ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ახალი ღვინის ფესტივალი 2016 – მონაწილეობის პირობები საოჯახო მარნებისთვის
14 მაისი, 2016

2016 წელს საქართველოს ღვინის კლუბი უკვე მეშვიდედ უმასპინძლებს ახალი ღვინის ფესტივალს, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ღვინის პოპულარიზაციას, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლებასა და სამომხმარებლო კულტურის გაზრდას. ახალი ღვინის ფესტივალის ტრადიციული, საჯარო ნაწილი წელს 14 მაისს, მთაწმინდის პარკში ჩატარდება და მასში წარმოდგენილი იქნება 2015 წლის მოსავლის ახალი ღვინოები.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს თითქმის ყველა მსხვილი ღვინის კომპანია და მცირე მარანი. უხვად იქნება წარმოდგენილი ოჯახური ღვინოები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
ახალი ღვინის ფესტივალი ერთადერთი ღონისძიებაა, რომელშიც ყველას მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობა ეძლევა – ღვინის მწარმოებელი დიდი კომპანიებიდან – საოჯახო მარნებამდე. ფესტივალის მონაწილეების პოპულარიზაციას ითვალისწინებს ორენოვანი კატალოგი, რომელშიც წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია ახალი ღვინის ფესტივალის მონაწილე ღვინის მწარმოებლების შესახებ. მონაწილეებს გადაეცემათ სპეციალური სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები „საქართველოს ღვინის კლუბისგან“.
2015 წელს ახალი ღვინის ფესტივალმა უმასპინძლა 20 000-ზე მეტ სტუმარს, რომელთა შორის მრავლად იყვნენ უცხოელი ტურისტები. ვიზიტორებს შორის შეინიშნებოდა ახალგაზრდების სიმრავლე. გასულ წელს ახალი ღვინის ფესტივალზე წარმოდგენილი იყო თითქმის ყველა დიდი მწარმოებელი კომპანია, ასევე, მცირე მარნები და მევენახე გლეხები, რომელთა ღვინოები „საქართველოს ღვინის კლუბმა“ საგანგებო შერჩევის შედეგად რეგიონებში გამოავლინა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ, მათმა დიდმა ნაწილმა, ფესტივალში მონაწილეობის შემდეგ საკუთარი წარმოება განავითარა და თანდათან მკვიდრდება ქართულ ბაზარზე.

ახალი ღვინის ფესტივალში მონაწილეობა, გარდა, დიდი კომპანიებისა, შეუძლია ოჯახური ღვინის ყველა მწარმოებელს.
ფესტივალში მონაწილეობის პირობები საოჯახო მარნებისთვის:

  • ფესტივალში მონაწილეობა შეუძლია ყველა ოჯახური ღვინის მწარმოებელს.
  • ფესტივალში მონაწილეობის მსურველმა რეგისტრაცია უნდა გაიაროს არაუგვიანეს 19 აპრილისა.
  • მონაწილე გაივლის შესარჩევ ტურს, “ღვინის კლუბის” სპეციალური ჟიური შემოსული ნიმუშებიდან შეარჩევს საუკეთესო ღვინოებს, რომლებიც დაიშვება ფესტივალზე.
  • შესარჩევ ტურშიც და ფესტივალზეც წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ 2015 წლის მოსავლის ახალი ღვინო.
  • ფესტივალში მონაწილეობა ოჯახური მარნებისთვის უფასოა.
  • მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ სადეგუსტაციო ნიმუში (2 მინის ბოთლის ოდენობით) და შევსებული ანკეტა.
  • მონაწილეთა ვინაობა ცნობილი გახდება ფესტივალამდე 2 კვირით ადრე.
  • ფესტივალზე წარსადგენი ღვინის განსაზღვრული რაოდენობა შეადგენს მინიმუმ 20 ლიტრს.

სადეგუსტაციო ნიმუშები, თანდართული ანკეტით, წარმოადგინეთ შემდეგ მისამართზე:
ქ. თბილისი, ვაჟა–ფშაველას 45, სართული 14, ღვინის კლუბი. ტელ: 2180171 მობ: +995 577 413010
ნიმუშები მიიღება ყოველ სამუშაო დღეს, 11:00 –დან 18:00 სთ-მდე
E-mail: info@wineclub.ge
ანკეტა გადმოწერეთ აქედან.


ფოტოები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.