საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით 2016 წლის აპრილიდან მასშტაბური პროექტი „Check in Georgia” იწყება.
„Check in Georgia” მასშტაბური კულტურული ღონისძიებების სერიას მოიცავს, რომელიც თბილისსა და ქვეყნის რეგიონებში გაიმართება. პროექტი ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და პროგრამა ყოველწლიურად კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება. „Check in Georgia-ს” ორგანიზებას კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდი გაუწევს.
პროექტის განხორციელების მიზანია წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცენტრად ქცევა და დიდი რაოდენობით ტურისტების მოზიდვა. ამ გზით ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობა. შედეგად, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და როგორც თბილისში, ისე რეგიონებში ჩვენი მოსახლეობის შემოსავლების ზრდა.
წელს, მასშტაბური კულტურული ღონისძიებები აპრილში დაიწყება და წლის ბოლომდე გაგრძელდება.
პროექტის „Check in Georgia” ფარგლებში დაგეგმილია კონცერტები მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით: ეროს რამაზოტი (24 აპრილი, თბილისი), რობი უილიამსი (27 მაისი, თბილისი), ხოსე კარერასი (18 ივნისი, ქუთაისი), “Maroon 5“ (7 ივნისი, ბათუმი).
„Check in Georgia” მოიცავს ქართველი და უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით ქვეყნის 19 ქალაქში დაგეგმილ კონცერტებს, 35 ფესტივალს, მათ შორის, ისეთ მასშტაბურ ფესტივალებს, როგორიც არის „ჰიტ-ბათუმი“, „GEM-FEST“, „Fest i Nova”, თბილისის ფოტო ფესტივალი „ქოლგა“, „არტ-გენი“, „არტისტერიუმი“, „შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი“, „თბილისის ჯაზ-ფესტივალი“, „თბილისის მოდის კვირეული“, „მერსედესის მოდის კვირეული“, საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „GIFT“, „თბილისის თეატრალური ფესტივალი“, „თბილისის კინოფესტივალი“, ანიმაციური ფილმების ფესტივალი „ნიქოზი“, ,„ბათუმის მუსიკალური ფესტივალი“ და სხვა...
„Check in Georgia-ს” განხორციელებით კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები.
გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია ქალაქ ბათუმში საკონცერტო მოედნის მოწყობა, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე გახმოვანების აპარატურით, განათებით, სცენით, დაცვის მომსახურებითა და ყველა იმ სერვისით, რაც აუცილებელია სრულფასოვანი კონცერტის ჩასატარებლად. ეს იქნება ხელისუფლების მხრიდან უპრეცედენტო შეთავაზება ქვეყნის მასშტაბით მოღვაწე პროდიუსერებისათვის, მომღერლებისა და მუსიკოს-შემსრულებლებისათვის, მათ მთელი ზაფხულის სეზონზე შეეძლებათ სრულიად უსასყიდლოდ ისარგებლონ აღნიშნული სივრცით, დაგეგმონ ღონისძიებები, თავად განსაზღვრონ ბილეთის ფასი და მიიღონ შემოსავალი.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში ჩასატარებელი ღონისძიებების პარალელურად, დაგეგმილია კერძო და საჯარო სექტორის მონაწილეობით სხვადასხვა აქტივობები, ისეთი, როგორიც არის ღვინის, ყველისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ფესტივალები, ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვები; პროექტში ინტეგრირებული იქნება ეკო-ტურიზმის მიმართულება: ველო-ტურები, ლაშქრობები, სპეცილაური ტურები საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე.
აღნიშნული შეთავაზებები პროექტს „Check in Georgia“ ჩვენი მოქალაქეებისათვის და ქვეყნის სტუმრებისათვის უფრო საინტერესოსა და მრავალფეროვანს ხდის.
„Check in Georgia” მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაიას, გაიზრდება მისი როგორც ტურისტული და კულტურული ცენტრის ცნობადობა და საერთაშორისო იმიჯი.
საქართველო იმკვიდრებს ღირსეულ ადგილს მსოფლიო კულტურულ კალენდარზე.
ბილეთების ფასი - 20 ლარიდან.