Formula 1-ის პილოტი, მარკეტინგის მენეჯერი და ავტორბოლების ინდუსტრიის ცნობილი სახე ზოი ვიტაკერი 2018 წლის ივნისში ღვინის გზას გაივლის და საქართველოს ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციაში დაეხმარება.
ზოი ვიტაკერი საქართველოში ბიზნესმენმა ბერდია ყამარაულმა ჩამოიყვანა, რომელიც უკვე 15 წელია დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს. მან თავდაპირველად, საინფორმაციო ტექნოლოგიების და პროგრამული უზრუნველყოფების კომპანია Centigen (სენტიჯენი) დააფუძნა. დაახლოებით ორი წლის წინ კი, Cenimex-Georgian Wine Club (London) (სენიმექსი-ლონდონის ქართული ღვინის კლუბი) დააფუძნა, რომელიც დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის ექსპორტს ახორციელებს.
როგორც ყამარაულმა „კომერსანტს“ განუცხადა, საქართველოში კლასიკური მანქანების რბოლის ჩატარება იგეგმება, რომელშიც ქართველ პროფესიონალ მრბოლელებთან ერთად, უცხოელებიც მიიღებენ მონაწილეობას, ეს კი ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს .
„მე და ზოი მეგობრები ვართ. საფრანგეთში „ლე მონდის“ ცნობილ რბოლაზე მეგობრებთან ერთად ვიყავით წასულები. ერთ საღამოს ფრანგულ ღვინოს ვსვამდით. ზოის ვუთხარი, რომ ქართული ღვინო ფრანგულს სჯობს და ის აუცილებლად უნდა გასინჯოს. ქართული ღვინით სწორედ ამ შემთხვევის შემდეგ დაინტერესდა. მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ჩემი კომპანია ქართული ღვინის ექსპორტს ახორციელებს. მისგან წამოვიდა იდეა, რომ ღვინო და რალი რამენაირად ერთმანეთთან დაგვეკავშირებინა. მისი სურვილი იყო, რომ საქართველოში თავისი კლასიკური Porsche-თი წამოსულიყო და ღვინის გზა გაევლო. ამ მიზნით, რამდენიმე დღე საქართველოში ჩამოვიყვანე,რათა ადგილზე გაეცნოს სიტუაციას. უკვე ამის შემდეგ მოხდება დაგეგმვა. ჩვენი სურვილია, რომ რბოლა მომავალი წლის ივნისში ჩატარდეს, დაახლოებით 4 თვე გაგრძელდეს და ყოველწლიური ხასიათი მიეცეს. პირველ ეტაპზე, რბოლის ჩასატარებლად მანქანებს Porsche და land rover-ი დაგვპირდნენ“, - აღნიშნა ყამარაულმა.
მისი თქმით, ღვინის გზის გავლის და რბოლის შესახებ ფილმი მომზადდება, რომელსაც „ზოი ვიტაკერის მოგზაურობა საქართველოში“ ერქმევა. ფილმს ბრიტანული მხარე გადაიღებს და სავარაუდოდ, ბრიტანული ტელეკომპანიების, მათ შორის „ბიბისის“ ეთერში გავა. „დიდი ბრიტანეთის „მეხუთე არხთან“ და „აიტივისთან“ მექნება მოლაპარაკება და შეიძლება ამ ფილმით ისინი დაინტერესდნენ. ზოგადად, ქართული ღვინის და ტურიზმის შესახებ ინფორმაციებით „დისქავერი“, „გარდიანი“ და „ბიბისია“ დაინტერესებული. ისინი თავად დამიკავშირდნენ. სავარაუდოდ, ამ ფილმითაც დაინტერესდებიან.“
ყამარაულის თქმით, ზოი ვიტაკერის პირველი ვიზიტი მხოლოდ გაცნობითი ხასიათისაა და სამომავლო გეგმების გაწერა აქედან გამომდინარე მოხდება.
„საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტს შევხვდით. რუსთავის ავტოდრომი მოვინახულეთ. მე პირადად არც მეგონა, თუ ასეთი მაღალი დონის იყო. შევხვდი რამდენიმე პროფესიონალ პილოტს. მოტოსპორტი დიდი ბიზნესია და საქართველოში ამ მიმართულებით ბევრი ტურისტის მოზიდვაა შესაძლებელი. მხოლოდ ღვინის და საკვების გარშემო არ უნდა ჩავიკეტოთ. შესაძლებლობა ბევრი გვაქვს და მეტად ამბიციურები უნდა ვიყოთ“, - განაცხადა ყამარაულმა.
ბერდია ყამარაულის თქმით,რბოლის ჩატარების მთავარი მიზანი საქართველოში ევროპელი ტურისტების მეტად მოზიდვა და ზოგადად, ევროპაში საქართველოს შესახებ ცნობადობის გაზრდაა.
„ტურისტების ძირითადი ნაკადი ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან მოდის. მიზანი არის ის, რომ დასავლეთის ქვეყნებში ქართული ტურიზმის ცნობადობა გაიზარდოს. აქამდე გავდიოდით იმ კატეგორიის ტურისტებზე, რომლებსაც ქართული ღვინო და სამზარეულო უყვართ. თუმცა, უნდა გავიდეთ სხვა კატეგორიაზე. მაგალითად, საქართველოში მოტოსპორტია განვითარებული, კლასიკური მანქანების კოლექცია არსებობს და არის საშუალება, რომ კლასიკური რბოლები მოეწყოს. ამან ტურისტები დამატებით უნდა მოიზიდოს. ზოი ვიტაკერი სულ სხვა განწყობით ჩამოვიდა და სულ სხვა სიტუაცია დახვდა. როგორც თავად გვითხრა, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყანას ელოდა, მაგრამ აქაურობა ძალიან მოეწონა. დაინტერესდა უძრავი ქონების ღირებულებითაც.“- აღნიშნა ყამარაულმა.
ავტორი: თეონა კენჭიაშვილი
commersant.ge