ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„გიდა ვაინი“ - მრავალმხრივი ჰარმონია: სასმელი, გარემო, მაღალი ხარისხი „ხაშმის მარანი გიდა“ - ადგილი ვაზის გარემოცვაში
28 მარტი, 2022

კახეთში, სოფელი ხაშმის ტერიტორიაზე ვენახის გაშენება თამარ მეფის სახელს უკავშირდება. დავით გარეჯელ ბერებს სწორედ მისი მოთხოვნის შედეგად დაუწყიათ აქ ნერგების გამოყვანა და მათზე ზრუნვა. ადგილობრივ მოსახლეობას საკმაოდ მალე კარგად აუთვისებია ვაზის მოვლისა და ღვინის დაყენების წესები. საფერავის ჯიშის ყურძნიდან მაღალი ხარისხის ღვინოს მომზადებას საფუძველიც სწორედ ასე ჩაეყარა.

სოფელ ხაშმში მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებაში არაერთმა ოჯახმა  მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. გამოცდილ მევენახე-მეღვინეებს შორის ყვარელაშვილების გვარიც მოიხსენიება. რამდენიმე წლის წინ, ძმებმა გივი და დავით ყვარელაშვილებმა წინაპრების, კერძოდ მეღვინე ბაბუის ამირან რობაქიძის ტრადიციის გაგრძელება გადაწყვიტეს და 2018 წელს ჩამოაყალიბეს კომპანია „გიდა ვაინი“ . მათი გვარი წარმოშობით ხაშმიდანაა და ვინაიდან ოჯახს აქ კარ-მიდამოც ჰქონდა და ვენახიც, იდეა გაჩნდა, რომ ამ ადგილას მარანი გამართულიყო, რომელიც იქნებოდა როგორც ტრადიციული, ისე მრავალფუნქციური დატვირთვის. ასე დაიწყო ფუნქციონირება „ხაშმის მარანმა გიდამ“, რომელსაც ზოგი ყვარელაშვილების მარნის სახელითაც მოიხსენიებს და ამ ადგილმა დღემდე არაერთ სტუმარს უკვე უმასპინძლა.

მარანში მოხვედრისას, ერთ სივრცეში მრავალფეროვანი არჩევანი გხვდება: ღვინის დეგუსტაცია, სხვადასხვა სახის ტურები, ხოლო „გესთ ჰაუსი“ - 6 საძინებლით, 15 პერსონაზეა გათვლილი. ეს საშუალებას იძლევა კახეთში ჩასულმა სტუმარმა დედაქალაქში დაბრუნება არ იჩქაროს და ღამე იქვე გაათიოს. საკმაოდ დიდი სახლი, კახურ სტილშია აგებული, კეთილმოწყობილი და ინტერიერში განთავსებული ნივთები ერთგვარ პარალელს ავლებს წარსულთან.

მარნის ფართო ტერიტორიასა და მშვიდ გარემოში, აუზით, ტერასითა და ბაღით, შეიძლება როგორც მრავალრიცხოვანი წვეულებებისა და კორპორატიული საღამოების გამართვა, ისე რამდენიმე კაციანი შეხვედრების დაგეგმვა. აქ დარში ექსტერიერში გიმასპინძლებენ, ავდარში კი 2 მისაღებ ოთახში, აგურის ბუხართან გაგიშლიან სუფრას და შესაძლებლობა გექნებათ ტრადიციულად, ქვევრში დაყენებული ღვინოც გასინჯოთ...

გივი ყვარელაშვილი (დირექტორი):

- 2018 წელს სოფელ ხაშმს მიკროზონის სტატუსი მიენიჭა. იმ პერიოდში გადაწყვეტილი გვქონდა აგვეშენებინა მარანი, რომელიც მხოლოდ ოჯახისთვის იქნებოდა განკუთვნილი. თან,  ჩვენ აქცენტი გვქონდა „ხაშმის საფერავის“ დამზადებაზე, (რაც იმას გულისხმობს, რომ სასმელი მზადდება ხაშმის მიკროზონაში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძნიდან)  და მშენებლობის პროცესში ამ ღვინისთვის რამდენიმე ქვევრის ჩაყრას ვგეგმავდით. აღნიშნული სტატუსის მინიჭების შემდეგ კი, გადავწყვიტეთ ადგილი  ბიზნესის კუთხითაც დაგვეტვირთა. თან ფართიც გვაძლევდა ამის საშუალებას და წარმოება პირდაპირ 22 ქვევრით დავიწყეთ. აქედან 80% „ხაშმის საფერავზე“ მოდის.

დღესდღეობით „გიდა ვაინი“ როგორც ადგილობრივ, ისე ჩამოსულ სტუმრებს, ვიზიტორ ღვინის მოყვარულებს სთავაზობს სხვადასხვა ტურებს. მათ შორისაა რთველის პერიოდში ყურძნის კრეფის პროცესში მონაწილეობა, დეგუსტაციები, გასტროტურები, მასტერკლასები როგორც სასმელის დაყენების, ისე კერძების მომზადების თვალსაზრისით.

ტექნოლოგისა და მენეჯერის გარდა, რამდენადაც შესაძლებლობა მაქვს, ვცდილობ მეც დავესწრო აღნიშნულ დეგუსტაციებს, რადგან საკუთარი ნაწარმის წარდგენა ძალიან სასიამოვნოა და ალბათ, სტუმრებისთვისაც გაცილებით შთამბეჭდავი.

ზაფხულობით „გესთ ჰაუსი“ სულ დატვირთულია. ხაშმში ჩამოსულ ღვინის მოყვარულთ, საღამოს მოახლოებასთან ერთად, ხშირად სპონტანურად მიუღიათ დარჩენის გადაწყვეტილება, თუმცა, უმეტესად ჯავშნების 90% წინასწარ კეთდება. ასევეა მარანში სტუმრობის შემთხვევაშიც, რამდენიმე დღით ადრე თანხმდება როგორც სადილი, ვახშამი, ისე „გესთ ჰაუსში“ ღამის გატარება. ჩვენთან იმართება: დაბადების დღეები, ქორწილები, კორპორატიული ღონისძიებები. კომპანიები დიდ უპირატესობას ანიჭებენ ჩვენ მარანს, ვინაიდან გვაქვს აუზი და ვფიქრობ, ეს დიდი პლუსია აღნიშნული აქტივობების დროს. ამავდროულად მენიუს თვალსაზრისით შეგვიძლია როგორც ფურშეტის ორგანიზება, ისე ტრადიციული კახური სუფრის გაშლაც.

ჩვენი ღვინოები გადის ექსპორტზეც: იტალიაში, ამერიკაში და ეს ჩამონათვალი უახლოეს მომავალში კიდევ გაიზრდება. რაც შეეხება შიდა ბაზარს, სხვადასხვა ღვინის მაღაზიის გარდა, ჩვენი მარნის წარმომადგენლობითი მაღაზია გვაქვს დედაქალაქშიც, სადაც მრავალფეროვანი არჩევანია: ქისი, როზე, ხამშის საფერავი, რქაწითელი, ცოლიკოური, მანავის მწვანე, ქინძმარაული, ხვანჭკარა. ასე რომ, ხაშმის გარდა, ჩვენი ღვინის რეალიზაცია ხდება და დაგემოვნება შესაძლებელია ღვინის მაღაზიაში - Gida Wine, ღვინის რესტორანში - Coco Bar, რომელიც თბილისში, რ. თაბუკაშვილი #29- ში მდებარეობს.

ავტორი: ანა კალანდაძე

www.dmo.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.