ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თეკუნა გაჩეჩილაძე: ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ფასები ყოველ თვე გავზარდოთ
21 მარტი, 2023

ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი პრობლემებს სარესტორნო ბიზნესშიც ქმნის. როგორც  ცნობილი შეფ-მზარეული და რესტორნების ქსელის მფლობელი თეკუნა გაჩეჩილაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რესტორნებს არ აქვთ შესაძლებლობა ფასები ინფლაციის პირდაპირ პროპორციულად გაზარდონ.

„თუ ამას გავაკეთებთ, ვიცით რომ დავკარგავთ მომხმარებელს. ამიტომ, ინფლაციის პარალელურად ფასებს ვერ ვზრდით. ინფლაცია ყოველთვიურია, ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ფასები ყოველ თვე გავზარდოთ. კვების ობიექტების დიდი ნაწილი ძალიან წვალობს იმ მხრივ, რომ ხშირად  რესტორნის ფასები თვითღირებულებასაც ვერ ფარავს.

ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ რესტორანი მხოლოდ პროდუქტის ყიდვაა, რამხელა გადასახადებია იმას ვერ აღიქვამენ. პირობითად, პომიდორი თუ ღირს 5 ლარი ბაზარში  და რესტორანში სალათის ღირებულება 15 ლარია, უკვირთ. არადა, რესტორანს გადასახდელი აქვს საშემოსავლო, ხელფასები, კომუნალურები“, - განმარტავს თეკუნა გაჩეჩილაძე.

მისივე ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში, მაღალი ინფლაციის პირობებში, რესტორნებს ფასების დაკორექტირება მოუწიათ ზრდის მიმართულებით, ამას მომხმარებლების რაოდენობაზე არ უმოქმედია. იხსნება ახალი რესტორნებიც და სარესტორნო ბიზნესი საქართველოში მუდმივად დატვირთულია.

შეგახსენებთ, შეფ-მზარეულ თეკუნა გაჩეჩილაძე რესტორნების ქსელის მფლობელია, რომელიც  აერთიანებს მაღალი კლასის სამ რესტორანსა და კულინარიულ სკოლას, რომელსაც ქართულ ბაზარზე ანალოგი არ ჰყავს. ქსელი წარმოდგენილია ორი რესტორნით: "კულინარიუმ ხაშერია" და "ტაკერია". გარდა ამისა, თეკუნა გაჩეჩილაძე არის კახეთში,დასასვენებელი სივრცის „ვერცხლის ბაღები“ (silver lakes farm)  თანადამფუძნებელი.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.