ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
გიორგი ჩხაიძე: „აქ შეიძლება ყველა გემოვნების ადამიანმა იპოვოს მისთვის სასურველი სასმელი“
28 ივლისი, 2021
ღვინის მაღაზია „ბრენდ ვაინი“ თბილისში, ვაკეში, მცხეთის ქუჩა N48/50 მდებარეობს. ერთია მრავალფეროვანი ასორტიმენტი და მეორე სასიამოვნო გარემო, სადაც სასურველ სასმელს ირჩევ. აქ შეგიძლია არამხოლოდ სასმელი დააგემოვნო, არამედ მისი წარმოების ისტორიასაც გაეცნო. შეიძინო თაფლი, ჩურჩხელა, ან სხვა ქართული პროდუქტი და სუვენირები: თასები, დოქები და ქართული მინანქრის ნიმუშები. ღვინის მაღაზიის დირექტორს გიორგი ჩხაიძეს მომდევნო 2 წლის განმავლობაში, კიდევ 2 ფილიალის დამატება აქვს გეგმაში.
 
-ბატონო გიორგი, საქართველოში ტურისტების სიმცირეა, ალბათ ეს მაღაზიებში ადგილობრივი პროდუქციის გაყიდვებზეც უარყოფითად აისახა. თქვენ მაღაზიაზე გვიამბეთ...
 
-„ბრენდ ვაინში“ ჩამოსასხმელი, ბოთლის ღვინო და მცირე მარნების პროდუქციის დიდი არჩევანია. გვაქვს როგორც არაყი, კონიაკი, ლიქიორი, ისე ქართულ ბაზარზე წარმოდგენილი ღვინის 100%-მდე სახეობა. მცირე მარნების პროდუქცია კი 80-ს აღემატება. აქ შეიძლება ყველა გემოვნების ადამიანმა იპოვოს მისთვის სასურველი სასმელი. ფასები ხელმისაწვდომია და განსხვავებული სხვა ღვინის მაღაზიებისგან. დიდ პატივს ვცემ საქართველოში არსებულ მცირე საოჯახო მარნებს, რომლის წარმომადგენლებთან ვმეგობრობ და ამავდროულად ვთანამშრომლობთ კიდევ. ხშირად ვატარებ მცირე მარნების პროდუქციის დეგუსტაციებს, რომ მათი ნატურალური ღვინოები, რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა გაიცნოს და ყველას ვურჩევ მათ სასმელს. ერთმანეთის მხარში დგომით, ვცდილობ მათი საქმის პოპულარიზაციას შევუწყო ხელი. ვფიქრობ, იმ ადამიანებს ვინც ამ გემრიელ და დალოცვილ სასმელს ამზადებს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან მეტი თანადგომა სჭირდება.
 
-სოფლის მეურნეობის სამინისტროს თუ აქვს სხვადასხვა პროექტები, რომელიც ხელს უწყობს მცირე მარნების ბიზნესის განვითარებას?
 
-ეს ძალიან კარგი კითხვაა, თუმცა მტკივნეულ თემას შევეხეთ. მცირე მარნების წარმომადგენლებს როცა ვხვდები და ვსაუბრობთ, ყოველთვის განვიხილავთ სახელმწიფოს მხრიდან შეღავათიანი აგროსესხების საკითხს. ახლა ის ძალიან მაღალია, ამიტომ აუცილებელია სახელმწიფომ გასცეს შეღავათიანი კრედიტები მცირე მარნების მფლობელებზე. სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი რომ ვიყო, დღის წესრიგში აუცილებლად დავაყენებდი ამ საკითს და 3%-იან სესხს გავცემდი. ეს იქნება ხელშეწყობა და ერთგვარი წახალისებაც, რომ ამ ადამიანებმა უკეთ მოუარონ ვენახს, იყიდონ შესაბამისი აღჭურვილობა, თანამედროვე ცისტერნები, თანხა მარნის კეთილმოწყობას მოახმარონ და ხარისხიანი მუშაობა წარმართონ. ვფიქრობ, მცირე მარნის წარმომადგენლებს მუშაობის საუკეთესო პირობები უნდა ჰქონდეთ და სახელმწიფოს ამგვარი ხელშეწყობით, ყველა რეგიონში მცირე მარნების რიცხვი გაიზრდება.

ავტორი: ანა კალანდაძე

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.