ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Eurowings-ი საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას 17 აპრილიდან განაახლებს
28 მარტი, 2022

გერმანული “ლოუქოსტერი” Eurowings-ი დუისელდორფი-თბილისი-დუისელდორფის საჰაერო ხაზზე ოპერირებას აგრძელებს. როგორც AviaNews-ს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განუცხადეს, Eurowings-ი საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას 17 აპრილიდან განაახლებს.

TAV Georgia-ში აცხადებენ, რომ Eurowings-ი 17 აპრილიდან 23 ოქტომბრამდე პერიოდში დუისელდორფი-თბილისი-დუისელდორფის საჰაერო ხაზზე კვირაში 1 სიხშირით იფრენს, ხოლო 5 მაისიდან 27 ოქტომბრამდე პერიოდში კი კიდევ ერთ სიხშირეს დაამატებს. შესაბამისად ამ პერიოდში Eurowings-ი დუისელდორფსა და თბილისს შორის კვირაში 2 სიხშირით მოახდენს ოპერირებას.

ცნობილია ასევე ისიც, რომ Eurowings-ი თბილისის მიმართულებით ფრენების დაწყებას გეგმავს გერმანიის ქალაქლ​ შტუტგარტიდანაც.​ ავიაკომპანიის საიტზე განთავსებული მონაცემებით ირკვევა, რომ Eurowings-ი შტუტგარტი-თბილისი-შტუტგარტის საჰაერო ხაზზე რეისების შესრულებას 19 ივლისიდან შეუდგება და ფრენებს კვირაში 2 სიხშირით განახორციელებს.

შეგახსენებთ, რომ Eurowings-ი საქართველოს ავiაბაზარზე 2021 წლის 4 ივლისიდან შემოვიდა.  ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე ავიაკომპანია დიუსელდორფსა და თბილისს შორის კვირაში 2 სიხშირით ოპერირებდა, ხოლო ზამთრის სანავიგაციო სეზონზე სიხშირეების რაოდენობა შეამცირა. ავიაკომპანია ფრენებს Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით ასრულებს.

Eurowings-ის სატარიფო პოლიტიკა 3 სახის ავიაბილეთზეა გათვლილი: BASIC, SMART და BIZclass.

გერმანული “ლოუქოსტერი” Eurowings GmbH Lufthansa Group-ში შემავალი ერთ-ერთი ავიაკომპანიაა, რომლის ავიაპარკიც 139 საჰაერო ხომალდს აერთიანებს. ის ძირითადად ევროპაში ასრულებს რეისებს და 210-ზე მეტ მიმართულებაზე ოპერირებს.  აღსანიშნავია, რომ  Eurowings-ი ევროპის შიგნით მიმართულებების რაოდენობით მესამე ადგილზეა.

​2014 წლის ოქტომბრამდე Eurowings-ი Lufthansa Regional-ის ბრენდის ქვეშ ოპერირებდა, ხოლო შემდგომ Germanwings-ის სახელით გააგრძელა მუშაობა. 2015 წლის ოქტომბრიდან Lufthansa-მ Germanwings-ის ბაზაზე ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings-ი დააფუძნა.

avianews.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.