ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ახალციხეში ტრადიციული რეწვის სახელოსნოების პირველი საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
03 სექტემბერი, 2018

ტრადიციული რეწვის დარგების პოპულარიზაციის მიზნით ახალციხეში, რაბათის ციხის ტერიტორიაზე ტრადიციული რეწვის სახელოსნოების პირველი საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება.

ფესტივალის ფარგლებში სახელოსნოებთან მოეწყობა მცირე ზომის სტენდები ტრადიციული რეწვის პროდუქციის გამოფენა-გაყიდვისთვის, სადაც სხვადასხვა დარგის ოსტატები და სახელოსნოები ნაკეთობებთან ერთად წარმოადგენენ ინფორმაციას სახელოსნოების მუშაობისა და შეთავაზებების შესახებ.

ფესტივალი 14-16 სექტემბერს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმისა და ტრადიციული რეწვის ასოციაციის ორგანიზებით და კულტურის სამინისტროსა და USAID Zrda Activity in Georgia -ს დაფინანსებით ჩატარდება. მხარდამჭერია ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია და ივანე ჯავახიშვილის სახელობის სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმი. 

ფესტივალი მიზნად ისახავს ასევე ადგილობრივი ოსტატების მხარდაჭერას; სახელოსნოების ინსიტიტუციის აღდგენის ხელშეწყობას; ისტორიული ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე რეწვის სახელოსნოების მუშაობის პროცესის სანახაობრივი და შემეცნებითი აქტივობების მოწყობით ისტორიული ძეგლის ახალი ფუნქციით დატვირთვა და ვიზიტორების მოზიდვა. 

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება გამოფენა “XIX-XX საუკუნეების ტრადიციული სახელოსნოები საქართველოში“; სახელოსნოების მაკეტები და ფოტომასალა საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის კოლექციებიდან; ტრადიციული რეწვის სახელოსნოებისა და ოსტატების მუშაობის პროცესის დემონსტრაციები, ღია მასტერკლასები.

ფესტივალზე მონაწილეობენ ადგილობრივი და მოწვეული ოსტატები, და ექსპერტები სხვადასხვა ქვეყნებიდან - თურქეთი, ლატვია, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.