ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თბილისში "კულინარიუმ ხაშერია" 2 ახალ ლოკაციაზე გაიხსნება
21 მარტი, 2023

„კულიანრიუმ ხაშერია“ ახალ მისამართზე გადადის. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ცნობილმა რესტორატორმა და აღნიშნული კვების ობიექტის მფლობელმა, თეკუნა გაჩეჩილაძემ განუცხადა, ერთის ნაცვლად, დედაქალაქში „ხაშერიას“ 2 ფილიალი გამოჩნდება.

„მოგეხსენებათ, ჩვენი ობიექტი აბანოთუბანში ფუნქციონირებდა 7 წლის განმავლობაში. თუმცა, ამჟამად, ფართის მფლობელთან ვეღარ შევძელით კონტრაქტის გაგრძელება, რადგან მან თავადაც გადაწყვიტა იქ რესტორნის გახსნა. ამიტომ, მოგვიწია იმ ფართის დატოვება და ხვალიდან უკვე ვიხსნებით „ბაზარი ორბელიანზე“. პირველ სართულზე განთავსდა ჩვენი „კულიანრიუმ ხაშერია“ და შეემატა იქ არსებული მრავალფეროვანი კვების ობიექტების სიას“, - აღნიშნა თეკუნა გაჩეჩილაძემ.

მისივე ინფორმაციით, „კულიანრიუმ ხაშერია“-ს მეორე ობიექტი კი, გუდიაშვილის ბაღში გაიხსნება.

„ოფიციალურად გუდიაშვილის მოედნის გახსნა 30 მაისს იგეგმება და გვინდა, რომ ამ დღეს დავამთხვიოთ ჩვენი რესტორნის გახსნაც. გარდა ამისა, სამომავლოდ განვიხილათ რეგიონებში გასვლასაც და საწყის ეტაპზე, არ არის გამორიცხული „კულიანრიუმ ხაშერია“-ს პატარა ფილიალი კახეთში გამოჩნდეს“, - განმარტა „კულიანრიუმ ხაშერია“-ს დამფუძნებელმა.

მისივე განმარტებით, თავისი კონცეფციიდან გამომდინარე, „კულიანრიუმ ხაშერია“ საქართველოში ძალიან მოთხოვნადია და მას არა მხოლოდ კვებითი, თერაპიული დანიშნულებაც აქვს.  შესაბამისად, კვების ობიექტს როგორც ადგილობრივები, ისე უცხოელები სტუმრობენ.

„კულიანრიუმ ხაშერია“-ში ხაშის გარდა, სხვა ბევრი საინტერესო კერძიცაა წარმოდგენილი.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.