პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში 15 აპრილიდან 30 სექტემბრამდე ფოლკლორული ფესტივალი გაიმართება.
საქართველოს 30 მუნიციპალიტეტში ხუთ-ხუთ კონცერტს ექვსი თბილისური ანსამბლი -"ადილეი", "ანჩისხატი", "დიდგორი", "იალონი", "ნანინა" და "შავნაბადა" გამართავს.
თბილისურ ანსამბლებთან ერთად კონცერტებში საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სალოტბარო სკოლის მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას.
ფესტივალი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებითა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.
საქართველო Check in Georgia-ს წელს უკვე მესამედ მასპინძლობს. წელს ღონისძიება Check in Georgia საქართველოს დიდ ქალაქებსა და თითქმის ყველა რეგიონს მოიცავს, სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს ყველა კუთხე უმასპინძლებს, რაც როგორც ტურიზმის ადმინისტრაციაში განმარტავენ, მნიშვნელოვანია რეგიონების გამოცოცხლების მხრივ. „ეს იქნება კონცერტებისა და ღონისძიებების სერია, რომლის ძირითადი ამოცანაა, გაზარდოს საქართველოს ცნობადობა, ჩვენი ქვეყანა რეგიონის კულტურულ ცენტრად აქციოს და გაიზარდოს ქვეყნის ეკონომიკა“.
ღონისძიებები აპრილში დაიწყება და შემოდგომამდე გაგრძელდება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია კონცერტები მსოფლიო დონის ვარსკვლავებისა და ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით.
Check-in Georgia-ს ქოლგის ქვეშ გაერთიანდა თითქმის ყველა მასშტაბური ფესტივალი, რომელიც ქვეყანაში აქამდე ტარდებოდა, მათ შორის ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი, თბილისის საერთაშორისო თეატრალური და ფოტო ფესტივალები, რეგიონალური თეატრების ფესტივალი, საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალიad black sea და სხვა.
Check in Georgia-ს შემოუერთდნენ Open Air, 4 GB და სხვა.
www.travelingeorgia.ge