვენს კოლეგებს დროულად მივაწოდოთ ინფორმაცია, თუკი, ვთქვათ, ადგილი აქვს, იგივე, სახელის შეცვლას, გვარის შეცვლას, რასაც აქტიურად იყენებენ ევროპის ქვეყნებში შესასვლელად ჩვენი მოქალაქეები. ასევე, სხვადასხვა მიმართულებით ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს ჩვენ საფრანგეთთან ამ კუთხით. დაისახა გეგმა, რომ ბელგიასთანაც გაგრძელდეს ამ კუთხით მუშაობა. ვფიქრობთ, მიუხედავად იმისა, რომ მილიონ ნახევარი ვიზიტიდან ძალიან მცირეა გადაცდომების რაოდენობა, ჩვენი საერთო ძალისხმევა და ერთობლივი მონდომება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, რომ ეს რაოდენობაც კი მნიშვნელოვნად იქნას შემცირებული“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

როგორც თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში ბელგიის სამეფოს სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, აპლიკაციების მზარდი რიცხვია. „ამ წელს, ივლისის ჩათვლით, თავშესაფრის მიღების 630 განაცხადი შემოვიდა“.

„მინისტრ გომელაურთან მქონდა საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა. კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ საქართველოსა და ბელგიას კარგი პარტნიორული ურთიერთობები აქვთ. მოხარული ვართ, გავუღოთ კარები იმ ქართველებს, რომლებსაც სურთ, ისწავლონ ან იმუშაონ ბელგიაში. ამისათვის კი ჩემს ქვეყანაში სპეციალური პროცედურები და კრიტერიუმები არსებობს.

ერთ-ერთი მიზეზთაგანი, რისთვისაც ჩამოვედი, არის ამ პროცედურების კიდევ უფრო კარგად ახსნა. რაც შევამჩნიე, არის ის, რომ ვრცელდება „ფეიკ ნიუსები“ ბელგიაში მიგრაციასთან დაკავშირებით. არსებობს კანონიერი და არაკანონიერი მიგრაციის გზები და უმნიშვნელოვანესია, რომ ქართველებს ჰქონდეთ სწორი ინფორმაცია ბელგიაში კანონიერი გზით მიგრაციასთან დაკავშირებით, იმისათვის, რომ ბელგიაში ჩასვლისას არ დახვდეთ უსიამოვნო მოულოდნელობები.

მსურს, სამ ასპექტზე გავამახვილო ყურადღება. პირველი - ქართველების მიერ თავშესაფრის მოთხოვნის შემთხვევების ძალიან მცირე ნაწილი კმაყოფილდება, რადგან ბელგიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. მეორე - თავშესაფრის მოთხოვნა არასოდეს კმაყოფილდება ეკონომიკური მდგომარეობის საფუძველზე. უარყოფითი გადაწყვეტილებების მიღება ხორციელდება ძალიან სწრაფად და მათ, ვინც კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებენ, სასწრაფო წესით უნდა დატოვონ ქვეყანა. ისინი, ვინც ბელგიას ტურისტულად ეწვევიან, უნდა აკმაყოფილებდნენ შესვლის კრიტერიუმებს და დარჩენა მხოლოდ შეზღუდული დროით შეუძლიათ, ვიზის გარეშე. საზღვართან მოხდება სიღრმისეული შემოწმება.

მესამე - თუ თქვენ გაგაჩერებენ საზღვართან, ან არ გაგაჩნიათ ვიზა, თქვენ ქვეყნის დატოვებას მოგთხოვენ და თუ საჭირო გახდება, იძულებით დაგაბრუნებენ თქვენს ქვეყანაში. ჩვენმა ქვეყნებმა შეიმუშავეს ეფექტიანი პროცედურა, რაც ასევე მოიაზრებს მოგზაურობის აკრძალვას. ბოლო რჩევა, რაც მსურს მოგცეთ, არის ის, რომ საქართველო სწრაფად ვითარდება. მსურს, ვურჩიო ახალგაზრდებს, რომ განაგრძონ შესაძლებლობების მოძიება თავიანთ ქვეყანაში, აქ არსებობს შესაძლებლობები, ბელგიაში ცხოვრება კი ყოველთვის იოლი არ არის. მინდა, მადლობა გადავუხადო ქართულ მხარეს და მინისტრს მიგრაციის საკითხებში ეფექტიანი თანამშრომლობისთვის, - განაცხადა თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში ბელგიის სამეფოს სახელმწიფო მდივანმა, ნიკოლ დე მურმა.

შსს-ს ინფორმაციით, ნიკოლ დე მურისა და ვახტანგ გომელაურის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს და სამომავლო ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები დასახეს.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ევროკავშირსა და შენგენის სივრცეში საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული საკითხები და ამ კუთხით არსებული გამოწვევების საპასუხოდ შემუშავებული მექანიზმები.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.