IOC: მივესალმებით საქართველოს წინადადებას ზამთრის სპორტული ოლიმპიადის მასპინძლობაზე
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პირველი ვიცე-პრეზიდენტი ნავალ ელ მუტავაკელი საქართველოს სურვილს უმასპინძლოს 2030 წლის ზამთრის სპორტულ ოლიმპიადას მიესალმება. აღნიშნავს, რომ საქართველო გმირების ქვეყანაა და ოლიმპიურ თამაშებზე ყოველთვის მაღალი რანგის სპორტსმენებით არის წარმოდგენილი.
„ჩვენ მივესალმებით თქვენს წინადადებას, 2030 წლის პერსპექტივაში ზამთრის სპორტული ოლიმპიადის მასპინძლობის შესახებ,“ - განაცხადა მუტავაკელმა პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრაზე.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტის შეფასებით, ზამთრის სპორტული ოლიმპიადის მასპინძლობის სურვილის გამოსათქმელად საქართველომ სწორი დრო შეარჩია.
„საქართველოში პირველად ვიმყოფები და მჯერა, კიდევ არაერთხელ გესტუმრებით მაღალი რანგის სპორტულ ღონისძიებებზე. მაქვს ინფორმაცია, რომ საქართველომ, კერძოდ კი თბილისმა ღირსეულად უმასპინძლა 2015 წელს ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს", - განაცხადა ნავალ ელ მუტავაკელმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ლოზანაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან შეხვედრა გაიხსენა, რომელზეც თომას ბახმა საქართველოში ექსპერტებისა და მრჩევლების სპეციალური ჯგუფის გამოგზავნის გადაწყვეტილება მიიღო. პრემიერის შეფასებით, ზამთრის სპორტის სახეობების, მთის კურორტების განვითარების მდგომარეობისა და სამომავლო პერსპექტივების შესასწავლად საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ექსპერტების ვიზიტი საქართველოში, დიდი მხარდაჭერაა.
კვირიკაშვილის თქმით, სამთო-სათხილამურო კურორტებისა და ზამთრის სპორტის სახეობების განვითარება ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და სახელმწიფო ძალისხმევას არ იშურებს. მისი განცხადებით, ამ პროცესში მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინებას, რომლებმაც გუდაურში, ყაზბეგში, ბორჯომსა და ბაკურიანში არსებული მდგომარეობა და ინფრასტრუქტურა უკვე შეისწავლეს.
www.travelingeorgia.ge