ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
“აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მხარდაჭერის ახალ პროგრამას იწყებს
12 მარტი, 2024

სააგენტო "აწარმოე საქართველოში" ექსპორტის მხარდასაჭერად ახალ პროგრამას იწყებს. ინდივიდუალური ექსპო გრანტი ექსპორტზე ორიენტირებულ კომპანიებს დამატებით შესაძლებლობას მისცემს გაზარდონ საექსპორტო პოტენციალი და გააფართოვონ კავშირები საერთაშორისო პარტნიორებთან.

ახალი პროგრამის შესახებ "აწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა სასტუმრო "პულმანში" გამართულ პრეზენტაციაზე ისაუბრა. ღონისძიებას ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, ექსპორტზე ორიენტირებული ქართული კომპანიები და საერთაშორისო/დონორი ორგანიზაციები ესწრებოდნენ.

"სააგენტო მუდმივად ზრუნავს, რომ ექსპორტიორ კომპანიებს სხვადასხვა მიმართულებით დაეხმაროს. დღესდღეობით, ექვსზე მეტი პროგრამა გვაქვს დანერგილი, გადამზადების თუ საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის მიმართულებით. თუმცა, ჩვენ მუდამ ვფიქრობთ განვითარებაზე და ჩვენი გუნდის ინიციატივით, ექსპორტიორ კომპანიებს ახალ პროგრამას ვთავაზობთ, რომლითაც ყველა მეწარმეს ინდივიდუალურად ვაძლევთ საშუალებას, თავად აირჩიოს საერთაშორისო გამოფენა, თუ თვლის რომ ის გამოფენები, რაც ამ ეტაპზე გვაქვს კალენდარში, მისთვის საკმარისი არ არის და სურს მეტად გააფართოვოს არეალი.

კომპანიებს ვაძლევთ თავისუფლებას აირჩიონ კონკრეტული ქვეყანა და გამოფენა, სააგენტო კი 80-90%-მდე გრანტის სახით აუნაზღაურებს ხარჯებს. დავფარავთ ყველა სტრატეგიულ ბაზარს - იქნება ეს ევროკავშირის ქვეყნები, აშშ, აზიის კონტინენტი, ასევე აფრიკის ნაწილი. საერთაშორისო გამოფენა ყველაზე ეფექტური გზაა მეწარმემ იპოვოს პროდუქციის შემსყიდველი. ჩვენი სტატისტიკით, ყოველი მეორე და მესამე მონაწილეობა გამოფენაში, კომპანიას საშუალებას აძლევს გაიტანოს პროდუქცია ექსპორტზე.

ასე რომ, მოვუწოდებ ექსპორტიორ კომპანიებს, გაეცნონ ახალ პროგრამას, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და თუ ფიქრობენ კონკრეტული მიმართულებით გეოგრაფიულ გაფართოებას, ჩვენ მათ დავეხმარებით საერთაშორისო გამოფენებზე“ - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.

პროგრამის ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში, ერთი კომპანიის მიერ შესაძლებელი იქნება მაქსიმუმ 5000 ერთეულის (ევრო, აშშ დოლარი, ფუნტი) ათვისება ერთდროულად ან ეტაპობრივად. სააგენტო კომპანიებს საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობისას სივრცის ქირავნობის, სტანდარტული სტენდის მშენებლობისა და რეგისტრაციის ხარჯებს აუნაზღაურებს.

კომპანიებს წლის განმავლობაში, შეუზღუდავად ექნებათ განაცხადის შევსების და დადგენილი ლიმიტის ფარგლებში, თანადაფინანსების მოპოვების შესაძლებლობა, რაც დამატებით წაახალისებს ქართული პროდუქტის სხვადასხვა საერთაშორისო ბაზრებზე წარმოჩენას და პოპულარიზაციას.

“აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებითა და თანადაფინანსებით, ყოველწლიურად ორასამდე ქართული კომპანია მონაწილეობს მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენებში საკვებისა და სასმლის, ტყავის პროდუქციის, ტანსაცმლის/საბავშვო ტანსაცმლის, სათამაშოების, შესაფუთი მასალებისა და ცხოველთა საკვების მიმართულებით. ახალი პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობას ასევე შეძლებენ ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სამშენებლო კომპანიები.

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.