ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ამსტერდამი
ცნობარი

ამსტერდამი-მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული უამრავი ტურისტი ტკბება ამ სტუმართმოყვარე ქალაქში არსებული ატმოსფეროთი, ამსტერდამის მდიდარი ისტორიითა და კულტურით, დროისგან ხელშეუხებელი XVII საუკუნის არქიტექტურით. ჰოლანდიის დედაქალაქში უამრავი ადამიანი ჩადის არამხოლოდ წითელი შუქურების კვარტლის დასათვალიერებლად და მარიხუანას კაფეშოპებში შესასვლელად, არამედ პირველ რიგში, იმისთვის, რომ იმოგზაუროს არხებზე და მოინახულოს მრავალი (ათასზე მეტი) ტრადიციული და უჩვეულო მუზეუმი, რომლის მსგავსიც მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არის.

ამსტერდამის ტურისტულ მარშრუტებში ჩადებულია მრავალი მუზეუმის მონახულება. სახელმწიფო რეიქსმუზეუმი (Rijksmuseum)  პირველ რიგში, ცნობილია ნიდერლანდური ფერწერის კოლექციით, რომლის მარგალიტადაც უდავოდ ითვლება რემბრანდტის "ღამის გუშაგი". გარდა ამისა, ექსპოზიციაში არის ბრეიგელის, რუბენსის, ვერმერისა და სხვა დიდი ოსტატების ტილოები.

რემბრანდტის მუზეუმი (Rembrandthuis) განლაგებულია XVII საუკუნის შენობაში, სადაც რემბრანდტ ვან რეინი ცხოვრობდა და მუშაობდა 1639-დან 1658 წლამდე. მუზეუმში დაცულია მხატვრის მიერ შესრულებული სურათებისა და გრავიურების სრული კოლექცია. გარდა ამისა, Rembrandthuis-ში გამოფენილია რემბრანდტის მოსწავლეების გრავიურებიც.

Stedelijk Museum ეს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმია. მის კოლექციაში წარმოდგენილია XIX-XX საუკუნეების ჰოლანდიელი და ფრანგი ფერმწერების პოლ სეზანის, კლოდ მონეს, კამილ კოროს ნამუშევრები. იქვე შეგიძლიათ იხილოთ პაბლო პიკასოს, კასიმირ მალევიჩის, მარკ შაგალისა და სხვათა ტილოები.

ვან გოგის მუზეუმი Stedelijk-ის მუზეუმის თავისებური ფილიალია, რომელიც უდიდეს მხატვარს ვინსენტ ვან გოგს ეძღვნება. სწორედ ამ მუზეუმშია დაცული მხატვრის ტილოების ყველაზე დიდი კოლექცია, დაახლოებით, 200 სურათი და 500 ნახატი.

მადამ ტიუსოს ცვილის ფიგურების მუზეუმი-გამოფენა (Madame Tussaud’s Scenerama). იმისთვის, რომ ცნობილი ადამიანების ცვილის ფიგურები დაათვალიეროთ, აუცილებელი არ არის ლონდონში ჩახვიდეთ, მათი ნახვა ამსტერდამშიც შეიძლება. მუზეუმში წარმოდგენილია ნაპოლეონის, პეტრე I-ის, დედოფალ ბიატრიქსის, მარგარეტ ტეტჩერის და სხვა ცნობილი პიროვნებების ორეულები. იქვე ერთ-ერთი დარბაზი მთლიანად რემბრანდტს ეძღვნება. გარდა ამისა, დამთვალიერებელს შანსი აქვს დაათვალიეროს ის სახელოსნო, სადაც მუზეუმის ცვილის ფიგურები იქმნება.

ამსტერდამში ყოფნის დროს, გირჩევთ მოინახულოთ სამეფო სასახლე, რომელიც დაუვიწყარ შთაბეჭდილებას დაგიტოვებთ. ის ღიაა ზაფხულის განმავლობაში, ყოველდღე, ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით, ხოლო სხვა სეზონზე მხოლოდ ოთხშაბათს. ახლა სამეფო ოჯახი სასახლეში არ ცხოვრობს და ჰააგაში, მყუდრო სასახლეს ამჯობინებს, ხოლო ამსტერდამის სასახლეში სხვადასხვა ოფიციალური ცერემონიალი იმართება. 1966 წელს სწორედ ამ სასახლეში შედგა ცნობილი მეჯლისი მიძღვნილი მაშინდელი პრინცესისა და ახლა უკვე დედოფალ ბეატრიქსის ქორწილისადმი.



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.