ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Cantina by Bontempi იტალიური სამზარეულო თბილისში - „პროდუქციის ხარიხსი ბიზნესის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია“
06 ნოემბერი, 2017

იტალიელი შეფმზარეული ვალენტინო ბონტემპის მიერ შექმნილი სპეციალური მენიუ, სხვადასხვა სახის იტალიური პროდუქცია, სენდვინჩები, დესერტები და ყავა - ეს არის ის ჩამონათვალი, რასაც იტალიურ-ევროპული კაფე-რესტორანი და დელიკატესების მაღაზია Cantina by Bontempi (კანტინა ბაი ბონტემპი), სტუმრებს სთავაზობს. 2018 წლის ზაფხულში კომპანიის მეოთხე ფილიალის გახსნა იგეგმება.  ბოლო მონაცემით მათთან მომხმარებლების რაოდენობამ სექტემბერთან შედარებით ოქტომბერში 5%-ით იმატა.

 

საშუალო და მაღალშემოსავლიან სეგმენტზე გათვლილი Cantina by Bontempi ერთი წლის წინ შექმნილი ბიზნესია და ამჟამად თბილისში უკვე სამი ფილიალითაა წარმოდგენილი. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას მისი გენერალური მენეჯერი თეონა დავითაძე აცხადებს, პროდუქციის ხარისხს მათთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და სწორედ ამით შეძლო ბიზნესმა მცირე დროში განვითარება.

„ჩვენი კერძების თითოეული ინგრედიენტი ხარისხიანი და რაც მთავარია ჯანსაღი. მაღალი ფასის გადახდას არ ვერიდებით, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროდუქტი ხარისხიანი იყოს, კერძი კი გემრიელი და ჯანსაღი“, - განმარტა დავითაძემ.

Cantina by Bontempi-ს გენერალური მენეჯერის აზრით, ქვეყანაში სარესტორნო ბიზნესში პროფესიონალი კადრების ნაკლებობაა და ამას ყურადღება პირველ რიგში თავად ბიზნესმენებმა უნდა მიაქციონ.

„ვფიქრობ, რომ კომპანიის წინსვლაში იმ გუნდს, რომელიც ბიზნესს ქმნის, გადამწვყეტი მნიშვნელობა აქვს. განსაკუთრებული ყურადღება მფლობელმა თანამშრომლის მიმართ დამოკიდებულებაზე უნდა გაამახვილოს. ბიზნესმა უნდა იზრუნოს კადრების ზრდაზე.

ნებისმიერ ბიზნესში კადრების განვითარება თავად კომპანიამ უნდა უზრუნველყოს. ამ კუთხით განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა სარესტორნო ბიზნესშია საჭირო, რადგან ჩვენ სფეროში საჭიროა ინსპირაცია და ეს აუცილებელიცაა. თავისუფლება საჭიროა, რადგან ეს ქვეყანაში პროფესიონალი კადრების რიცხვს გაზრდის. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ მეტი პროფესიული სასწავლებელი შეიქმნას. ყურადღება უნდა მიექცეს იმ პროფესიებს, რომლებიც ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეძლებს“, - აღნიშნა დავითაძემ.

თეონა დავითაძე ჩვენთან ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზეც საუბრობს.

„ქვეყანაში გარდა პროფესიონალი კადრების ნაკლებობისა, ფინანსური არასტაბილურობა და გაუფასურებული ეროვნული ვალუტაც არის. ჩვენი ბიზნესისთვის ეს ხელშემშლელი ფაქტორია, თუმცა მიუხედავად ამისა, ვცდილობთ, რომ საფასო პოლიტიკა სტაბილურად შევინარჩუნოთ და ფასები არ გავზარდოთ“, - განაცხადა მენეჯერმა.

ავტორი: ლიკა გურაბანიძე

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.