გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებთან ურთიერთობის კოორდინატორის ბექა ჯაყელის აზრით, საქართველომ რამდენიმე წელზე გათვლილი მარკეტინგული ტაქტიკა უნდა განსაზღვროს და მარკეტინგული კამპანიების ბიუჯეტი 10 შორეული, მაგრამ მაღალშემოსავლიანი ქვეყნებისთვის უნდა გაზარდოს.
მისი თქმით, ეს ქვეყნებია: აშშ, კანადა, ჩინეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, ინდოეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და იტალია.
Bm.ge-ისთან საუბარში ბექა ჯაყელმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ საჭიროა, GULF-ის ქვეყნებთან მუშაობის გაგრძელებაც.
„თუ სახელმწიფო შეძლებს ბაზრების დივერსიფიცირებას, გაიზრდება ამ ქვეყნების ხვედრითი წილიც, მაგრამ პირველ შედეგებს სერიოზული ზრდის კუთხით, სახელმწიფო 3-5 წელიწადში ნახავს, ოღონდ, რა თქმა უნდა, გაზრილი მარკეტინგული აქტივობების პირობებში. ამ ქვეყნებიდან შემოსული ტურისტების დანახარჯები საშუალოდ 3-ჯერ მეტი იქნება, ვიდრე – მეზობელი ქვეყნებიდან. გარდა ამისა, ამ ქვეყნების მოქალაქეები გამოირჩევიან მოგზაურობის მაღალი ეთიკური და კულტურული ღირებულებებით“, – განაცხადა ბექა ჯაყელმა.
ამასთან, გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებთან ურთიერთობის კოორდინატორმა ისიც აღნიშნა, რომ საერთაშორისო ტენდენციით, დღესდღეობით, მსოფლიოში 5-დან 4 საერთაშორისო ტურისტი მოგზაურობს იმავე რეგიონში.
„ანუ ის, რომ საქართველოს 4 მეზობელი ქვეყანა ყოველთვის ან დიდი ხნის განმავლობაშიი დომინანტი იქნება საერთაშორისო ჩამოსვლებში, სრულიად მოსალოდნელია და გასაგებია. ბუნებრივია, მოთხოვნის შესაბამისად თუ გაიზრდება მეზობელი ქვეყნებიდან ტურისტული ვიზიტები, კარგია, რადგან უფრო მეტი დანახარჯი იქნება“, – განაცხადა ბექა ჯაყელმა.