ცნობილი ბრიტანული გამოცემა Independent-ი თბილისის შესახებ სტატიას აქვეყნებს. Independent-ის კონტრიბუტორი, სინტია დრეშერი, თბილისში წასვლის 10 მიზეზზე საუბრობს.
1) აღმოაჩინეთ საბჭოთა კავშირის დანატოვარი: მშრალ ხიდთან და დედაენის ბაღთან არსებულ „ფლეა მარკეტზე" ადგილობრივი მოსახლეობა საბჭოთა კავშირის პერიოდში შეძენილ ნივთებს ყიდის.
2) ისწავლეთ ხინკლის ჭამის ეტიკეტი: გამოცემა ტრადიციული ქართული კერძის დასაგემოვნებლად მკითხველს „ბარბარესთან" წასვლას ურჩევს, სადაც პირველი ქართველი ფემინისტის, ბარბარე ჯორჯაძის ტრადიციული მეთოდით დამზადებული ხინკლის დაგემოვნება შეიძლება.
3) გოგირდის აბანოები: თბილისში არსებულ ერთ-ერთი უძველეს უბანში გოგირდის აბანოების მიღებაა შესაძლებელი.
4) გაერთეთ „ფაბრიკაში": ძველი ფაბრიკა, რომელიც სასტუმროდ არის გადაკეთებული, ჰიპსტერულად ჟღერს და ეს თბილისის შემთხვევაში სრულიად გამართლებულია. ფასები საკმაოდ დაბალია, ხოლო სასტუმროს სტუმრებმა იციან, რომ „ფაბრიკას" ტერიტორიაზე საჯარო სივრცეც არის, სადაც ბევრი ადამიანი იკრიბება.
5) ისიამოვნეთ კულტურით: თბილისში შესანიშნავი არქიტექტურა გხვდებათ. გამორჩეულია თანამედროვე „მშვიდობის ხიდი" და ე.წ. „გაბრიაძის საათი." თბილისში ძალიან ბევრი მიზეზი გაქვთ იმისთვის, რათა Instagram-ზე იაქტიუროთ.
6) მიირთვით აჭარული ხაჭაპური: სტატიის ავტორის მიხედვით, აჭარული ხაჭაპურის მცირე პორციაც კი საკმარისია, რომ ორი ადამიანი დანაყრდეს (განსაკუთრებით მაშინ, თუკი სუფრაზე ხინკალიც დევს).
7) დალიეთ ის, რასაც ადგილობრივები სვამენ: თბილისის სტუმრობის კიდევ ერთ მიზეზად ქართული სასმელი სახელდება. ავტორი მკითხველს ქართული ღვინისა და ჭაჭის დაგემოვნებას ურჩევს. ამასთან, სტატიაში ვკითხულობთ, რომ თბილისში ჩამოსვლისას ტურისტმა აუცილებლად უნდა დააგემოვნოს ლაღიძის წყლებიც
8) ეწვიეთ მაღალ ადგილებს: ეწვიეთ მთაწმინდის პარკს, საიდანაც თბილისზე შესანიშნავი ხედი იშლება. ასევე შეიძლება ნარიყალას ციხესიმაგრეზე საბაგირო გზით ასვლა.
9) დააგემოვნეთ სალათი: ცნობილი ბლოგერის, მეგან სტარის მიხედვით, რომელიც პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში რეგულარულად მოგზაურობს, თბილისის სალათის მოყვარულებისთვის შესანიშნავი ადგილია და ამისათვის ტურისტებმა კაფე Linville-ს უნდა მიაკითხონ.
10) დატოვეთ ქალაქი: თუკი დრო გაქვთ, ასევე ეწვიეთ ქუთაისს, ყაზბეგს ან ბათუმს. ქუთაისი ქვეითების მოყვარული ქალაქია, სადაც ბაღები, თეატრები და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში არსებული მონასტერი გვხვდება. რაც შეეხება სტეფანწმინდას, ის როგორც ზაფხულში, ასევე ზამთარში მოსანახულებელი ადგილია. ხოლო ბათუმი კი, სტატიის ავტორის მიხედვით, ევრაზიაში ყველაზე ხელმისაწვდომი საზღვაო კურორტია.
commersant.ge