ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქართულ ბაზარზე, შესაძლოა ერთერთი უმსხვილესი რუსული ტუროპერატორი შემოვიდეს
23 თებერვალი, 2016

საქართველოში შემოყვანითი ტურიზმის განვითარებით რუსული კომპანია „ტეზ ტური" დაინტერესდა - რა შეფასებებს აკეთებენ ადგილობრივი ტურისტული კომპანიები, განიხილავენ თუ არა ახალ კომპანიას კონკურენტად და რას შეცვლის მისი საქართველოს ბაზარზე შემოსვლა?

 

„კომერსანტმა" აღნიშნული კითხვით რამდენიმე ტუროპერატორს მიმართა, რომელიც უშუალოდ შემომყვანი ტურიზმის მიმართულებით მუშაობს. აღმოჩნდა, რომ ჩვენს მიერ გამოკითხული არცერთი ტურისტული კომპანია არ იყო საქმის კურსში საქართველოში „ტეზ ტურის" შესაძლო შემოსვლასთან დაკავშირებით. მეტიც: ამ კომპანიებს „ტეზ ტურის" არსებობის შესახებაც არ ჰქონდათ ინფორმაცია.

 

„გეორგიკა თრეველის" დირექტორი გიორგი კალანდაძე აცხადებს, რომ არ სმენია აღნიშნული კომპანიის და მისი საქმიანობის შეახებ და არც იმაზე, თუ რა მიზნები აქვს მას საქართველოში. კალანდაძის განცხადებით, ეს იმდენად არაცნობადი კომპანიაა, რომ მისი საქართველოში შემოსვლა ბიზნეს გარემოზე ზემოქმედებას ვერ მოახდენს.

 

საერთაშორისო ტურისტული კომპანია „ტეზ ტურის" შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა შემომყვან ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ია თაბაგარსაც. „არ მსმენია ამ კომპანიაზე არაფერი, არც იმის შესახებ, დაინტერესდა თუ არა ის საქართველოს ბაზრით,“-აცხადებს თაბაგარი. მისივე ინფორმაციით, აღნიშნული კომპანია არ არის ცნობილი და, შესაბამისად, ვერც ისეთი მარკეტინგული აქციებით შემოვა, რომ საქართველოს ბაზარზე რამე შეცვალოს.

 

ტურისტული კომპანიებისა და შემომყვან ტუროპერატორთა ასოციაციისგან განსხვავებით, „ტეზ ტურის" შესახებ ცნობილია ტურიზმის ექსპერტ შალვა ხუციშვილისთვის. მისი თქმით, ყოველი ახალი კომპანიის შემოსვლა ზოგადად, ქვეყნისთვის, ტურიზმისთვის და ეკონომიკის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მისი შეფასებით, „ტეზ ტური" საკმაოდ მასშტაბური და დიდი გამოცდილების მქონე რუსული კომპანიაა.

 

ხუციშვილის განცხადებით, ქართული ბაზარი „ტეზ ტურისთვის" ახლა გაცილებით უფრო საინტერესო გახდა, რადგან რუსეთს, პოლიტიკური გარემოებებიდან გამომდინარე, ეგვიპტის და თურქეთის ბაზარი შეუმცირდა. შედეგად, საქართველო რუსეთისთვის საკმაოდ საინტერესო ბაზარია.

 

„გარდა ამისა, საქართველოში უვიზო მიმოსვლაა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია ენის ბარიერი. მათ საქართველოში ენის ბარიერი არ აქვთ, თავისუფლად შეუძლიათ რუსულად კომუნიკაცია. მათი აქ შემოსვლა დადებითია როგორც მათთვის, ისე საქართველოსთვის, რადგან აქ შეიძლება ბევრი ტურისტი შემოვიდეს. თან, ზოგადად, რუსი ტურისტი ბევრს ხარჯავს, შედის იმ კატეგორიაში, რომელიც ყველაზე კარგად იხდის"-აცხადებს ხუციშვილი.

 

მისი თქმით, ნაკლებადსავარაუდოა, რუსული ტურისტული კომპანიის საქართველოში შემოსვლამ ადგილობრივ ბაზარზე ფასების კორექტირება გამოიწვიოს. ხუციშვილის შეფასებით, „ტეზ ტურის" შემოსვლამ საქართველოში უნდა შექმნას ღირსეული კონკურენცია და დახვეწოს სერვისი.

 

„მაღალანაზღაურებად ტურისტს, რომელიც იხდის თანხას,  შესაბამისი სერვისიც სჭირდება. საქართველოში კი დღეს ამ მხრივ ძალიან მძიმე ვითარებაა. სერვისის ნაკლებობის პირველი მიზეზი არის ის, რომ მენეჯერებს ეზარებათ სტაფის ტრეინინგი, რაც დიდი პრობლემაა. მათ ჰგონიათ, რომ თუ ერთხელ გახსნიან ტურისტულ კომპანიას, სულ ასე იქნება. ამას კი სჭირდება მუდმივი ტრეინინგი, კონტროლი და ვქიფრობ, რომ ამ კომპანიის შემოსვლა იქნება ერთგვარი მოტივაცია,"-აცხადებს ხუციშვილი.

 

რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოში შემოყვანითი ტურისტული მიმართულებების განვითარებით ცნობილი საერთაშორისო ტურისტული კომპანია „ტეზ ტური" ინტერესდება. კომპანიის ხელმძღვანელობასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ეკონომიკის სამინისტროში გაიმართა.

 

ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ ნაკადებს, რომლებიც შესაძლოა მოზიდულ იქნას რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან, სადაც მდებარეობს კომპანიის ოფისები. მისი თქმით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მაქსიმუმს გააკეთებს, რომ „ტეზ ტურმა" დაიწყოს შემომყვანი ტურიზმით საქმიანობა საქართველოში. დიმიტრი ქუმსიშვილის თქმითვე, კომპანიას სჭირდება ძლიერი ქართველი პარტნიორი.

 

TEZ Tour–ი რუსეთის ერთერთი უმსხვილესი ტუროპერატორია. რამდენიმე დღის წინ რუსულმა საქმიანმა გამოცემა “ერ ბე კა“–მ გამოაქვეყნა ინტერვიუ კომპანიის ერთერთ მფლობელთან ალექსანდრე ბურტინთან, რომლის განცხადებითაც, ეგვიპტისა და თურქეთის ტურების გაყიდვის აკრძალვის შედეგად მისი ბიზნესი განახევრდა, „ტეზ ტური“ 1994 წელს დაარსდა და დღეისათვის მას მხოლოდ რუსი აქციონერები ჰყავს.

ავტორ(ებ)ი : სოფო ქსოვრელი

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.