ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
უახლოეს პერიოდში ახალი ზოოპარკის ტერიტორიაზე გარე ვოლიერების მშენებლობა დაიწყება
04 მარტი, 2024

ახალი ზოოპარკის მშენებლობა აქტიურ ტემპში გრძელდება. როგორც ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე ‘’ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, მშენებლობის სპეციფიკიდან გამომდინარე, პროექტი გარკვეულ სირთულეებს აწყდება, თუმცა პროცესი არ შეფერხებულა და ამ ეტაპზე მთავრდება ორი ექსპოზიციის მოწყობა: ,,აფრიკის სავანა“ და ,,დიდი მტაცებლები“, რის შემდეგაც გარე ვოლიერების მშენებლობა დაიწყება.

,,პროექტმა საკმაოდ აქტიური ტემპი აიღო. თუმცა დეტალებზე კონკრეტულად საუბარი მიჭირს, ამ დროისთვის ვერ გეტყვით, როდის დასრულდება ახალი ზოოპარკის მშენებლობა, უკვე  ორი მნიშვნელოვანი ექსპოზიციის მშენებლობა სრულდება, როგორიცაა ,,აფრიკის სავანა’’ და ,,დიდი მტაცებლები’’. ახლა მთავრდება  ზამთრის შენობები და შემდეგ უკვე გარე ვოლიერების მშენებლობა უნდა დაიწყოს. ასევე მიმდინარეობს ,,მაიმუნების კუნძულის“ მშენებლობა. ვოლიერებს დავამთავრებთ და შემდეგ უკვე შესაბამისი ცხოველების გადაყვანას დავიწყებთ. ერთ თვეში ზუსტი სურათი გამოიკვეთება. მოვახერხეთ ისე, რომ საკმაოდ მცირე თანხებში დავიწყეთ მშენებლობა.

წელიწადზე მეტია, მშენებლობა მიმდინარეობს, იმდენად  სპეციფიკურია, რომ თავს იჩენს ხოლმე გარკვეული პრობლემა, რასაც არქიტექტორები და  კონსტრუქტორები აწყდებიან.  ასეთი პროექტის გამოცდილება აქამდე არ იყო, თუმცა ამის გამო რაიმე სერიოზული შეფერხება არ გვქონია“, - აცხადებს ზურაბ გურიელიძე.

მისი განმარტებით,  ახალი ზოოპარკის სივრცე ბიოგეოგრაფიული რეგიონების მიხედვით დაიყოფა: აფრიკა, კავკასია, აზია (ტროპიკული და მთიანი), სამხრეთ ამერიკა, ავსტრალია და ჩრდილოეთ ამერიკა. წელს კავკასიისა და აფრიკის  სივრცეების მოწყობა დასრულდება, რის შემდეგაც აზიის მშენებლობა დაწყება არის დაგეგმილი. 

რაც შეეხება  ორი ვოლიერის მშენებლობას, მისი საინვესტიციო ღირებულება ₾4 მლნ-ს შეადგენს. ზურაბ გურიელიძის ინფორმაციით, ახალი ზოოპარკის სრულად აღჭურვისთვის დაახლოებით $50 მლნ არის საჭირო.

როგორც ცნობილია, 2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიის შემდეგ გადაწყდა, რომ თბილისის ზოოპარკი ახალი ბინას თბილისის ზღვის ტერიტორიაზე დაიდებს და და მისი ფართობი 48 ჰექტარი იქნება. ჯერჯერობით უცნობია, როდის იგეგმება ახალი ზოოპარკის სრულად გახსნა და როდის შეძლებს პირველ ვიზიტორის მიღებას.

bp.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.