ქუთაისის აეროპორტში მომავალ წელს ვფიქრობთ, მილიონზე მეტ მგზავრს მოვემსახურებით – თამარ არჩუაძე
“ტურიზმი – გამოწვევები და პერსპექტივა”- იყო Galt&Taggart-ის მიერ მთავარი კვლევის თემა, რომლის პრეზენტაციაც საქართველოში წამყვანმა საინვესტიციო ბანკმა სასტუმროში Pulman Tbilisi Axis Towers გამართა და დარგის სპეციალისტებს წარუდგინა.
კონფერენცია პანელური დისკუსიით გაგრძელდა, სადაც ტურიზმის სექტორის მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს საავიაციო ბაზრის განვითარებასა და ტურიზმის პერსპექტივაზე აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ისაუბრა. თამარ არჩუაძის განცხადებით, აზიის ბაზარი ამ ეტაპზე პრიორიტეტულია. სწორედ ამიტომ, მიმდინარე წლის ოქტომბრიდან თბილისის აეროპორტში ტაილანდის დედაქალაქ – ბანგკოკის მიმართულებით Thai Air Asia X კვირაში 2 სიხშირით იფრენს.
,,აზიის ბაზარი ჩვენთვის ამ ეტაპზე პრიორიტეტია. ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ბაზარზე საკმაოდ კარგად ვართ წარმოდგენილი და უკვე ვსაუბრობთ ფრენების სიხშირეების გაზრდაზე,-‘’განაცხადა თამარ არჩუაძემ.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა პანელურ დისკუსიაზე ვრცლად ისაუბრა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა და მის უპირატესობებზე. ,,ვმუშაობთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე. მოგეხსენებათ, ქუთაისის აეროპორტი 10 ოქტომბრიდან 2 კვირის განმავლობაში ასაფრენ-დასაფრენი ზოლის გეგმიური რეაბილიტაციის გამო დაიკეტება. გასულ წელს ასევე გაფართოვდა და 6-ჯერ გაიზარდა ქუთაისის აეროპორტის ტერმინალი, რადგან მოთხოვნა იყო გაზრდილი. აგვისტოს თვეში არსებობის მანძილზე რეკორდულად ყველაზე მეტ მგზავრსა და რეისს მოვემსახურეთ. წლის ბოლომდე ქუთაისის აეროპორტში 800 ათასზე მეტ მგზავრს ველოდებით. ხოლო მომავალ წელს ვფიქრობთ, რომ მილიონ მგზავრზე მეტს მოვემსახურებით”,-განაცხადა თამარ არჩუაძემ.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და საერთაშორისო ბაზარზე ტურიზმის აღდგენის ტემპები, სასტუმროს ინდუსტრიის შედეგები და სამომავლო პროექტები და ის მთავარი მიგნებები, რაც პანდემიის შემდეგ გამოიკვეთა.
პანელურ დისკუსიაზე საუბრისას თამარ არჩუაძემ აღნიშნა, რომ მთავარი პრიორიტეტი ახალ ბაზრებზე გასვლაა და მაგალითად, იმერეთის რეგიონისთვის სრულიად ახალი ბაზრის, აბუ-დაბის მიმართულებით პირდაპირი რეისის დამატებამ გაამართლა და საჰაერო ხომალდი თითქმის სრულად დატვირთულია.
„ქუთაისის აეროპორტის ნიშა დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მოზიდვაა. თუმცა ვითვალისწინებთ რეგიონის განვითარებასაც. აეროპორტი წყალტუბოსთან ახლოს მდებარეობს. ვიმედოვნებთ, ეს მხარე უახლოეს 5 წელიწადში სპა რეზორტებს, რესტორნებს, სამორინეებს, სასტუმროებს გააერთიანებს. ჩვენი აეროპორტი ახალი იერსახით ემზადება მაღალ მხარჯველუნარიანი ტურისტების მისაღებად, სადაც არამხოლოდ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებით ჩამოვლენ, არამედ ე.წ. legacy carrier-თაც,-‘’განაცხადა თამარ არჩუაძემ.
avianews.ge