ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ზღვაში დაგეგმილ ხელოვნურ კუნძულს პრემიერმა „განსაკუთრებული ობიექტის“ სტატუსი მიანიჭა
02 აგვისტო, 2022

შავ ზღვაში, ბათუმის სანაპიროსთან დაანონსებულ ხელოვნურ კუნძულს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა „განსაკუთრებული ობიექტის“ სტატუსი მიანიჭა.

„შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის/ ნახევარკუნძულის მოწყობა და მასთან დაკავშირებული სამუშაოები,“ – ჩაწერა დადგენილებაში ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც განსაღვრავს „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებს“.

26 ივლსს ცვლილება შევიდა საქართველოს მთავრობის დადგენილებაში „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“.

ბათუმში ხელოვნური კუნძულის მოწყობა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე თორნიკე რიჟვაძემ დააანონსა. არჩევნებამდე 1 ლარად გადასცეს 89 ჰექტარი ზღვა კომპანიას, რომელმაც განაცხადა, რომ ბათუმში კუნძულს ააშენებს.

„უკვე შევთანხმდით კონკრეტულ საინვესტიციო ჯგუფთან, რომ ბათუმში აშენდება პალმას მსგავსი ახალი, ხელოვნური კუნძული. საკმაოდ დიდი ინვესტიცია იქნება გათვალისწინებული. წელს დავიწყებთ სიღრმისეულ კვლევებს. ბათუმში მოვიწვევთ საერთაშორისო არქიტექტორებს, დიზაინერებს, მშენებლებს და როგორც კი კონკრეტული ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობა დამტკიცდება, უკვე ძალიან მალე დაიწყება მისი მშენებლობა.

რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. ეს იქნება, ერთი მხრივ, უნიკალური პროექტი თავისი მნიშვნელობით და ჩვენ უკვე შევძლებთ მსოფლიო პროგრესს უფრო მეტად ავუწყოთ ფეხი და ზღვაშიც შევძლოთ ახალი ტურისტული ლოკაციის გაჩენა და ამას, რა თქმა უნდა, დაემატება ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები და სამუშაო ადგილები,“ – განაცხადა 2021 წელს თორნიკე რიჟვაძემ.

კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ გაავრცელა ვიდეოესკიზი იმის სადემონსტრაციოდ, თუ როგორი იქნება კუნძული ბათუმში.

ხელოვნური კუნძულის პრაქტიკა მსოფლიოში უკვე არსებობს და ცნობილია, რომ ეს მილიარდობით ამერიკული დოლარი ჯდება. მაგალითად, დუბაიში მხოლოდ კუნძულების მოწყობა, სასტუმროებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის გარეშე, 12 მილიარდი დოლარი დაჯდა. ბათუმში კი, ეკონომიკის მინისტრმა კუნძულებზე საუბრის დროს თქვა, რომ ინვესტიცია „სულ ცოტა 100 მილიონი დოლარი იქნება.“

წყარო: https://batumelebi.netgazeti.ge/

 

 




© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.