აპრილში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის 87%-ით, რეისების რაოდენობის კი 110% -ით აღდგა
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო მიმოსვლის დადებითი დინამიკა 2022 წლის დასაწყისშიც კვლავ ნარჩუნდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2022 წლის აპრილის თვეში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადის 87% აღდგა. 2022 წლის აპრილში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 59,033 მგზავრს მოემსახურა. (2019 წლის აპრილი 67,530 მგზავრი).
მგზავრთნაკადის გარდა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დადებითი დინამიკაა ავიარეისების რაოდენობის აღდგენის კუთხითაც. აპრილში, აეროპორტში რეისების 110 % აღდგა და 240 რეისს მოემსახურა. ( 2019 წლის აპრილი – 219 რეისი).
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 5 ავიაკომპანია 14 ქვეყნის 25 მიმართულებით ოპერირებს.
avianews.ge