ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ჩინეთიდან თბილისში ხვალ პირველი მატარებელი შემოვა
12 დეკემბერი, 2015

13 დეკემბერს, 10:30 საათზე თბილისში ჩინეთის პორტ ლიანუნგიანის ტერმინალიდან გამოსული პირველი მატარებელი შემოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

"მატარებლის შემოსვლით ოფიციალურად გაიხსნება "აბრეშუმის რკინიგზა“. საზეიმო ცერემონიაში პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიღებს მონაწილეობას. მთავრობის მეთაური მატარებელს "საქართველოს რკინიგზის" გენერალურ დირექტორთან და ჩინეთის ელჩთან ერთად დახვდება.

მატარებელმა გამოიარა ჩინეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი და საქართველოს გავლით თურქეთში ჩავა.

ეს არის პირველი ტრანზიტული ტვირთი და რეალურად განხორციელებული „აბრეშუმის გზის“ პროექტი. სამომავლოდ ტრანზიტული მატარებელი უმოკლეს დროში დააკავშირებს აზია - ევროპას. ჩინეთის უკიდურესი აღმოსავლეთ ნაწილიდან, პორტ ლინუნგანიდან წამოსული ტვირთი სტამბოლში მაქსიმუმ 14-15 დღეში ჩავა, რაც საუკეთესო შედეგია იმ პირობებში, როდესაც გემს 40-45 დღე სჭირდება.

წლის ბოლომდე თბილისი კიდევ ერთ ტრანზიტულ მატარებელს მიიღებს, ხოლო 2016 წლიდან აღნიშნული პროექტის ფარგლებში დამატებით რამდენიმე ათასი კონტეინერის გადაზიდვა იგეგმება.

პროექტით ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი მნიშვნელოვნად იზრდება", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

წყარო: http://www.ipress.ge/new/19597-tbilisshi-khval-chinetidan-tsamosuli-pirveli-matarebeli-shemova


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.