„ღვინის მაღაზიაში“ სადეგუსტაციო საღამოები განახლდება მაღაზიაში „ბრენდ ვაინი“ ჩამოსასხმელი, ბოთლის ღვინოებისა და მცირე მარნების პროდუქციის დიდი არჩევანია. აქვეა არაყი, კონიაკი, ლიქიორი - ქართულ ბაზარზე წარმოდგენილი ღვინის 100%-მდე სახეობა. ყველა გემოვნების ადამიანი აქ მარტივად პოულობს სასურველ სასმელს ხელმისაწვდომ ფასად. გიორგი ჩხაიძე, რომელიც ამ მაღაზიის მფლობელია, ასევე გახლავთ სასტუმრო „ღვინის სასახლის“ მეპატრონე. ის ხშირად უშუალოდ ხვდება და თავად მასპინძლობს როგორც სასტუმროს, ისე მაღაზიის სტუმრებს.
- ბატონო გიორგი, თქვენი ღვინის მაღაზია მომხმარებელს სასმელის მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობთ, ამავდროულად, თქვენ სასტუმროს აქვს დიდი ზომის მარანი, სადაც სტუმრებისთვის ცალკე პროგრამაა ღვინის დაყენებისა და გამასპინძლების თვალსაზრისით...
- მართალი ბრძანდებით. ახლა რთველის სეზონია. ჩვენი ოჯახი ღვინის წარმოებითაა დაკავებული. 4 ტონამდე ყურძნის მოსავალს ველოდებით, რომელსაც გადავამუშავებთ და მე და მამაჩემი ჩამოვასხამთ: ხაშმის საფერავს, თავკვერს, მანავის მწვანესა და რქაწითელს. დამატებით მინდა 1 ტონა ხიხვიც შევიძინო, რადგან ხიხვისა და ცოლიკაურის კუპაჟის გაკეთებას ვგეგმავთ. ამ ეტაპზე სასტუმროში ბოთლებში შარშანდელი ღვინის ჩამოსხმა დავიწყეთ. ისევე როგორც სხვა დროს, ამ შემხვევაშიც ჩვენი სასტუმროს სტუმრები დიდი ინტერესით ადევნებენ თვალს ამ პროცესს. გეთანხმებით, რომ სასტუმრო „ღვინის სასახლეში“, მარანი მართლაც გამორჩეული ადგილიაა, სადაც სხვადასხვა სასმელის დეგუსტაციასთან ერთად,
სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ სამზარეულოში საკუთარი ხელით მოამზადონ ქართული ტრადიციული კერძები, გამოაცხონ თონეში პური, ქვევრს თავი მოხადონ და სურვილისამებრ დააგემოვნონ სხვადასხვა ღვინო. ახლახან ყაზახები გვყავდა და
მათ ჩავუტარეთ ქართული კერძების მომზადების მასტერკლასები. ინტერიერი სვანური ავეჯით გვაქვს გაწყობილი, ტელევიზორის ეკრანზე ქართულ კულტურაზე მომზადებული სიუჟეტები გადის, რაც საშუალებას გვაძლევს პოპულარიზაცია გავუწიოთ ეროვნულ კულტურას. მადლობა ღმერთს, ჩვენს სასტუმროში სტუმრებს შორის, კორონავირუსი არ დაფიქსრებულა. სტუმრებს პისიარ ტესტის საფუძველზე ვიღებთ და ჩამოსვლიდან მესამე დღეს ვუტარებთ სწარაფ ტესტს. ჩვენი სასტუმროს თანამშრომელი ყველა ვაქცინირებულია და ამ საკითხს ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. რაც შეეხება მაღაზიას, რასაკვირველია მაღაზიაში სასმელის გაცილებით დიდი არჩევანია. მე და დავით მაისურაძეს, რომელიც მაღაზია „ღვინის გალერიის“ მფლობელია, თბილისში სასმელის ყველაზე მრავალფეროვანი არჩევანი გვაქვს. პირველ ადგილზე მისი მაღაზიაა, მეორეზე ჩემი. ვამაყობ ამ კაცითა და ჩვენი მეგობრობით.
- ყველაზე დიდ ინტერესს რომელი სასმელი იწვევს?
- ყველაზე გაყიდვადი პროდუქცი მცირე საოჯახო მარნების პროდუქციაა. დიდ პატივს ვცემ საქართველოში არსებულ მცირე საოჯახო მარნებს, რომლის წარმომადგენლებთან ვმეგობრობ და ამავდროულად ვთანამშრომლობთ კიდევ. მინდა მათი ნატურალური ღვინოები, რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა გაიცნოს. ადამიანი რომ შრომობს, უნდა დაუფასო. ჩვენ კონსიგნაციაზე არ ვმუშაობთ, პროდუქციას უშუალოდ ღვინის მწარმოებლისგან მთლიანად ვიძენ და თანხა მომწოდებელს სამი დღის განმავლობაში ერიცხება.
- სადეგუსტაციო საღამოები დროებით შეაჩერეთ, როგორც ვიცი...
- დიახ, პანდემიის პერიოდში მხოლოდ ორჯერ გავმართეთ. როგორც წესი, პანდემიამდე თვეში სამჯერ გვქონდა სადეგუსატაციო დღეები. მიუხედავად იმისა, რომ მაღაზიის წინ არსებულ ღია სივრცეში ვხვდებით ჩვენ სტუმრებს, ამჯერად
დროებით შევაჩერეთ დეგუსტაციები და როცა ეპიდსიტუაცია უკეთესობისკენ წავა, ჩვენ ტრადიციულ შეხვედრებს ისევ გავმართავთ. ღვინის მოყვარულთათვის დეგუსტაცია ქორწილივით მნიშვნელობანი ღონისძიებაა და იმედი გვაქვს, ასეთ
შეხვედრებს მალე განვაახლებთ.
ავტორი: ანა კალანდაძე