„აზიურ სამზარეულოს ძვირადღირებულის სტატუსი აღარ აქვს“ - როგორ შეცვალა „უკვემ“ ბაზარზე სატარიფო პოლიტიკა
თბილისში ისეთი კვების ობიექტების რაოდენობა, სადაც სტუმრებს აზიური კერძების დაგემოვნება შეუძლიათ, ბოლო წლებში საკმაოდ მომრავლდა. მათ შორის არის სწრაფი კვების ობიექტი „უკვე“, რომელიც 2015 წელს ოთხმა მეგობარმა დააფუძნა. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი თორნიკე ჩხაიძე განმარტავს, მათი ქსელი სხვა აზიურ რესტორნებს მომსახურების სიმარტივით და ბრენდის კონცეფციით უწევს კონკურენციას.
-საქართველოში თითქმის ყველა აზიური სამზარეულოს მსგავსი კონცეფცია აქვს. თქვენ შემთხვევაში კონცეფცია განსხვავებულია. უამბეთ „კომერსანტის“ მკითხველს როგორ შეიქმნა „უკვე“ და რას სთავაზობს ის მომხმარებელს?
-„უკვეს“ შექმნის იდეა 2015 წლის დეკემბერში გაჩნდა. მე და ჩემ მეგობრებს აზიური სამზარეულოს გამოძახება გვინდოდა და ერთ-ერთი სუშიბარი ავარჩიეთ. ამ კომპანიის მომსახურების სერვისით და ფასით უკმაყოფილოები დავრჩით. სწორედ იმ დროს გადავწყვიტეთ, რომ აზიური სამზარეულოს სწრაფი კვების ობიექტი შეგვექმნა. თუმცა სანამ კომპანიას ჩამოვაყალიბებდით, ერთმა პრობლემამ იჩინა თავი – საქართველოში აზიური სამზარეულო ძვირადღირებულ პროდუქციად განიხილებოდა. ჩვენ ამ ყველაფრის შეცვლა გვსურდა. სწორედ ამიტომ ის ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადეთ და ვაქციეთ სწრაფი კვების ობიექტად. დღეს აზიურ სამზარეულოს ძვირადღირებულის სტატუსი აღარ აქვს.
„უკვეს“ ჩამოყალიბების პროცესში ბაზრის კვლევის მიხედვით კარგად ვხედავდით, თუ რა იყო დასახვეწი და გამოსასწორებელი. ჩვენ შევეცადეთ, რომ მომხმარებლისთვის ცხოვრება გაგვემარტივებინა. პირველი ფილიალი 2016 წლის აპრილში ვაკეში გაიხსნა. ხოლო მეორე ფილიალი ჰოსტელ „ფაბრიკაში“. კიდევ ერთი ფილიალის გახსნა ნოემბრის შუა რიცხვებისთის იგეგმება, თუმცა ადგილმდებარეობას ამ ეტაპზე ვერ დავასახელებ.

-როდესაც ბიზნესს იწყებ სახელწოდების შერჩევას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ხშირ შემთხვევაში საზოგადოების ყურადღებას სწორედ სახელწოდება იქცევს. რატომ ეწოდა თქვენ ბიზნესს „უკვე“?
- გვსურდა, რომ ჩვენს მიერ შერჩეული სახელწოდება საზოგადოებისთვის მარტივად აღსაქმელი ყოფილიყო. ყველა პროცესი ერთ სივრცეში მოექცა და ჩვენი მომსახურების მიღება სწრაფ რეჟიმში ხდება – „უკვე“ სისწრაფესთანაა კავშირში. რაც შეეხება შეფუთვას, მის კონცეფციაზეც რა თქმა უნდა, ჩვენ ვიზრუნეთ, ხოლო დიზაინერმა კახა კახაძემ დიზაინზე.
- ბიზნესის წარმოების საწყის ეტაპზე რა სირთულეებს შეხვდით?
-ზოგადად, კონცეფცია ძალიან დამეხმარა კომპანიის განვითარებაში და სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ ბიზნესში სირთულეები არ მქონია. იმ ოდენობის გაყიდვებმა, რაც დასაწყისში გვქონდა მოლოდინს გადააჭარბა. ჩვენ ამჟამადაც კვლავ ამ ტემპით ვაგრძელებთ სტაბილურად განვითარებას.
- აზიური სამზარეულო დაბალი საფასო პოლიტიკით არ გამოირჩევა, თუმცა როგორც თქვენ აღნიშნეთ „უკვე“ სწრაფი კვების ობიექტია და გამომდინარე აქედან, ის ყველა სეგმენტზეა გათვლილი. საინტერესოა როგორი საფასო პოლიტიკა აქვს კომპანიას?
- ჩვენ ვცდილობთ, რომ კერძი 20 ლარზე მეტი არ ღირდეს და ფასები 15-დან 20-ლარის ფარგლებში მერყეობდეს. გვსურს, რომ ჩვენი პროდუქცია ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. მიტანის სერვისი ყველგან სამი ლარია და რამდენიმე გარეუბანს ჯერ სამწუხაროდ ვერ ვემსახურებით, თუმცა სამომავლოდ ამის გამოსწორებას ვგეგმავთ.

- რაც შეეხება კადრების პროფესიონალიზმს...
- პროფესიონალი კადრების ნაკლებობა ჩვენ სფეროში ნამდვილადა არის. მაღალი დონის მზარეული აზიური სამზარეულოს მიმართულებით არ გვყავს. ჩვენ გვირჩევნია ვასწავლოთ და შემდგომ დავასაქმოთ. არსებული საგანმანათლებლო სისტემიდან არცერთი არ უზრუნველყოფს პროფესიონალი კადრების მომზადებას. ჩვენ მომავალში აზიური სამზარეულოს სკოლას გავხსნით.
ქვეყანაში გამოცდილი მომწოდებლების პრობლემაცაა და ესეც უნდა გამოსწორდეს. ამ კუთხით ბაზარზე მონოპოლიაა და მათ მაღალი საფასო პოლიტიკა აქვთ. საჭიროა, მეტი გამოცდილი კომპანია შემოვიდეს ბაზარზე.
-კონკურენცია დიდია, რითი უწევს „უკვე“ ბაზარზე არსებულ სხვა აზიურ სამზარეულოს კონკურენციას?
- ჩვენ სხვა აზიურ რესტორნებს ბრენდითა და კონცეფციით ვუწევთ კონკურენციას, ასევე საფასო პოლიტიკით. ჩვენი მომსახურება სიმარტივესთან არის კავშირში.
-თქვენი ბიზნესი მზარდია და სამომავლოდაც ბევრი მნიშვნელოვანი გეგმა გაქვთ. თუმცა, ვიდრე ბიზნესი ამ ეტაპამდე მოვიდოდა, ალბათ, ბევრი სირთულე იყო. როგორ გგონიათ სახელმწიფომ ბიზნესის განვითარებაში ხელი როგორ უნდა შეგიწყოთ და განვითარების პროცესები როგორ უნდა გაგიმარტივოთ?
- კარგი იქნებოდა, თუ სახელმწიფოს მხრიდან საგადასახადო პოლიტიკაზე შეღავათები დაწესდება. ქვეყანას ამ კუთხით არანაირი მოქნილი გეგმა არ აქვს. არ შეიძლება სტარტაპს, მცირე, საშუალო და დიდ ბიზნესს ერთნაირი გადასახადი ჰქონდეს. სტარტაპი სამი წლის განმავლობაში დღგ-სგან თავისუფალი უნდა იყოს.

-როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
-2018 წლის თავზე თბილისში მინიმუმ 5-6 ობიექტით ვიქნებით წარმოდგენილები. ასევე მალე ჩვენი მობილური აპლიკაციის ჩამოტვირთვა იქნება შესაძლებელი. 2019 წლისთვის მეზობელ ქვეყნებში ექსპორტზე გასვლას ვგეგმავთ. ამ ეტაპზე ეს პროცესი ჭიანურდება, რადგან ფინანსური რესურსები არ გვაქვს.

ავტორი: ლიკა გურაბანიძე
commersant.ge