ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ვაზის ცრემლები ბოთლებსა და ქვევრში - ალკოჰოლური სასმელების მრავალფეროვანი არჩევანი საუკეთესო ადგილი ქართული ღვინის მოყვარულთათვის
29 ივნისი, 2021
საქართველოში მეღვინეობის ისტორია 8000 წელს ითვლის და ეს არის ქვეყანა, სადაც ვაზს ეთაყვანებიან. ქართული ღვინის სახეობების სიმდიდრე ნათლად ჩანს მაღაზიაში „ბრენდ ვაინი“, რომელიც თბილისში, მცხეთის ქუჩა N48/50 მდებარეობს. ერთია მრავალფეროვანი ასორტიმენტი და მეორე გარემო, სადაც სასურველ სასმელს ირჩევ. მაღაზიის შესასვლელში, მყუდრო, სადეგუსტაციოდ მოწყობილ ღია სივრცეში განთავსებულია კასრებისგან შექმნილი ორიგინალური ავეჯი, სადაც შეგიძლია მოთავსდე და არამხოლოდ სასურველი სასმელი დააგემოვნო, არამედ მისი წარმოების ისტორიასაც გაეცნო. მიირთვა ჩურჩხელა, ან სხვა ქართული პროდუქტი.
 
 
მაღაზიის ინტერიერში ვაზის კულტისთვის დამახასიათებელი კედლის მოხატულობა ხელით არის შესრულებული. ერთ მხარეს ღვინის თაროებს დეკორად ჭედური ვაზი დაჰყვება, ხოლო მის მოპირდაპირედ სათავსოზე ვაზის ფოთლები ხეშია გამოკვეთილი. დგას მაგიდაც, სხვადასხვა ღვინის ჭურჭელითა თუ ამ სასმელის წარმოებისთვის აუცილებელი ნივთებით სავსე, რომლის დანიშნულებასაც ასევე სიამოვნებით გაგაცნობთ მასპინძელი, ამავე მაღაზიისა და სასტუმრო „ღვინის სასახლის“ ხელმძღვანელი გიორგი ჩხაიძე. ის იქვე აანონსებს: „მომდევნო 2 წლის განმავლობაში, მაღაზიას კიდევ 2 ფილიალი დაემატება, ხოლო 2023 წელს, კახეთში დაგეგმილი გვაქვს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, 3000 ტონიანი ქარხნის გახსნა“.
 
გიორგი ჩხაიძე: - ღვინის მაღაზია „ბრენდ ვაინი“ 2019 წლის 24 მარტს გაიხსნა. ამავე წელს ჩვენ სასტუმროს „ღვინის სასახლე“ უამრავი სტუმარი ჰყავდა. ტურისტები კითხულობდნენ, თუ სად შეიძლებოდა ნატურალური ღვინის შეძენა და ამის გამო, ჩემი 20 წლიანი იდეის განხორციელება აღარ გადავდე და გადავწყვიტე მაღაზია გამეხსნა. მთელი გული და დიდი ენეგია ჩავდე ამ მაღაზიის ექსტერიერისა და ინტერიერის მოწყობაში, რომელიც მთლიანად ქართული ელემენტებითა და ნივთების არის დატვირთული.
 
 
მაღაზიაში 540-ზე მეტი სახეობის ღვინოა წარმოდგენილი, ფაქტობრივად ყველა კუთხიდან. დიდ პატივს ვცემ საქართველოში არსებულ მცირე საოჯახო მარნებს, რომლებთანაც ვმეგობრობ და ამავდროულად ვთანამშრომლობთ კიდევ. ხშირად ვატარებ მცირე მარნების პროდუქციის დეგუსტაციებს, რომ მათი ნატურალური ღვინოები, რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა გაიცნოს და ყველას ვურჩევ მათ სასმელს. ამგვარი ერთმანეთის მხარში დგომით, ვცდილობ მათი საქმის პოპულარიზაციას შევუწყო ხელი. 
 
გვაქვს 7 სახეობის ჩამოსასხმელი ღვინო, ასევე არაყი, კონიაკი, ლიქიორი. შეიძლება ითქვას ჩვენს მაღაზიაში ქართულ ბაზარზე წარმოდგენილი სასმელის 100%-მდე სახეობა გვაქვს და აქ შეიძლება ყველა გემოვნების ადამიანმა იპოვოს მისთვის სასურველი სასმელი. პირადად მე თეთრი ღვინოებიდან „მანავის მწვანე“, „ცოლიკაური“ მიყვარს, ხოლო წითელი ტკბილი ღვინოებიდან ტარიელ ლომთაძის „ხვანჭკარა“.
წითელ ღვინოების მეფედ „ხაშმის საფერავი“ მიმაჩნია, რომელიც უშუალოდ ამ სოფელში იქნება მოყვანილი და დაკრეფილი. ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან არომატში  ძალიან დიდი განსხვავება შეიმჩნევა.
 
 
შეგნებულად ვცდილობთ სასმელის ფასები ყველა მომხმარებლისთვის იყოს ხელმისაწვდომი, შესაბამისად 1 ბოთლი ღვინის ფასი 10 ლარიდან იწყება და 240-ლარამდე მერყეობს. ჩვენ კონსიგნაციაზე არ ვმუშაობთ, ყველა პროდუქციას უშუალოდ ღვინის მწარმოებლისგან მთლიანად ვიძენ და თანხა მომწოდებელს იმავე, ან მეორე დღესვე ერიცხება. 
 
აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენი ოჯახი ღვინის წარმოებითაა დაკავებული. წინაპრები ცნობილი მეღვინეები მყავდა, ქვევრისა და სხვადასხვა ღვინოს აყენებდნენ ბაბუები: შიო კაჭარავა და ვარდენ ჩხაიძე. ჩვენ ოჯახში ხშირად იტყვნენ სტუმრები. იმართებდა თბილი, მეგობრული და სიყვარულით სავსე საღამოები. ისმოდა ქართული ტრადიციული სადღეგრძელოები. შვილიშვილებიც იქვე ვტრიალებდით და ეს ყველაფერი ძალაუნებურად დაილექა ჩემს გონებაში. დღესდღეობით ვენახებს მე და მამაჩემი აკაკი ჩხაიძე ვუვლით და ღვინოს ვაყენებთ. ჩვენი წარმოებიდან მაღაზიაში წარმოდგენილია: მანავის მწვანე, თავკვერი და მცირე ხანში რქაწითელიც დაემატება. მაღაზიაში შემოსულ სტუმრებს, გიდობას უშუალოდ მე ვუწევ. ყველაზე კარგი მყიდველები რუსები არიან, რომლებმაც იციან ჩვენი ღვინის გემო და არომატი. ქართული ღვინო ევროპაში ცოტა იყიდება. გაყიდვების თვალსაზრისით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, რუსეთი პირველ ადგილზეა და ასე დარჩება. იმედი მაქვს, მალე ყველაფერი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება.
 
 
ავტორი: ანა კალანდაძე
 

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.