ლეჩხუმის ერთ-ერთ პატარა სოფელში კოოპერატიულმა გაერთიანება „ქულბაქმა“ საკალმახე მეურნეობასთან ერთად ტურიტული ზონაც მოაწყო.
კოოპერატივის თავჯდომარე კახა გასვიანი გვიყვება, რომ საქმიანობა ერთი პატარა ავზითა და დიდი პრობლემებით დაიყო. 2014 წლიდან კი ევროკავშირის პროექტ ENPARD-ის მეშვეობით მეურნეობა კიდევ უფრო მასტაბური გახდა და „ქულბაქმა“ ხუთი ოჯახი გააერთიანა. პროექტიდან მიღებული გრანტით ადგილობრივებმა შეიძინეს ინვენტარი, რამაც მეურნეობის განვითარებას მაქსიმალურად ხელი შეუწყო.
"იდეა თევზის სიყვარულიდან გამომდინარე გამიჩნდა. პატარა ავზითა და დიდი პრობლემებით დავიწყე საქმიანობა. მოგეხსენებათ გამოუცდელი კაცი ბევრ პრობლემას აწყდება.
ნელ-ნელა გარკვეულ ზღვრამდე მივედი, რათა დამეწყო მეურნეობა. ჩამოვაყალიბეთ კოოპერატიული გაერთიანება, რაშიც დაგვეხმარა ENPARD, გავიმარჯვეთ და მივიღეთ 90000 ლარი", - ამბობს კოოპერატივის თავჯდომარე კახა გასვიანი.
დღეისთვის კოოპერატივის საკუთრებაშია 3 ჰა საკალმახე ტბორი და 13 ჰა სხვა თევზის მოსაშენებელი ბუნებრივი ტბორია. კოოპერატივს კალმახი მოშენეული ჰყავს ბუნებრივ, მინერალებით მდიდარ, სუფთა წყალში, რომელიც კალმახის გამრავლებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. სწორედ თევზის სიჯანსაღიდან გამომდინარე, "ქულბაქის" პროდუქციამ უკვე დაიმკვიდრა ადგილი ქართულ ბაზარზე.
"კალმახს უყვარს სუფთა, ცივი და ჟანგბადით სავსე წყალი. ეს პირობები იდეალურია ამ თევზისთვის, რადგან ცივი წყალია და წყლის ტემპერატურა ზამთარსა და ზაფხულში არ იცვლება. მოთხოვნა ძალიან დიდია. ჩვენს რაიონსა და ქუთაისის რესტორნებს მთლიანად ვამარაგებთ, ასევე თბილისშიც იყიდება ჩვენი კალმახი.” - აცხადებს კახა გასვიანი.
კოოპერატივის წევრებმა ადგილზევე მოაწყვეს ტურიტული ზონაც, შესაბამისად ტერიტორიაზე აშენდა სასტუმრო, რომელმაც ტურისტების პირველ ნაკადს უმასპიძლა და დღესაც აქტიურად ფუნქციონირებს. საოჯახო ტიპის სასტუმროს ერთ ჯერზე 14 სტუმრის მიღება შეუძლია.
მეურნეობაში შეინიშნება ქალების მზარდი აქტიურობაც. მათი როლი სასტუმროს საკითხების ორგანიზებაში კოოპერტივის ჩამოყალიბებასთან ერთად მნიშვნელოვნად გაიზარდა. კოოპერატივი ჩამოსულ ტურისტებს სასტუმროს მომსახურებასთან ერთად დამატებით საცხენოსნო და საფეხმავლო ტურებსაც სთავაზობს. როგორც კოოპერატივ ქულბაქში ამბობენ, ადგილობრივ სოფლის მეურნებას ყველაზე მეტად სჭირდება ხელშეწყობა, რადგან მასზე მოთხოვნა ყოველდღე იზრდება. კოოპერატივი განვითარებას განაგრძობს. შესაბამისად, სამომავლოდ იგეგმება როგორც საკალმახე მეურნეობის, ისე ტურისტული ზონის უფრო მასშტაბური ათვისება.
ავტორი: ანუკა ჯოხაძე